რა ღირს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები?

icon DATA
ფოტო - რა ღირს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები?
Privacy Affairs-ის ანალიტიკოსთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, რა ღირს ჰაკერების სერვისები დარკნეტში. ახლა შეგიძლია იქონიო ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ღირს ჩვენი პერსონალური მონაცემები და რომელი ფასობს ყველაზე მეტად.
ანგარიში აჩვენებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან რეპრესიების მიუხედავად, დარკნეტში არალეგალური საქონლისა და მომსახურების შემოთავაზებები 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში საკმაოდ ბევრი იყო. კიბერკრიმინალები მშვენივრად ერგებიან სიტუაციას, ქმნიან ახალ ვებგვერდებსა და ფორუმებს დახურულების ნაცვლად.

რა მონაცემები შეგიძლიათ იყიდოთ დარკნეტში და რამდენად?

კვლევამ, რომლის დროს შეგროვდა მონაცემები დარკნეტის სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმიდან, ფორუმებსა და ვებგვერდებიდან, დაადგინა, რომ ონლაინ ბანკინგის სისტემაში შესასვლელი პაროლი საშუალოდ $30 ღირს, ხოლო საკრედიტო ბარათის სრული დეტალების შეძენა სულ რაღაც $10–50-ად არის შესაძლებელი. ფასი დამოკიდებულია ბანკის იურისდიქციაზე: ამერიკული ბარათები უფრო ძვირია. კრიმინალებს დოკუმენტების სრული ნაკრებისა და ანგარიშის რეკვიზიტების შეძენა დაახლოებით $1000-ად შეუძლიათ.

მოცემული მონაცემები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს:

  • საკრედიტო ბარათის დეტალები;
  • კრიპტო ანგარიშები;
  • სოციალური ქსელების პაროლები;
  • პირადობის მოწმობები;
  • გატეხილი სერვისები და მესენჯერები.

ყველაზე მეტად კრიპტოგრაფიული ანგარიშები ფასობს. კონფიდენციალური ინფორმაციით მოვაჭრეები ცხელ საფულეზე წვდომას $70-დან $2500-მდე აფასებენ. გატეხილი ანგარიში აწ განსვენებულ LocalBitcoins-ზე სულ რაღაც $75 ღირს, Kraken-ის ვერიფიცირებულ ანგარიშზე წვდომა კი $1170 დაგიჯდებათ.

გაცილებით იაფია სოციალური ქსელები და Airbnb-ის მსგავსი სერვისები. მაგალითად, გატეხილი Facebook-ის მონაცემები $25-ად არის შეფასებული, ხოლო eBay-ის ანგარიშებში მყიდველებს $20-ზე მეტის დახარჯვა არ სურთ. 

ყველაზე იაფად Gmail-ის პაროლების შეძენაა შესაძლებელი. საბითუმო შეძენის შემთხვევაში, (1000 ცალზე მეტი) პაროლის ფასი სულ რაღაც $1 იქნება.

ამ ფასების ჩამონათვალის მიხედვით, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები არა მხოლოდ არსებულ მოთხოვნაზე, არამედ სხვადასხვა პლატფორმისა და სერვისების უსაფრთხოების სისტემაზეც. კატასტროფის მასშტაბების შეფასება თავადაც შეგიძლიათ. დეტალური ანგარიშის ნახვა აი აქ არის შესაძლებელი.

ასევე სერიოზული პრობლემაა გაყალბება, ვინაიდან ჰაკერებს შეუძლიათ, არა მხოლოდ მოიპარონ, არამედ შეკვეთით დაამზადონ ყალბი დოკუმენტები (მართვის მოწმობები, პასპორტები, ავტოდაზღვევის ბარათები), რათა ისინი მოპარულ მონაცემებს შეესაბამებოდეს.

როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები და ანგარიშები?

ვინაიდან კიბერდანაშაულისა და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული თაღლითობის რიცხვი კვლავ იზრდება, მნიშვნელოვანია, სიფხიზლე შევინარჩუნოთ და ძალისხმევა პერსონალური ინფორმაციის დაცვისკენ მივმართოთ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ კრიპტოთაღლითებისგან დაცვა საკმარისი არაა.

შეგახსენებთ ძირითად წესებს:

1. გამოიყენეთ სანდო პაროლები. გამოიყენეთ ასოების უნიკალური და რთული კომბინაციები თქვენი ყველა ანგარიშისთვის. არ გამოიყენოთ თქვენი სახელი, დაბადების თარიღი, ან შინაური ცხოველის სახელი. თქვენი საუკეთესო დამხმარე ამ საკითხში პაროლების მენეჯერია.

2. ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. ძირითად პაროლთან ერთად, ეს არის გადამოწმების დამატებითი ფორმა, მაგალითად კოდი, რომელიც თქვენს ტელეფონზე, ან ელექტრონულ ფოსტაზე გაიგზავნება.

3. განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა. განახლებები ხშირად შეიცავს უსაფრთხოების შესწორებებს, რომლებიც ცნობილი მოწყვლადობებისგან დაგიცავთ.

4. ფრთხილად იყავით საეჭვო ბმულებთან. არ დააწკაპუნოთ ყველა შემოთავაზებულ ბმულს და არ ჩამოტვირთოთ დანართები უცნობი გამგზავნისგან. ფიშინგურმა ელექტრონულმა წერილებმა შეიძლება პერსონალური ინფორმაციის გაცემა გაიძულოთ, ან თქვენს კომპიუტერში მავნე პროგრამა დააინსტალიროს. 

5. გამოიყენეთ VPN. ვირტუალური ქსელები თქვენს ინტერნეტ კავშირს შიფრავს და IP მისამართს მალავს, რაც ჰაკერებისთვის თქვენი ინტერნეტ აქტივობის მონიტორინგს ართულებს.

6. თუკი არის ამის შესაძლებლობა, შეინახეთ თქვენი ციფრული ფული აპარატულ საფულეებში, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ გააჩნია.

დიდი ალბათობით, ეს წესები დიდი ხანია იცით. მაგრამ, ჩნდება კანონზომიერი კითხვა: თუ უსაფრთხოების მეთოდების შესახებ ყველამ იცის და მათ იცავს, მაშინ რატომ არის ამდენი პერსონალური მონაცემი დარკნეტში?