ალგორითმი Roll-DPoS: დემოკრატია ბლოკჩეინზე

ფოტო - ალგორითმი Roll-DPoS: დემოკრატია ბლოკჩეინზე
არსებობს მრავალი კრიპტოპროექტი, რომელიც აუმჯობესებს კონსენსუსის სტანდარტულ პროტოკოლებს, რათა ისინი შეესაბამებოდნენ დეველოპერების მიერ დადგენილ პირობებს. ასეთ "მოდიფიცირებულ" ალგორითმებს განეკუთვნება Roll-DPoS.
ჩვენ უკვე განვიხილეთ ეგზოტიკური ალგორითმები, მაგრამ Roll-DPoS მათ სიაში არ შესულა. დიდი ალბათობით, კონსენსუსის მიღწევის ხმის მიცემის მოდელების სია მომავალშიც გაფართოვდება.

რა არის Roll-DPoS

განაწილებულ ქსელში შესრულებული ყველა ტრანზაქცია უნდა დადასტურდეს გარკვეული კონსენსუსის მექანიზმის მეშვეობით. ამჟამად ბლოკჩეინ პროექტებში ფართოდ გამოიყენება ოთხი ძირითადი ალგორითმი:

  • PoW (სამუშაოს მტკიცებულება)
  • PoS (საკუთრების წილის მტკიცებულება)
  • BFT (ბიზანტიური დაზიანებამედეგობა)
  • DPoS (საკუთრების წილის დელეგირებული მტკიცებულება)

საკუთრების წილის დელეგირებული მტკიცებულება (DPoS) არის კონსენსუსის დეცენტრალიზებული და მოქნილი სისტემა, რომელსაც Cardano, Tron, Tezos, EOS, Steemit მონეტების ბლოკჩეინები იყენებენ. მაგრამ, ნივთების ინტერნეტის (IoT) დეცენტრალიზებულ აპლიკაციების შემთხვევაში DPoS ფართომასშტაბიანი განლაგებისა და მონაცემთა უზარმაზარი ბაზების დამუშავების საჭიროების გამო ვერ იქნება გამოყენებული. IoT-ზე დაფუძნებული ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით შეიქმნა Roll-DPoS მოდელი. 

ეს არის საკუთრების წილის დელეგირებული დადასტურების რანდომიზებული ალგორითმი

ის DPoS-ის ორიგინალური სტრუქტურის უპირატესობებს იღებს მემკვიდრეობით და დამატებით აფართოებს მის შესაძლებლობებს დეცენტრალიზაციისა და მასშტაბირების თვალსაზრისით.

ამ მექანიზმის შეთავაზებით 2017 წელს გამოვიდა სინსინ ფანი, დეველოპერი ვატერლოოს უნივერსიტეტიდან. ერთი წლის შემდეგ ის გამოიყენეს ბლოკჩეინში IoTeX.

Roll-DPoS-ი ვალიდატორების უფლებების დელეგირების კონცეფციას საკონტროლო კვანძების "მცოცავი" ნაკრების გამოყენებით ავითარებს. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ტრანზაქციების დადასტურებასა და ახალი ბლოკების შექმნაზე პასუხისმგებელი ვალიდატორები დადგენილი კანონზომიერებით იცვლებიან. ეს პერიოდი შეიძლება მერყეობდეს 24-დან 72 საათამდე.

როგორ ინიშნებიან ვალიდატორები Roll-DPoS ბლოკჩეინზე

დელეგატის შერჩევის პროცესი Roll-DPoS-ში ტრადიციული DPoS-ისგან განსხვავებულია. აქტივების რაოდენობაზე დამოკიდებული კენჭისყრის სისტემის ნაცვლად, Roll-DPoS იყენებს ხმის მიცემის შეწონილ სისტემას. ეს ნიშნავს, რომ ხმის მიცემის უფლება ყველა მომხმარებელს აქვს და ის ბალანსზე არსებული მონეტების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. მხედველობაში მიიღება კენჭისყრაში მონაწილე მისამართების საერთო რაოდენობა და არა ხმის მიმცემი კოინების რაოდენობა.

ეს მიდგომა ცენტრალიზაციის თავიდან აცილებას უწყობს ხელს და ვალიდატორების არჩევის პროცესში ქსელის ყველა მონაწილეს ათანაბრებს.

არსებითად, ეს ჰგავს რეალურ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს: ერთი პასპორტი (საფულე) - ერთი ხმა. ამავდროულად, ბლოკჩეინზე შეუძლებელია შედეგების გაყალბება და მანიპულირება. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ დელეგატებს ირჩევენ იმ მომხმარებლებიდან, რომლებმაც ტოკენები პროექტის ლიკვიდობის პულში დაბლოკეს.

როგორც კი კვანძები განსაზღვრულია, ტრანზაქციების დასადასტურებლად და ახალი ბლოკების შესაქმნელად ისინი ერთად იწყებენ მუშაობას. მათი პატიოსანი და ეთიკური მუშაობა ანაზღაურდება შესაბამისი ბლოკჩეინის ციფრული აქტივებით. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ვალიდატორი თაღლითობს, მისი სტატუსი დაქვეითდება. თავისუფალ ადგილს სხვა მომხმარებელი დაიკავებს.

გარდა ამისა, ალგორითმს Roll-DPoS აქვს უნიკალური ფუნქცია, რომელსაც "ავარიული რეჟიმი" ეწოდება. თუ ბლოკჩეინში გამოვლინდება სერიოზული ხარვეზი, ან ჰაკერული თავდასხმის ნიშნები, ვალიდატორებს დაცვის ფუნქციის გააქტიურება შეუძლიათ, რათა ბლოკების შექმნა დროებით შეუძლებელი გახდეს. ამ მომენტში, ქსელის ნებისმიერი აქტივობა ითიშება და დეველოპერები იწყებენ წარმოქმნილ პრობლემაზე მუშაობას. ამასთან, ბლოკჩეინის მდგომარეობა ფიქსირდება და "რემონტის"  შემდეგ ის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ეს ხელს უწყობს სერიოზული გატეხების თავიდან აცილებასა და ქსელის მთლიანობის შენარჩუნებას.

ანუ, Roll-DPoS ქმნის გარემოს, რომელშიც შესაძლებელია ბლოკჩეინის ტრილემის გადაწყვეტა. კონსენსუსის ეს ჰიბრიდული მოდელი აბალანსებს ორ მნიშვნელოვან ასპექტს - დეცენტრალიზაციასა და უსაფრთხოებას.