შექცევადი ტოკენები სტენფორდის უნივერსიტეტისგან
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, კერძოდ კი კაილი ვანი, ცინჩენ ვანი და დენ ბონე, გამოვიდნენ შექცევადი ტოკენების Ethereum — ERC20R –ის და ERC721R–ის სტანდარტების შექმნის იდეით.
ისინი სთავაზობენ ERC20 და ERC721 –ის არსებული ნორმების შესაძლებლობების გაფართოებას, თაღლითური ტრანზაქციების გაუქმების ფუნქციის დამატებით. როგორც მკვლევარები იუწყებიან, ახალი გამოგონების წყალობით შესაძლებელი იქნება ჰაკერების მიერ მოპარული ტოკენების დაბრუნება.
შეგახსენებთ, ტოკენის სტანდარტი არის წესთა კრებული სმარტ-კონტრაქტებისთვის, რომელთა დაცვაც აუცილებელია აქტივის შექმნისას, რათა ის თავსებადი იყოს ამ ფორმატის სხვა ტოკენებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან.
ERC20R და ERC721R შემდგარი იქნება ტოკენის კონტრაქტისა და მართვის კონტრაქტისგან. შემქმნელების ჩანაფიქრით, მართვის სმარტ-კონტრაქტი უნდა კონტროლდებოდეს „დეცენტრალიზებული მოსამართლეებით“, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას დაბლოკონ თუ არა საეჭვო ტრანზაქცია. ამისთვის დაზარალებულმა, რომლის ტოკენები მოპარულია, უნდა გაუგზავნოს მოთხოვნა მართვის სმარტ-კონტრაქტს აქტივების გაყინვაზე და თან დაურთოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან ერთად, ქურდობის მსხვერპლმა უნდა დააფინანსოს სასამართლო დავა და გამოყოს ფულადი ანაზღაურება დეცენტრალიზებული მოსამართლეებისთვის. ასევე მას შეუძლია ცალკე გადაიხადოს საქმის პრიორიტეტიზაციისთვის, რათა მისი საქმის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს. თუ სასამართლო პროცესზე ხმათა უმრავლესობა დაზარალებულის მხარეს იქნება, თანხებს გაყინავენ და დაუბრუნებენ.
«თუ აქტივების ქურდობა ხდება, ისინი იშვიათად რჩებიან ერთ ადგილას. თაღლითები ტოკენებს ერთი საფულიდან მეორეში გზავნიან. მათ ასევე შეუძლიათ მემპულს თვალი ადევნონ და გადააადგილონ აქტივები წინმსწრებ ტრანზაქციაში, თუ მიხვდებიან, რომ მათი აქტივების გაყინვას ცდილობენ. ჩვენს მიერ შემუშავებული ალგორითმი იძლევა საშუალებას ასეთი სცენარი თავიდან ავიცილოთ, რადგან ბლოკირება მოხდება ქსელში ერთ ტრანზაქციაში, რათა გამოირიცხოს გაყინვის დასწრება ბოროტმოქმედის მიერ», — წერს კაილი ვანი.
კრიპტოვალუტის საზოგადოების კრიტიკა
მიუხედავად კეთილი სურვილისა დაეხმარონ ინვესტორებს დანაკარგების შემცირებაში, კრიპტოვალუტის საზოგადოებაში იდეას ნეგატიურად შეხვდნენ. კერძოდ, სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეგრეთ წოდებული „შექცევადი ტოკენები“ არ პასუხობენ ბლოკჩეინის კონცეფციას.
«ეს ამაზრზენი წინადადებაა, რომელიც კრიპტოვალუტის საფუძვლებს ეწინააღმდეგება და რომელიც არ იმუშავებს», — აზრი გამოთქვა კირან დენიელსმა DeFi Streams –ის გუნდიდან.
Argent –ის ცნობილი მობილური კრიპტოვალუტის საფულის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება სხვა მექანიზმებითაა შესაძლებელი. მაგალითად, საფულე რამდენიმე ხელმოწერითა და სოციალური აღდგენით.
გარდა იმისა, რომ შექცევადობის ფუნქცია ეწინააღმდეგება კრიპტოგრაფიულ პრინციპებს, მან ასევე შესაძლოა გამოიწვიოს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ინტეგრაციის პრობლემები.
«არავითარი კონტრაქტები არ მიიღებენ ასეთ ტოკენებს, რადგან შემობრუნების ჯაჭვის დამუშავება რთული იქნება», — აღნიშნავს ZKLabs–ის გენდირექტორი მეთიუ დი ფერანტე.
ახალ სტანდარტებზე თავის ეჭვები გამოთქვა ასევე Tornado Cash –ის თანადამფუძნებელმა რომან სემიონოვმა. მას ეჭვი შეაქვს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან შექცევადი ტოკენების თავსებადობაში, ასევე იმაში, რომ მკვლევარების მიერ აღწერილი სქემა იმუშავებს.
კრიპტო საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ საკმაოდ დიდი დრო უნდა გავიდეს, რომ გამოჩნდეს ნამდვილად კარგად გააზრებული და გულდასმით მოფიქრებული ინსტრუმენტი, რომელიც საფულეს გატეხვისგან დაიცავს. და თუ ეს მოხდება, ეს მოწყობილობა ნამდვილად არ იქნება Ethereum–ის შექცევადი ტოკენები.