რა არის ფლეშ-კრედიტები?

ფოტო - რა არის ფლეშ-კრედიტები?
ფლეშ-კრედიტები არის დეცენტრალიზებული ფინანსური მომსახურება, რომელიც მნიშვნელოვანი თანხის მიღების საშუალებას იძლევა გირაოს გარეშე თანხების იმავე ბლოკში დაბრუნების პირობით.
ეს შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, რადგანაც სესხის აღებასა და დაფარვას შორის მხოლოდ რამდენიმე წუთია, მაგრამ ასეთი სესხები ძალიან პოპულარული გახდა ტრეიდერებსა და DeFi დეველოპერებს შორის.  ის უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას დიდ სახსრებზე მცირე საკომისიოთი (0.1%-მდე), ამიტომ მათი მოცულობა, როგორც წესი, მარტივად სცდება 1 მილიარდ დოლარს წელიწადში.

თავად ფუნქცია სმარტ-კონტრაქტის საფუძველზე მუშაობს, რაც მთელი პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა: საკრედიტო პულების მართვა, სახსრების განაწილება და გადახდების შეგროვება. თუ მომხმარებელი ბლოკის დასრულებამდე ვერ დაფარავს ვალს, მაშინ სესხი ბათილად ითვლება, ხოლო კრიპტოვალუტა  კრედიტორს უბრუნდება. ეს შესაძლებელია, რადგანაც სმარტ-კონტრაქტი არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ ყველა პირობა არ არის დაცული.

ახლა ფლეშ-კრედიტები  ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი მრავალ ბლოკჩეინზე და მოსახერხებელი ინტერფეისის მქონე სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით (DeFi Saver, Furucombo), მაგრამ თავდაპირველად მათზე წვდომა მხოლოდ DeFi დეველოპერებს ჰქონდათ, რადგანაც საჭირო იყო Solidity-ის პროგრამირების ენის ცოდნა.

როგორ შეიძლება ფლეშ-კრედიტების გამოყენება?

მათი გამოყენება ბლოკჩეინზე ნებისმიერი ოპერაციისთვის არის შესაძლებელი, მათ შორის კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვის ან რთული სავაჭრო სტრატეგიების შესრულებისას. ფლეშ-კრედიტების გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:

1. არბიტრაჟი: აქტივების ყიდვა-გაყიდვა სხვადასხვა DEX-ებზე (დეცენტრალიზებულ ბირჟებზე), სადაც არის სხვაობა ფასში. ასეთ ოპერაციებს უნდა ჰქონდეს უზარმაზარი მოცულობა, რათა  კარგი მოგება მოიტანოს, ხოლო შერჩეულ ტოკენებს - საკმარისი ლიკვიდობა, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მინუსში გადასვლის რისკი.

2. ბაზრით მანიპულირება: ფაქტობრივად, ეს არის ვაჭრობის მოცულობების ფიქტიური გადამეტება ფლეშ-კრედიტების გამოყენებით და შემდეგ რიგითი ტრეიდერების ყურადღების მიქცევა გარკვეულ აქტივზე. ვინაიდან ეს არანაირად არ რეგულირდება, ინიციატორებს შეუძლიათ მოგების მიღება აქტივის წინასწარი შეძენით.

3. უზრუნველყოფილი DeFi-კრედიტი (ჩანაცვლება ან დაფარვა): ამ შემთხვევაში, ფლეშ-კრედიტებს   შეუძლიათ დაბლოკილი გირაოს გამოთავისუფლება ან ჩანაცვლება მოსალოდნელი ლიკვიდაციის შემთხვევაში. ეს უფრო იაფი და სწრაფია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვარიანტი.

რა რისკები არსებობს?

ბევრი აპლიკაცია, რომელსაც  ფლეშ-კრედიტის  ფუნქცია აქვს, ტრეიდერებს მოქნილი პარამეტრების ავტომატიზირებულ სისტემებს სთავაზობს. მაგრამ, ამის მიუხედავად, სწორი გამოყენებისთვის პროცესების გარკვეული გაგებაა აუცილებელი. ამიტომ ექსპერიმენტების ჩატარება თეორიის ცოდნისა და შესაბამისი სმარტ-კონტრაქტის შემოწმების გარეშე არ ღირს, რადგანაც კონტრაქტი შესაძლოა თაღლითური აღმოჩნდეს.

მაგრამ ძირითადად, თავად ფლეშ-კრედიტები წარმოადგენს საფრთხეს DeFi-ისთვის. რადგან მათ ხშირად იყენებენ თავდასხმებისთვის ფასების ორაკულებზე ან პროტოკოლის მოწყვლადობის მეშვეობით (ასევე აქტივების ღირებულებით მანიპულირებისთვის), რაც  მომხმარებლის ლიკვიდობისა და სახსრების დაკარგვას იწვევს.

დასკვნა

ფლეშ-კრედიტები ტრეიდერებისთვის მათი სავაჭრო სტრატეგიიდან გამომდინარე ფულის გამომუშავების ეფექტიან ინსტრუმენტად იქცა. თუმცა, დეველოპერების მხრიდან, აუცილებელია გაძლიერდეს მუშაობა სმარტ-კონტრაქტების უსაფრთხოებაზე, რათა აღმოიფხვრას მოწყვლადობები. ეს ფლეშ-კრედიტებს უფრო სანდოს გახდის და დეცენტრალიზებული ფინანსების სივრცეში მათ როლს გაზრდის.