Washtrading-ის აყვავება კრიპტობირჟებზე, მათ შორის Binance-ზე

ფოტო - Washtrading-ის აყვავება კრიპტობირჟებზე, მათ შორის Binance-ზე
ახალ ანგარიშში აცხადებენ, რომ 2019 წელს კრიპტობირჟებზე washtrading ფართოდ იყო გავრცელებული, ყველაზე უარესები გამოვლენილია.
ახალი ანგარიში კრიპტობირჟების ბოროტად გამოყენებას ნათელს ჰფენს.

ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) მიერ გამოქვეყნებული კვლევა ვარაუდობს, რომ არარეგულირებად ბირჟებზე ოთხიდან სამი ტრანზაქცია ფიქციური იყო. ამ პრაქტიკას უოშტრეიდინგი ეწოდება. ეს ბაზრით მანიპულირების ფორმაა, რომლის დროსაც ინვესტორი ერთსა და იმავე ფინანსურ ინსტრუმენტებს ერთდროულად ყიდის და ყიდულობს, რათა ბაზარზე შეცდომაში შემყვანი, ხელოვნური აქტივობა შექმნას.

კვლევის ავტორებმა ტრანზაქციების ლეგიტიმურობის გასაანალიზებლად სტატისტიკური და ქცევითი მოდელები გამოიყენეს. მათ 2019 წლის 9 ივლისიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში 29 არარეგულირებადი ბირჟა დეტალურად შეისწავლეს. კერძოდ, მათ TokenInsight-ის მონაცემები გააანალიზეს, რომელიც დამოუკიდებელი მესამე მხარის სახით რეიტინგებსა და დარგობრივ ანგარიშებს ადგენს. ძირითადი ყურადღება ოთხ კრიპტოვალუტაზე გამახვილდა: BTC, Ethereum, Ripple და Litecoin.

„თითოეული ტრანზაქცია ბირჟის ოფიციალური API-ის (Application Programming Interface) მეშვეობით არის ამოღებული და შეიცავს ინფორმაციას ბირჟის შესახებ, ტრანზაქციის უნიკალურ  იდენტიფიკატორს, დროის მონაკვეთს, ფასს, სავაჭრო  კრიპტოვალუტის ოდენობასა და სავაჭრო წყვილის სიმბოლოს“, -  განმარტავენ ავტორები.

დაკვირვების ქვეშ მყოფი ბირჟები მოიცავდა როგორც რეგულირებად  Bitstamp-ს, Coinbase-ს, Gemini-ს; ასევე არარეგულირებად  Tier-1-ს: Binance, Bittrex, Bitfinex, HitBTC, Huobi, KuCoin, Liquid, Okex, Poloniex; ისევე როგორც არარეგულირებად Tier-2-ს: Bgogo, Biki, Bitz, Coinbene, DragonEX, Lbank, MEXC, Fcoin, Exmo, Coinmex, Bibox, Bitmart, Bitmax, Coinegg, Digifinex, Gateio.

ვრცელი ანალიზის შემდეგ, ავტორებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ბირჟაზე უოშტრეიდინგის მოცულობა, მოკლევადიანი სტიმულის გამო, მთლიანი სავაჭრო მოცულობის 80%-ს შეადგენს, ვინაიდან ისინი მონაცემთა და სტატისტიკის ვებგვერდებზე, მაგალითად CoinMarketCap-ზე ბირჟების რეიტინგზე ახდენს გავლენას.

”ჩვენ მუდმივად ვპოულობთ ვაჭრობის ანომალიურ მოდელებს მხოლოდ არარეგულირებად ბირჟებზე, ამასთან პირველი დონის ბირჟები ტესტების 20%-ზე მეტსაც ვერ გადის, მეორე დონის ბირჟები კი - 60 პროცენტზე მეტს. ჰიპოთეზების ერთობლივ შემოწმებაში დასკვნები საიმედო რჩება. ამ დასკვნებს სპოტ ბაზრებზე $4,5 ტრილიონზე მეტი ოდენობის ფიქციურ გარიგებებამდე მივყავართ, დერივატივების ბაზარზე მხოლოდ 2020 წლის პირველ კვარტალში კი $1,5 ტრილიონზე მეტამდე", - აღნიშნულია ანგარიშში.

დასასრულს, ავტორები წერენ, რომ, საშუალოდ, ფიქციურ ვაჭრობას 1-ლი დონის არარეგულირებად ბირჟებზე ვაჭრობის 53.4% უკავია და 81,8% მე-2 დონის ბირჟებზე.

ავტორები არ აკონკრეტებენ, გააანალიზეს თუ არა ბირჟებზე უოშტრეიდინგი 2019 წლის შემდეგ.

მანამდე Gagarin News-მა განმარტა, თუ რატომ ეცემა კრიპტოვალუტა კარგი ამბების მიუხედავად.