ინსაიდერული ვაჭრობა და რატომ არის ის უკანონო?
ინსაიდერული ვაჭრობა არის აქტივების ყიდვა/გაყიდვა წინასწარ ცნობილ პრივატულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტოკენის მომავალ ფასზე.
ინსაიდერები და ინსაიდერული ვაჭრობა არის ტერმინები, რომლებიც კრიპტოსამყაროში საფონდო ბაზრიდან შემოვიდა. ინსაიდერები არიან ადამიანები, ან კომპანიები, რომლებსაც აქვთ წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე აქტივების შესახებ, ანუ ისინი ფლობენ ისეთ ინფორმაციას ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც ჩვეულებრივ ინვესტორებს ვერ ეცოდინება.
თქვენ შეიძლება იყოთ კარგი ანალიტიკოსი, რომელსაც აქტივის მომავალი ფასის პროგნოზირება შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდი იქნება. ერთადერთი გზა, რომ იყოთ სრულიად დარწმუნებული, არის კომპანიის წარმომადგენლისგან კონფიდენციალური ინფორმაციის მიღება. თუ ასეთი ინფორმაცია გამოიყენება ბაზარზე აქტივებით ვაჭრობისთვის, ამას ინსაიდერული ვაჭრობა ეწოდება.
ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი ახალი ამბავი, რომელიც აქტივის ფასზე აისახება. მაგალითად, ტოკენის ლისტინგი, ან დელისტინგი მსხვილ კრიპტობირჟაზე, NFT-ის შეძენა, რომელიც რეტროდროპის მიღების კრიტერიუმი გახდება; კომპანიის მიერ სხვა პროექტის შეძენა, რომლის ტოკენი უკვე ივაჭრება; პროექტებს შორის პარტნიორობა და ა.შ.
რატომ არის ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობა უკანონო
ინსაიდერული ვაჭრობა უკანონოა, რადგან ის მავანს ბაზრის სხვა მონაწილეებთან შედარებით უსამართლო უპირატესობას ანიჭებს. ეს საშუალებას აძლევს „ინსაიდერებს“, ხელოვნურად მოახდინონ ზეგავლენა კომპანიის აქციების ღირებულებაზე.
კრიპტოვალუტურ ბაზარზე ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა მუშაობს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინფორმაცია კომპანიის ფარგლებს გარეთ არ გავიდეს, თანამშრომლებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა, ინსაიდერული ვაჭრობით დაკავება თავად კომპანიის თანამშრომელსაც შეუძლია, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
ინსაიდერული ვაჭრობა უკანონოდ ითვლება და ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს, მათ შორის დიდ ჯარიმებსა და პატიმრობას.
ინსაიდერული ვაჭრობა უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ ბაზარზე რამდენიმე მიზეზის გამო:
1. ის არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებს ბაზრით მანიპულირების საშუალებას აძლევს.
2. მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერს ამაზე ფულის გამომუშავება შეუძლია, მისმა ქმედებებმა შეიძლება სხვა ტრეიდერები დააზარალოს.
3. ასეთი ვაჭრობა ზიანს აყენებს იმ კომპანიების რეპუტაციას, რომელთა თანამშრომლებიც ინსაიდერულ ვაჭრობას ეწევიან.
4. ბაზრისადმი ნდობის შემცირება და ვაჭრობის არათანაბარი პირობების შექმნა. პერსპექტივაში, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მთელი სექტორის ზრდის ტემპებზე.
5. ეს მარეგულირებლებს ბაზრის კონტროლის უფრო მეტ საფუძველს აძლევს.
შესაძლო ინსაიდერული ვაჭრობის ბოლო შემთხვევა 2023 წლის 17 თებერვალს დაფიქსირდა. ის პოპულარულმა ანალიტიკურმა სერვისმა, Lookonchain-მა აღმოაჩინა. ამ დღეს, Binance-ის ბირჟამ გამოაცხადა GNS ტოკენის ლისტინგის შესახებ. ლისტინგის ანონსამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრეიდერმა დაიწყო GNS პოზიციის გამყარება, ლისტინგის შემდეგ კი ის მყისიერად მოიცილა და ერთ საათზე ნაკლებ დროში $100,000 გამოიმუშავა.
დასკვნა
კრიპტობაზარზე ინსაიდერული ვაჭრობის მონიტორინგი ადვილი საქმე არ არის, ასეთი ვაჭრობის ფაქტის დამტკიცება კი კიდევ უფრო რთული პროცესია.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გავრცელებულია ეს პრაქტიკა, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს უარყოფითად აისახება მთლიანად კრიპტოვალუტის ბაზარზე.