ამ კვირაში Shibarium-ის ბეტა ვერსიის დიდი ხნის ნანატრი რელიზი შედგება, რომელმაც Ethereum-ის ბლოკჩეინზე არსებულ სხვა პროექტებთან შედარებით, შესაძლოა, უპირატესობა Shiba Inu-ს ეკოსისტემას მიანიჭოს.
Shibarium-ის დანიშნულება Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციების დაბალი სიჩქარისა და მაღალი ღირებულების პრობლემის გადაჭრაა. ზოგიერთი ანალიტიკოსი უკვე პროგნოზირებს ტოკენების ზრდას Shiba-ს ეკოსისტემიდან. ასე, მაგალითად, Shiba Inu გუნდის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ანონსის შემდეგ, BONE ტოკენის ფასი 38%-ით გაიზარდა. სწორედ BONE გახდება მმართველობითი ტოკენი Shibaswap-ის ეკოსისტემაში: ვისაც ექნება ყველაზე მეტი მონეტა, სწორედ ის შეძლებს სისტემაში მომავალ პროექტებზე გავლენის მოხდენას.
Shibarium ტრადიციული ბლოკჩეინ-პროექტი კი არ არის, არამედ ზედნაშენია Ethereum-ზე, რათა საკუთარ თავზე გადაამისამართოს SHIB-ის ტრანზაქციის უმეტესი ნაწილი, რითაც შეამცირებს გაზის ფასს და დააჩქარებს ტრანზაქციებს. თუ ეს მოხერხდება, პროექტი შეინარჩუნებს Ethereum-ის უსაფრთხოებას და მოიპოვებს ახალ უპირატესობას კონკურენტებთან შედარებით.
გარდა ამისა, ახალი სისტემა ორიენტირებულია NFT-ებზე და ბლოკჩეინ თამაშებზე. გასული წლის ოქტომბერში დეველოპერებმა გამოუშვეს თამაში Shiba Eternity, რომელიც თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო Android-ზე, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან iOS-ზეც. ის Shibarium-ისთვის სატესტო პლატფორმა გახდება.
სისტემის ვალიდატორებისთვის გათვალისწინებულია 100 სლოტი, რომელთაგან თითოეულმა 10 ათასი BONE უნდა შეიტანოს და ჯილდო ამ ვალუტაში მიიღოს. BONE-ის მიწოდება 230 მილიონი მონეტით შემოიფარგლება.
Shibarium-ის ქსელს ასევე ექნება Shiba Inu-ს ტოკენების „დაწვის“ გაფართოებული მექანიზმი, ანუ ტოკენების მიწოდების მუდმივი შემცირება. ეს მფლობელებისთვის მონეტებს უფრო ფასეულს ხდის, ასევე წყვეტს SHIB ტოკენების ჭარბი ემისიის - ერთი კვადრილიონის პრობლემას.
სხვა ტოკენები სისტემაში
SHIB არის ორიგინალური Shiba მიმ-მონეტა. საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ფასით ცენტის მეასიათასედი, ის მე-15 ადგილს იკავებს.
LEASH ჯერჯერობით ეკოსისტემაში ყველაზე ძვირადღირებული მონეტაა, რომელიც შეზღუდული ტირაჟითაა გამოშვებული. მისი ფასი 540 დოლარზე ოდნავ მეტია. მას ასევე Doge Killer-საც უწოდებენ. LEASH-ის მფლობელებს, ჯილდოს მისაღებად, მონეტების განთავსება ლიკვიდობის პულებში შეუძლიათ.
TREAT არის Shiba Inu-ს ეკოსისტემაში არსებული ტოკენი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში შეიქმნა. ჯერჯერობით მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მოსალოდნელია, რომ მომავალში ის ითამაშებს გადახდის ინსტრუმენტის როლს Shiba-ს მეტავერსში და Shiba Inu-ს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ თამაშში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
ამ პროექტის რეალიზაცია იქნება Shiba Inu-ს განზრახვების სერიოზულობის დადასტურება, რომელსაც სურს, რომ მისი პროექტი იყოს იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ მიმ-მონეტა და Dogecoin-ის კონკურენტი. ამას დავუმატოთ გულშემატკივრების უზარმაზარი არმია, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მონეტას, რომელმაც 2021 წლის ოქტომბრის მაქსიმუმთან შედარებით ღირებულების 88% დაკარგა.