უმსხვილესი ფინანსური პირამიდები კრიპტოვალუტების ისტორიაში

ფოტო - უმსხვილესი ფინანსური პირამიდები კრიპტოვალუტების ისტორიაში
ფინანსური პირამიდა, იგივე პონცის სქემა, გავრცელებული საინვესტიციო მაქინაციაა, რომლის გამოყენებაც თაღლითებს უყვართ.
სქემის არსი მდგომარეობს რეალური აქტივობის იმიტაციაში, გულუბრყვილო მომხმარებლების სახსრების ხელში ჩასაგდებად,  მოკლე დროში ინვესტიციებისგან მიღებული მაღალი შემოსავლების დაპირებების სანაცვლოდ. ამავდროულად, ადრეულ ინვესტორებს მოგება ახალი მონაწილეების ინვესტიციების ხარჯზე ერიცხება, უკანონოდ მოპოვებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ორგანიზატორების ჯიბეში მიდის.

ფინანსური პირამიდები კრიპტოვალუტურ სფეროში საკმაოდ გავრცელებულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრ მომხმარებელს, ვისაც კრიპტოვალუტებზე ფულის გამომუშავება სურს, არ ესმის, როგორ მუშაობს კრიპტოგრაფია და ბლოკჩეინი. ამიტომ, მათი შეცდომაში შეყვანა და არევა ადვილია. განვიხილოთ პონცის კრიპტოვალუტური სქემების ყველაზე ნათელი მაგალითები.

Onecoin

პონცის სქემა, რომელმაც არსებობა 2014 წლიდან 2017 წლამდე მოახერხა. ფინანსური პირამიდის საჯარო დამფუძნებლები რუჟა იგნატოვა (Cryptoqueen) და კარლ გრინვუდი არიან. ოფიციალური მონაცემებით, საკუთარი ფსევდოკომპანიის მეშვეობით, მათ ინვესტორებს 5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს, თუმცა BBC-ის ჟურნალისტები თვლიან, რომ თანხა შეიძლება 15 მილიარდ დოლარს აღწევდეს.

Onecoin თავის თავს პოზიციონირებდა, როგორც "ბიტკოინის მკვლელს“, ახალი თაობის ბლოკჩეინს, რომელიც კრიპტოსფეროს პარადიგმას ცვლის. თუმცა, სინამდვილეში, არავითარი ბლოკჩეინი არ არსებობდა. მონეტა Onecoin-ების ყიდვისას, ადამიანები ინვესტიციას მირაჟში დებდნენ. აქტივები არ იყო მხარდაჭერილი სათანადო ტექნოლოგიით, არ გააჩნდა უტილიტარობა და კონცეფცია. თაღლითები ოსტატურად მანიპულირებდნენ Onecoin-ის ფასით და ადამიანებს მონეტების ყიდვას აიძულებდნენ.

კარლ გრინვუდი 2018 წელს დააკავეს, მაგრამ დანაშაული მან  მხოლოდ 2022 წელს აღიარა. რუჟა იგნატოვა დღემდე ძებნილთა სიაშია. არსებობს მოსაზრება, რომ მას ბულგარეთის უშიშროების სამსახური და არაბი შეიხები მფარველობენ.

Bitconnect

Bitconnect-ის სქემა 2016 წელს გამოჩნდა. მისი დამფუძნებელი სატიშ კუმბჰანია, მთავარი სარეკლამო აგენტი კი - გლენ არკარო. ეს უკანასკნელი ასევე კომპანია Future Money-ის დირექტორიც იყო, რომლის მეშვეობითაც Bitconnect-ის სერვისების პოპულარიზაცია ხდებოდა. პირამიდული სქემა თავს ასაღებდა "საკრედიტო პლატფორმად“, რომელიც ჯილდოს ლიკვიდობის სანაცვლოდ სთავაზობდა. ამისათვის მომხმარებლებს თავიანთ BTC-ებს ბლოკავდნენ, რისთვისაც ტოკენ BCC-ებსა და ყოველთვიურ 40%-იან შემოსავალს იღებდნენ.

2017 წელს კომპანიით ბრიტანეთის მთავრობა დაინტერესდა და  ოპერაციების კანონიერების დადასტურება მოითხოვა. Bitсonnect-მა მოთხოვნები არ შეასრულა. 2018 წელს თამაშში ამერიკის მთავრობა ჩაერთო, რომელმაც პროექტს პონცის სქემა უწოდა და აშშ-ის ტერიტორიაზე საქმიანობა აუკრძალა. იმავე წელს კომპანია დაიხურა და ტოკენ BCC-ის ღირებულება კი კაპიტალიზაციის მიხედვით კრიპტოვალუტების რეიტინგში მე-20 პოზიციიდან დაეცა და 90%-ით შემცირდა. 

2021 წელს SEC-მა და იუსტიციის სამინისტრომ Bitconnect-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს და ამტკიცებდნენ, რომ თაღლითებმა მომხმარებლები 2,4 მილიარდი დოლარით მოატყუეს. თუმცა, მხოლოდ არკაროს გასამართლება მოხერხდა, რომელიც თაღლითობის ბრალდებას დაეთანხმა და პირობა დადო, რომ მსხვერპლს 24 მილიონ დოლარს დაუბრუნებდა. მას ასევე სამუდამოდ აეკრძალა ICO-ების ჩატარება და მარკეტინგის სფეროში მუშაობა. კუმბჰანის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

PlusToken

ჩენ ბოს მიერ 2018 წელს შექმნილი ფინანსური პირამიდა. ამ შემთხვევაში, ყალბი კომპანია კრიპტოსაფულეს იყო ამოფარებული. მას ჰქონდა საკუთარი ტოკენი, რომელიც ბირჟებზე Huobi და Bithumb ტიკერ PLUS-ით ივაჭრებოდა. ამ აქტივის შეძენით, "ინვესტორები" ყოველთვიური 10-30%-იან შემოსავალს იღებდნენ. პირამიდას აქტიურად არეკლამებდნენ ჩინურ მესენჯერ WeChat-ში, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ნაკლებად განათლებულ მოსახლეობაში.

2019 წელს, სქემის ექვსი მონაწილე კამბოჯაში დააკავეს და ჩინეთს გადასცეს, სადაც მათთვის ბრალი თაღლითობის მუხლით უნდა წარედგინათ. იმ დროს PlusToken-ის სხვა წარმომადგენლებს პირამიდიდან სახსრები სხვადასხვა საფულესა და საბირჟო მისამართებზე აქტიურად გაჰქონდათ. 

თუმცა, 2020 წელს ჩინეთის მთავრობამ კომპანიის 27 ძირითადი თანამზრახველის და 82 თანამშრომლის დაკავება მოახერხა. მათ 2-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოხდა 4 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხები კონფისკაცია და სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხვა.