ვაანალიზებთ Orbeon Protocol-ს

ფოტო - ვაანალიზებთ Orbeon Protocol-ს
განვიხილავთ სარეკლამო სტატიების ტალღას Orbeon-ის ახალი პროექტის შესახებ, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით მცირე ინვესტორები თაღლითობისგან უნდა დაიცვას და ციფრული კრაუდფანდინგის პრინციპები შეცვალოს.
თავისთავად, დიდი რაოდენობით სასპონსორო, ან საპარტნიორო  სტატიების გამოჩენა საეჭვო არ არის. ახალი პროდუქტების 99% ბაზარზე საქმიანობას სარეკლამო კამპანიებით იწყებს და არც ციფრული სტარტაპებია გამონაკლისი.

შევეცადოთ, გავაანალიზოთ მონაცემები ღია წყაროებიდან, რათა პროექტის პოტენციურ რისკებზე დასკვნა გამოვიტანოთ.

ვინ დგას Orbeon-ის პროექტის უკან

ოფიციალურ ვებგვერდზე დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია მწირია. ეს არ არის მაინცდამაინც კარგი ნიშანი. პროექტები, რომლებიც შემოდიან ბაზარზე დამფუძნებლების საჯარო პროფილებითა და ნამსახურეობის ნუსხით, გაცილებით მეტ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე ანონიმურები.

მაგრამ Google-მა ყველაფერი იცის.

ჩვენ მოვახერხეთ გაგვერკვია, რომ Orbeon Protocol-ის გენერალური დირექტორი არის კრიპტოინვესტორი ლიუბომირ კოვალი (Lyubomyr Koval). ის არის უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც 10 თვის განმავლობაში წერდა კოდს Сrypto.com პლატფორმისთვის.

ბოლო 8 წლის განმავლობაში მან განახორციელა ინვესტიცია პროექტებში:

  • Bitcoin Inc.
  • Ethereum
  • Cardano
  • Solana Labs

იქნებ ლუბომირმა უბრალოდ ჩამოთვალა იმ აქტივები, რომლებითაც ის ბირჟაზე  ვაჭრობს? ამდენი არ ვიცით.

თანადამფუძნებელი არის ანდრეი კორჩუნი (Andrii Korchun), რომელიც თავს ბლოკჩეინის ექსპერტად წარმოაჩენს. მანაც სიკორსკის სახელობის კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდეგ დაახლოებით ერთ წლამდე Chainlink Labs-ში მუშაობდა. 

გუნდის მესამე წევრი მარკეტოლოგი ანა დუბინაა (Anna Dubyna). კარაზინის სახელობის ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. კრიპტობაზარზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია.

პროექტის ეს დამფუძნებლები ახლა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ.
სიაში, ასევე, ირიცხებიან:

  1. მარკეტოლოგი ჯენი ბატლერი (Jenny Butler) პენსილვანიიდან. მის პროფილში ვკითხულობთ, რომ ის ჰაერის გაწმენდის კომპანიაში მუშაობს.
  2. დეველოპერი მარკ ჩენი (Mark Chen). სხვა მონაცემი არ არის მითითებული
  3. დეველოპერი ასიმ რაჰმანი (Asim Rahman) ცარიელი პროფილებით სოციალურ ქსელებში.

 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Orbeon Protocol-ის შემქმნელებს ჯამში აქვთ 2 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილება კრიპტოპროექტებში.
პროექტის სოციალური ქსელები აქტიურობით არ გამოირჩევა:

  • YouTube-ს აქვს ერთი მოკლე გაცნობითი ხასიათის ვიდეო და 106 გამომწერი;
  • Twitter-მა 15000 გამომწერი დააგროვა, მაგრამ ტვიტებს 10-30 მოწონებაზე მეტი არ აქვს, კომენტარი კი კიდევ უფრო ნაკლებია;
  • Telegram-ის აქტივობა მინიმალურია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სრულფასოვანი საზოგადოება, რომელიც დგას ყველა წარმატებული კრიპტოპროექტის უკან, ჯერ არ ჩამოყალიბებულა. 

 როგორც ჩანს, მარკეტოლოგები დიდად არ იწუხებენ თავს იმისთვის, რომ მომხმარებლებს Orbeon-ის სჯეროდეთ.

Orbeon Protocol-ის ტოკენომიკა

ORBN ტოკენი არის პროექტის ნატიური ტოკენი. ის იქნება გამოყენებული მოსაკრებლების გადახდებისთვის, ადრეული მომხმარებლების დაჯილდოებისა და პლატფორმის მოწინავე ფუნქციებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ეს არის სტანდარტი, რომელსაც ყველა კრიპტოპროექტი უზრუნველყოფს. Orbeon-ის შემთხვევაში,  დამაბნეველი ისაა, რომ შემქმნელები არ ხსნიან რა იმალება სიტყვების მიღმა „პლატფორმის გაფართოებული ფუნქციები“. დეტალური განმარტების გარეშე კი, ეს მხოლოდ ზოგადი ფრაზებია.

Orbeon-ის პროტოკოლი ამჟამად აგებულია Ethereum-ზე და იგეგმება დაკავშირება რამდენიმე ჯაჭვთან, რომელთა შორისაა Polygon, Solana და Binance Smart Chain. ანუ, ORBN ტოკენი ERC-20 ფორმატის არის.

მას მიწოდება შეზღუდულია 888 000 000 ტოკენით. რესურს Etherscan-ის მონაცემებით, ამ ოდენობის სმარტ კონტრაქტი 2022 წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდა. 10% დეველოპერებისთვის არის დარეზერვებული.

წინასწარი გაყიდვა დაიწყო 2022 წლის 31 ოქტომბერს და გაგრძელდება 2023 წლის 31 მარტამდე. ამ დროისთვის, შეგიძლიათ შეიძინოთ აქტივი $0,004-ად. ამისთვის მიმოქცევაში 470 640 000 ORBN გავიდა. აქედან, სტატიის მომზადების მომენტისთვის, 13 766 706 გაიყიდა.

წინასწარი გაყიდვის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, ტოკენი UniSwap-ზე დარეგისტრირდება.

პროექტის ოფიციალური სტარტი 2023 წლის 4 აპრილს გამოცხადდება. დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ ამოქმედების მინიმალური ფასი $0,0921 იქნება. ანუ, ვარაუდობენ, რომ ტოკენის ფასი 23-ჯერ გაიზრდება. რა გათვლები დაედო საფუძვლად ამ ფასს, გაუგებარია.

Orbeon-ში მინიმალური ინვესტიცია $50-ით და მაქსიმალური $250,000-ით არის განსაზღვრული.

სტატიის მომზადების მომენტისთვის, დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, პროექტის საგზაო რუკა არადამაჯერებლად გამოიყურება. ნათელია, რომ დეველოპერები პირველ ეტაპსაც კი ვერ გაუმკლავდნენ. ან ცვლილებები არ აისახება ოფიციალურ ვებგვერდზე.
წყარო: orbeonprotocol

წყარო: orbeonprotocol

Orbeon Protocol-ის პროექტის მიზანი

პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ Orbeon არის დეცენტრალიზებული მრავალმიზნობრივი პლატფორმა, რომელიც შეასრულებს ხიდის ფუნქციას ადრეულ კრიპტოინვესტორებსა და ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ ბლოკჩეინ პროექტებს შორის. 

როგორ იგეგმება ამის გაკეთება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გავარკვიეთ. ოფიციალური ვებგვერდი ცალსახა პასუხს არ იძლევა.

მაგრამ პროექტის სარეკლამო სტატიებიდან შეიძლება გავიგოთ, რომ „ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოყენებული იქნება NFT-ებში კაპიტალის ტოკენიზაციისთვის. ამ NFT-ებს დაანაწევრებენ და მთელს მსოფლიოში დაინტერესებულ ინვესტორებს მიჰყიდიან". 

რეალურ კომპანიებსა და კრიპტოსტარტაპებს Orbeon Protocol-ის საინვესტიციო პლატფორმაზე დაფინანსების რაუნდების ამოქმედება ჯილდოების ან აქციების საფუძველზე NFT-ების გამოშვებით შეეძლებათ. ამასთან, ამოქმედდება ალგორითმი „შეავსე, ან გააუქმე“. ეს ნიშნავს, რომ თუ სტარტაპი ვერ შეაგროვებს გაცხადებული ინვესტიციის ოდენობას, ყველა თანხა მეანაბრეების ბალანსზე ავტომატურად დაბრუნდება.

გარდა ამისა, ინვესტორები და სტარტაპები მიიღებენ უამრავ სარგებელს:

  1. Orbeon Protocol-ის გამოყენება ნებისმიერ სიდიდის სტარტაპს შეეძლება. მინიმალური გირაო $1-ს შეადგენს.
  2. NFT-ების დანაწევრება და მცირე აქციების გამოსყიდვა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მცირე საწყისი კაპიტალით მიიღონ მონაწილეობა რამდენიმე პროექტის კრაუდფანდინგში.
  3. სტარტაპებს აღარ დასჭირდებათ ხანგრძლივი ლოდინი და დამატებითი გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია სახსრების მოზიდვის ტრადიციულ მეთოდებთან.
  4. პროცესს აიოლებენ პროტოკოლის სმარტ კონტრაქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხო და გამჭვირვალე ტრანზაქციებს.

როგორ მოხდება NFT-ების "დანაწევრება"?

როგორ დაფიქსირდება ეს პროცესი ბლოკჩეინში?

როგორ შენარჩუნდება საკუთრების უფლებები არაჩანაცვლებადი ტოკენის წილზე?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პროტოკოლის შემქმნელებს შეეძლოთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი არ ცდილობენ პროექტი ინვესტორებისთვის გამჭვირვალე და გასაგები გახადონ. პროექტის White paper შეიცავს მხოლოდ ზოგად ფრაზებს, როგორიცაა „ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გამოვიწვიოთ და გავანადგუროთ ვენჩურული კაპიტალის ტრადიციული მოდელი“.

გარდა ამისა, შემქმნელები გვპირდებიან უამრავ სარგებელს:

  • კრიპტოსაფულეს Orbeon
  • ბირჟას NFT ვაჭრობისთვის
  • პლატფორმის ტოკენების სტეიკინგს
  • პასიურ შემოსავალს ORBN სავაჭრო საქმიანობიდან სიცოცხლის ბოლომდე
  • სასტარტო პანელს Orbiverse-ის მეტავერსის შესაქმნელად
  • 24/7 მხარდაჭერას

და მოწვევას, გახდეთ კრიპტომარტორქა Orbeon Protocol-ის მეშვეობით.

დასკვნა

ჩვენ მოგვწონს ამბიციური ადამიანები და თამამი წამოწყებები. მაგრამ გვაეჭვებს პროექტები, რომლებიც ჯერჯერობით არაფერს გვთავაზობენ, ნათელი მომავლის რწმენის, ბუნდოვანი საგზაო რუკისა და ტოკენების გარდა, რომლებიც ახლავე უნდა იყიდოთ, მათგან შემოსავალი კი, შესაძლოა, ვერასოდეს მიიღოთ.

უფრო მეტიც, თუ თქვენ ახლა იყიდით ამ ტოკენებს, მათ მაშინვე ვერ მიიღებთ.  White paper-ში აღნიშნულია: „წინასწარი გაყიდვის ტოკენის მფლობელები თავიანთი ტოკენების 10%-ს ყოველ კვირას 10 კვირის განმავლობაში მიიღებენ". 

მზად ხართ ამ რისკისთვის?