სტიუარტ ჰაბერი: ბლოკჩეინის თანაავტორი, რომელმაც დროს გაუსწრო
ბლოკჩეინის თანამედროვე სახეობასთან მიახლოებული პირველი კონცეფცია, სტიუარტ ჰაბერმა და სკოტ სტორნეტამ 1991 წელს ჩამოაყალიბეს. კომპიუტერული დარგის მეცნიერებმა საფუძველი ჩაუყარეს ტექნოლოგიის მასობრივ გამოყენებას დეველოპერთა საზოგადოებაში, კრიპტოგრაფიასა და Web3 ინდუსტრიაში.
თავიანთი ხედვა სტიუარტმა და სკოტმა აღწერეს სტატიაში "როგორ მოვნიშნოთ დრო ციფრულ დოკუმენტში“ - მნიშვნელოვან ნაშრომში, რომელმაც გავლენა მოახდინა კრიპტოვალუტური ინდუსტრიის ჩამოყალიბებაზე. 1992 წელს ამ ნამუშევრისთვის ავტორებმა კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის დარგში პრემია Discover-ი მიიღეს.
კვლევა ფოკუსირებულია უცვლელი საჯარო, მაგრამ კრიპტოგრაფიულად დაშიფრული ციფრული მონაცემების შექმნაზე. მასში განმარტებულია მექანიზმი, რომელიც იძლევა დროის ნიშნულების გენერირების საშუალებას, რითაც ნარჩუნდება ჩანაწერების დაცულობა, რამაც მომავალში უნდა გამორიცხოს ინფორმაციით მანიპულაციის ალბათობა.
ბლოკჩეინის კონცეფციის რეალიზაციისკენ ჰაბერსა და სტორნეტას უბიძგა იმის გაცნობიერებამ, რომ გლობალური დიგიტალიზაცია გარდაუვალია, იმ დროს, როდესაც ციფრული ჩანაწერები შეიძლება ადვილად და შეუმჩნევლად შეიცვალოს. ასეთი მომავალი მეცნიერებს არ აწყობდათ, ამიტომ გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ციფრული დოკუმენტების მთლიანობა და დაცულობა.
თუმცა, მათ გამოგონებას დიდი გამოხმაურება არ მოყოლია. ეს ნაწილობრივ განპირობებულია 90-იან წლებში ინტერნეტის არასაკმარისი განვითარებით: დაბალი გამტარუნარიანობა, მეხსიერების მწირი მოცულობები და ა.შ. მაშინ ადამიანების გაკვირვებას ის იწვევდა, რომ ვიღაცას ელექტრონული ფოსტის რამდენიმე მისამართი ჰქონდა.
გარდა ამისა, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს მონაცემების უცვლელობაზე ცალკეული კომპანიების დოკუმენტბრუნვისთვის. მათთვის რთული იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი რეესტრის იდეის პოპულარიზაცია იმ წლებში, როდესაც ღია ფორმატში ინფორმაციას არავინ აზიარებდა.
პოპულარობის საკუთარი წილი ავტორებმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც სატოში ნაკამოტომ მათ შემუშავებაზე დაყრდნობით, შექმნა ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა Bitcoin. ჰაბერი და სტორნეტა ბიტკოინის თეთრ წიგნში ყველაზე ციტირებადი ექსპერტები გახდნენ.
მეცნიერად ჩამოყალიბება
სტიუარტ ჰაბერი 1954 წელს აშშ-ში დაიბადა. მათემატიკით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული, ახალგაზრდობაში კი ამ გატაცებას კომპიუტერული მეცნიერება და კრიპტოგრაფია დაემატა. მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი ჰაბერმა მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომელიც 1978 წელს წარჩინებით დაამთავრა. სამაგისტრო დისერტაცია "დადასტურებულად უსაფრთხო მრავალმხრივი კრიპტოგრაფიული გამოთვლები" სტენფორდში 1982 წელს დაიცვა. 1987 წელს კი კოლუმბიის უნივერსიტეტში ინფორმატიკის დოქტორის ხარისხი მიიღო.
სტიუარტ ჰაბერის კარიერული კიბე
1987 წელს ჰაბერმა Bell Communications Research-ში (Bellcore) სამეცნიერო თანამშრომლის თანამდებობა დაიკავა. იმ წლებში კომპანია მუშაობდა ნულოვანი ცოდნის მტკიცებულების (ZK-Proof) ტექნოლოგიაზე, რომელიც აბსოლუტურად ახალი იდეა იყო. კონცეფციის შემუშავების უკან იდგნენ სილვიო მიკალი, შაფი გოლდვასერი და ჩარლზ რაკოფი.
1989 წელს Bellcore-ს სტორნეტა შეუერთდა, რომელიც ჰაბერის მეგობარი და პარტნიორი გახდა. სკოტის მოსაზრებებმა მეცნიერები უცვლელი ციფრული მონაცემების შექმნამდე მიიყვანა. ამიტომ, 1994 წელს მათ დააარსეს კომპანია Surety Technologies, განალაგეს პირველი ბლოკჩეინი, რომელიც დღემდე მუშაობს.
მანამდე ჰაბერი ასევე მუშაობდა კონსულტანტად სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში (NIST).
რით არის დაკავებული ჰაბერი ამჟამად?
2018 წლიდან ჰაბერი Kadena-ს ბლოკჩეინის მრჩეველთა საბჭოში შედის. მეცნიერი თვლის, რომ ეს კომპანია შეიძლება გახდეს ახალი პერსპექტიული ტექნოლოგიების ფუძემდებელი. ის ასევე აგრძელებს განაწილებული რეესტრის შესაძლებლობების შესწავლას ბლოკჩეინის კვლევით ინსტიტუტსა და კომპანიაში Digital Asset Holdings სამეცნიერო თანამშრომლის რანგში.