მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონეები: როგორ განვსაზღვროთ ისინი?
კრიპტოვალუტის გრაფიკზე მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონეები არის ფასების ნიშნულები, რომლებიც აფერხებს აქტივის შემდგომ ზრდას ან დაცემას.
მხარდაჭერის დონე არის ფასის მინიმუმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც ხელს უშლის აქტივის ფასის დაცემას. ანუ, ეს არის გრაფიკის გარკვეული ზონა, სადაც კონცენტრირებულია მყიდველების ორდერების დიდი რაოდენობა.
წინააღმდეგობის დონე არის მაქსიმალური ფასი, რომელიც ხელს უშლის აქტივის ზრდას. ჩვენს სტატიაში ჩვენ გამოვავლენთ გრაფიკზე ამ ტექნიკური ანალიტიკური ინდიკატორის იდენტიფიცირების ხერხებს და განვიხილავთ მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის სხვადასხვა ტიპებს. ჩვენ ასევე გავარკვევთ, თუ როგორ შეიძლება ამ ინსტრუმენტის წარმატებით გამოყენება კრიპტოვალუტების ანალიზის დროს.
მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონის დახასიათება
ჩვეულებრივ, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები პირველი ინდიკატორია კრიპტოვალუტის ტექნიკური ანალიზის ჩატარებისას. აქ მოცემულია ამ ინსტრუმენტის ძირითადი მახასიათებლები.
● მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონის დასადგენად, უნდა მოხდეს ფასის მინიმუმის ან მაქსიმუმის სულ მცირე ორი წერტილის იდენტიფიცირება. ურთიერთშეხების წერტილების რაოდენობა ასახავს ფასის დონის სიძლიერეს: რაც უფრო მეტია წერტილი, მით უფრო ძლიერია დონე.
● გრაფიკი ასახავს დონეებს ჰორიზონტალური ხაზების, მონაკვეთების ან ინსტრუმენტ „მართკუთხედის“ სახით.
● როდესაც აქტივის ფასი აღწევს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონეს, ალბათობა იმისა, რომ აქტივი ასხლტება ამ წერტილიდან იზრდება.
მხარდაჭერის დონის განსაზღვრა ფასის მინიმუმების შესაბამისად. წყარო: tradingview.com
წინააღმდეგობის დონის განსაზღვრა ფასის მაქსიმუმების შესაბამისად. წყარო: tradingview.com
რა მოვიმოქმედოთ თუ დონის დადგენა რთულია?
ხშირად მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონის დადგენა ძნელია იმის გამო, რომ ფასი სწრაფად სცილდება ფასების სხვადასხვა ნიშნულებს. ეს შეუძლებელს ხდის დონის მონიშვნას ერთი ჰორიზონტალური ხაზით.
ასეთ შემთხვევებში მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა შეიძლება იყოს არა უბრალოდ ფასის ნიშნული, არამედ კონკრეტული ფასის დიაპაზონი, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ზონას. გრაფიკულად, ეს აისახება მართკუთხედის სახით, რომელიც შეიცავს ფასის ყველა შესაძლო მაქსიმუმებსა და მინიმუმებს. ზონების დადგენა ხელს უწყობს არასწორი ანალიზის რისკის შემცირებას, რადგან ტრეიდერი ყურადღებას ამახვილებს ფასების ნიშნულების ფართო დიაპაზონზე (საიდანაც შესაძლოა რეაქციას მიღება მყიდველებისგან ან გამყიდველებისგან), და არა მხოლოდ ერთ რიცხვით მნიშვნელობაზე.
მხარდაჭერის დონის განსაზღვრა ზონის გამოყენებით. წყარო: tradingview.com
წინააღმდეგობის დონის განსაზღვრა ზონის გამოყენებით. წყარო: tradingview.com
ჰორიზონტალური მოცულობა, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი
ზოგჯერ აქტივის მოძრაობა ძალიან ვოლატილურია, რაც იწვევს გრაფიკზე მაქსიმუმების და მინიმუმების დიდი რაოდენობის ფორმირებას. შედეგად ჩნდება მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ძალიან ფართო ზონები, რომელთა გამოყენება ვაჭრობაში მოუხერხებელია.
ვაჭრობის ჰორიზონტალური მოცულობა არის სასარგებლო ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ უფრო ზუსტად განსაზღვროთ ფასების ძლიერი დონეები. ამისათვის თქვენ უნდა აირჩიოთ გრაფიკის კონკრეტული ნაწილი და გამოიყენოთ ინსტრუმენტი სახელწოდებით "მოცულობის ფიქსირებული პროფილი". შედეგად მიიღებთ ფასების დონეს, რომელზეც განხორციელდა კრიპტოვალუტური გარიგებების უმეტესი ნაწილი. ფასის სწორედ ეს ნიშნული ხშირად მოქმედებს, როგორც მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონე.
წინააღმდეგობის დონის განსაზღვრა ვაჭრობის ჰორიზონტალური მოცულობის გამოყენებით წყარო: tradingview.com
როგორ გამოვიყენოთ დონეები ტრეიდინგში?
პრაქტიკულ ტრეიდინგში, ფასების ძლიერი დონე ქმნის ორი სავაჭრო სიტუაციის ფორმირების ალბათობას:
● ასხლეტა დონიდან. ამ შემთხვევაში, აქტივი, მისი მინიმუმის დატესტვის შემდეგ, უბრუნდება მაქსიმუმს და პირიქით;
● დონის გარღვევა. სიტუაცია, რომელიც იწვევს მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონის რღვევას. ამ შემთხვევაში, აქტივი გააგრძელებს მოძრაობას შემდეგ დონემდე, საიდანაც შეიძლება ველოდოთ გამყიდველების ან მყიდველების რეაქციას.
დასკვნა
მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის დონეები ტექნიკური ანალიზის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომლებიც საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ აქტივის ფასის მიმიმუმები და მაქსიმუმები. ამავდროულად, უფრო მიზანშეწონილია ამ ინდიკატორის გამოყენება გრაფიკის ანალიზის სხვა ატრიბუტებთან, როგორიცაა ვაჭრობის მოცულობა (ჰორიზონტალური და ვერტიკალური), სანთლური პატერნები, გეომეტრიული ფიგურები, ტრენდული ხაზები და ოსცილატორები.