ორი ერთში: Gemini Dollar-ის მიმოხილვა (GUSD)

icon GUSD
ფოტო - ორი ერთში: Gemini Dollar-ის მიმოხილვა (GUSD)
Gemini Dollar-ის შემქმნელები დარწმუნებულები არიან, რომ სტეიბლკოინმა აშშ დოლარის კრედიტუნარიანობისა და სტაბილურობის გაერთიანება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სიჩქარესა და ეფექტურობასთან მოახერხა.

GeminiDollar-ის (GUSD) პროექტის შემქმნელები და არსი

2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) Gemini Dollar-ის (GUSD) გამოშვებას მხარი დაუჭირა. ეს არის აშშ დოლარით უზრუნველყოფილი ერთ-ერთი პირველი სტეიბლკოინი, რომელმაც მარეგულირებლის მოწონება  მიიღო.

GUSD არის კრიპტობირჟა Gemini-ის ნატიური ტოკენი. ბირჟა 2014 წელს დაარსდა. მისი მფლობელები არიან ტყუპი ძმები ტაილერ უინკლვოსი (Tyler Winklevoss) და კამერონ უინკლვოსი (Cameron Winklevoss) - ამერიკელი ინვესტორები და პროფესიონალი ნიჩბოსნები. ორივე ძმა ეკონომიკის ბაკალავრი და ჰარვარდის კურსდამთავრებულია. ფლობენ MBA-ს, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში მიიღეს.

უინკლვოსმებმა განმარტეს, რომ Gemini Dollar-ს ქმნიან ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც Ethereum-ის ქსელის მეშვეობით აშშ დოლარების გაგზავნა, ან მიღება სურთ. 
Gemini Dollar ფულის მომავლის შექმნასთან დაკავშირებული ჩვენი მისიის ნაწილია... ეს არის ნაკლული რგოლი ტრადიციულ საბანკო სისტემასა და კრიპტოეკონომიკას შორის
, – განაცხადა კომპანიის ოფიციალურ პრესრელიზში ტაილერ უინკლვოსმა.

როგორ მუშაობს Gemini Dollar

GUSD არის ERC-20-ის სტანდარტის ტოკენი, რომელიც Ethereum-ის საფუძველზე შეიქმნა. Gemini Dollar-ის სმარტ კონტრაქტები უსაფრთხოების აუდიტს Trail of Bits Inc.-ში გადიან.

Gemini Trust Company LLC-ის დოლარის დეპოზიტები, რომლებითაც უზრუნველყოფილია GUSD, ბოსტონის State Street Bank-ში ინახება. ისინი  დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური  კორპორაციის (FDIC) სადაზღვევო პროგრამის ფარგლებშია დაზღვეული. 

Gemini Trust Company-ის საბანკო აქტივების გეგმიურ ყოველთვიურ აუდიტს ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია BPM Accounting and Consulting (სან ფრანცისკო). ასევე, თვეში ერთხელ, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დღეს, BPM დამატებით ტრასტის აქტივებსაც ამოწმებს.
     
ინტერნეტ ეკონომიკაში ტრადიციული გამოყენების გარდა (ციფრული ხელოვნების ნიმუშის შეძენა, ვაჭრობა, ინვესტიცია, ლიკვიდობის უზრუნველყოფა და ა.შ.), კლიენტებს აშშ-დან  სთავაზობენ Gemini Credit Card-ს. ყოველდღიური საქონლის შეძენის შემთხვევაში მასზე 1-3%-იანი ქეშბექის მიღებაა შესაძლებელი.

Gemini Dollar-ის ღირებულება 2018-2023 წლებში

მონაცემები: CoinMarketCap

მონაცემები: CoinMarketCap

Gemini Dollar-ის ტოკენომიკა

Gemini Dollar-ს არც ემისიის ლიმიტი აქვს, არც გრაფიკი. GUSD იქმნება Gemini-ის პლატფორმაზე და მისი გადატანა შესაძლებელია Ethereum-ის ნებისმიერ მისამართზე. USD-ში დეპოზიტის შევსებისას   Gemini Dollar კლიენტის ანგარიშზე ირიცხება. 

Gemini-ის აპლიკაციაში GUSD-ის ყიდვისას, ან გაყიდვისას,  მომხმარებლები საკომისიოს არ იხდიან. გაზის საფასურის გადახდა სტეიბლკოინის Ethereum-ის პლატფორმიდან გადატანისას ხდება. 

Gemini Dollar საბაზრო კაპიტალიზაცია 2018-2023 წლებში

მონაცემები: CoinMarketCap

მონაცემები: CoinMarketCap

Gemini Dollar-ის კონკურენტები

Gemini Dollar-თან ერთად, ფაქტობრივად იმავე დღეს, ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა სტეიბლკოინის გამოშვების ნებართვა ბლოკჩეინ სტარტაპს Paxos მისცა. კრიპტობირჟა Binance-სთან პარტნიორობით, კომპანიამ გამოუშვა მონეტა BUSD, რომელიც ასევე უზრუნველყოფილია აშშ დოლარით. ორი ახალი მონეტა Tether-ის, Dai-სა და სხვა სტეიბლკოინების კონკურენტი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) Paxos-ს გამაფრთხილებელი წერილი (Wells) გაუგზავნა. პრეტენზიები ეხებოდა BUSD-ის მომსახურებასა და ინვესტორთა დაცვის სფეროში შესაძლო კანონდარღვევას. გარდა ამისა, Paxos გახდა NYDFS-ის გამოძიების ფიგურანტი. ანუ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მარეგულირებლის თავდაპირველი მხარდაჭერა არ არის იმის გარანტია, რომ კრიპტოპროექტის განვითარებისას პრობლემები არ გაჩნდება.

2023 წლის მარტის ბოლოს GUSD იკავებდა მე-8 ადგილს სხვა სტეიბლკოინებს შორის და 73-ე ადგილს კრიპტოვალუტების საერთო რეიტინგში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით.

ტოპ 8 სტეიბლკოინი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით

მონაცემები: CoinMarketCap

მონაცემები: CoinMarketCap

  • GUSD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია (2023 წლის პირველი კვარტლის მიწურულს): $611 მლნ-ზე მეტი.
  • GUSD-ის ემისია: 611 მლნ-ზე მეტი.
  • GUSD-ის მიმოქცევაში არსებული მიწოდება: 607 მლნ-ზე მეტი.