Siemens Polygon-ის ბლოკჩეინს გამოიყენებს

icon MATIC
ფოტო - Siemens Polygon-ის ბლოკჩეინს გამოიყენებს
გერმანულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Siemens კომპანია Polygon-თან ხელშეკრულება გააფორმა. ელექტროტექნიკური კონგლომერატი ახლა თავის ბონდებს ბლოკჩეინზე გამოუშვებს.

რისთვისაა საჭირო ციფრული ბონდები

ციფრული ბონდი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის საკუთრების უფლება უზრუნველყოფილია განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) გამოყენებით.

DLT ბონდები ინახება და ივაჭრება ბლოკჩეინზე, ანუ ტრადიციული საბაზრო ინფრასტრუქტურის ფარგლებს გარეთ. ამ ტიპის ინსტრუმენტს ასევე უწოდებენ "საკუთარ ციფრულ აქტივს", "უსაფრთხოების ტოკენს", ან "ტოკენიზებულ ბონდს".

ქაღალდის სამყაროში ბონდს ამზადებენ, ხელს აწერენ და  გარანტორის, ან ბროკერის ბეჭედს ასვამენ. შემდეგ მეორე ხელმოწერისთვის შუამავალ აგენტს (პრინციპალს) უგზავნიან. მხოლოდ ამის შემდეგ დოკუმენტი ფიზიკურად მიეწოდება ფინანსური აქტივის მყიდველს. მთელი პროცესი 3-დან 10 სამუშაო დღემდე გრძელდება.

ბლოკჩეინზე ბონდების გამოშვების პროცესი მოიცავს ყველაფერს, რაც კეთდება ფიზიკურ სამყაროში, ოღონდ ონლაინ სისტემის მეშვეობით პირდაპირ ემიტენტის სამუშაო მაგიდაზე. ამასთან, არც ქაღალდი, არც ფიზიკური ბეჭდები, არც კურიერები გამოიყენება. რაც მთავარია, ბლოკჩეინი საბოლოო მომხმარებლებისთვის უსაფრთხოებისა და მთლიანობის გარანტიებს უზრუნველყოფს.

DLT აქტივი უფრო საიმედო და ადვილად შესამოწმებელია, ვიდრე მისი ქაღალდის ეკვივალენტი. ეს ეხება როგორც საკუთრების უფლებებს, ასევე ბანალურ ორთოგრაფიულ შეცდომებს. არასწორად შევსებული დოკუმენტები უბრალოდ ვერ დარეგისტრირდება. ხოლო დაშვებული შეცდომები დაბლოკავს სმარტ კონტრაქტს და ის ვერ შესრულდება.

ამიტომ, ბონდების მსხვილი პროვაიდერისთვის, როგორიცაა Siemens, თავისი ფასიანი ქაღალდების ბლოკჩეინზე გამოშვების უპირატესობები აშკარაა. ბონდების, აქციებისა და თამასუქის  ანალოგები ხომ მნიშვნელოვნად ამცირებს ბიუროკრატიასა და მათ გამოშვებაზე დახარჯულ დროს.

რატომ აირჩია Siemens-მა Polygon-ს ბლოკჩეინი

2022 წლის მონაცემებით, Siemens კაპიტალიზაციით გერმანიაში მესამე ქვეყანაა და მსოფლიოში აქტივების ღირებულების მიხედვით 159-ე ადგილს იკავებს. გიგანტი დიდი ხანია ატარებს ექსპერიმენტებს ბლოკჩეინის შესაძლებლობებით და საკუთარი ქვედანაყოფიც კი შექმნა, რომელიც კლიენტებს ბიზნესის გაციფრულების ბიზნესქეისების შემუშავებაში ეხმარება.

2021 წლის დეკემბერში, Siemens მუშაობდა JPMorgan Chase-თან ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადახდის სისტემის შემუშავებაზე. მაშინ Siemens-ის სპიკერებმა განაცხადეს, რომ ბლოკჩეინი საჭიროა Siemens-ის კორპორაციულ ანგარიშებს შორის მეტი გადახდების დასამუშავებლად. თავიდან სისტემა გამოიყენებოდა მხოლოდ აშშ დოლარისთვის, ახლა კი უკვე მხარს უჭერს გადარიცხვებს ევროშიც. იგეგმება სხვა ვალუტების დაკავშირებაც.

Polygon დიდი ხანია ცდილობს, იყოს ბლოკჩეინ სერვისის პროვაიდერი დიდი ბრენდებისთვის. საწარმოების უმეტესობა იყენებს Polygon-ის პლატფორმას საკუთარი მარკეტპლეისების შესაქმნელად ტოკენებით, ან NFT-თან დაკავშირებული აპლიკაციებით ვაჭრობისთვის. მაგრამ დეველოპერებს არ სურთ, რომ ქსელის ფუნქციონალური შესაძლებლობები მხოლოდ არაჩანაცვლებად ტოკენებთან მუშაობით შემოიფარგლებოდეს და ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს იზიდავენ DeFi აპლიკაციების შექმნისა და სმარტ კონტრაქტების მეშვეობით აქტივების ტოკენიზაციის შესაძლებლობებით.
 
მათთან პარტნიორობის ხელშეკრულება უკვე ათეულმა გლობალურმა კომპანიამ გააფორმა:

  • Coca-Cola
  • Starbucks
  • Reddit
  • Adobe
  • Adidas
  • Disney 
  • Meta

ახლა მათ სიას Siemens შეუერთდა.

Polygon-ის ბლოკჩეინზე გამოშვებული, €60 მილიონის ღირებულების ბონდს დაფარვის ერთწლიანი ვადა აქვს და კომპანია საპროცენტო განაკვეთს არ ამხელს. Siemens-ის მაღალჩინოსნები  აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინის ღირებულება არის ის, რომ ბონდების გაყიდვა შესაძლებელია პირდაპირ ინვესტორებზე. ანუ არ არის საჭირო შუამავალი ბანკის მომსახურება.

ტოკენიზებული ბონდი გამოიცა გერმანიის ციფრული ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც 2021 წელს ამოქმედდა. ამიტომ მარეგულირებლის მხრიდან არანაირი პრეტენზია არ უნდა არსებობდეს.