რა არის მტვრის იერიში?

icon FOR
ფოტო - რა არის მტვრის იერიში?
თუკი წყნარ ჭაობში ეშმაკები ბუდობენ, კრიპტოსაფულეებში - მტვერი. განა რა საფრთხეს უნდა შექმნას სიმბოლურმა თანხამ, რომელიც ტრანზაქციის საკომისიოს ზომას ჩამოუვარდება? მაგრამ თანამედროვე თაღლითებს საკუთარი მიზნებისთვის მისი გამოყენებაც კი შეუძლიათ.
მტვერი ტრეიდერებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს უმნიშვნელო რაოდენობით ტოკენებია, რომლებიც საფულეში იდებს ბინას და ერთი შეხედვით,  არანაირ როლს არ თამაშობს. მაგალითად, ბიტკოინისთვის მტვერი რამდენიმე ასეული სატოშია. 

მტვრის შემცველი ტრანზაქციები თითქმის შეუმჩნეველია, რის გამოც, შესაძლოა, გამოტოვოთ მომენტი, როდესაც თქვენს ანგარიშზე უმცირესი თანხა გამოჩნდება და გადარიცხვები მასთან ერთად განაგრძოთ. ზოგიერთი ტრეიდერი მას მნიშვნელობას არ ანიჭებს, ზოგი კი თვლის, რომ ვიღაცამ სახსრების გაგზავნისას უბრალოდ შეცდომა დაუშვა. მაგრამ სინამდვილეში, მტვერი, შესაძლოა, სიგნალი გახდეს, რომელიც თაღლითების საქმიანობის შესახებ აფრთხილებს.

რა არის მტვრის იერიში?

მტვრის იერიში, საფულეების მფლობელების დეანონიმიზაციის მიზნით, თავდამსხმელების მიერ მათი ტრანზაქციული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებაა. ასეთი თაღლითობის პიკი 2018-2019 წლებში დაფიქსირდა. შემდეგ საფრთხეში  აღმოჩნდნენ საფულეების Samourai Samorai მფლობელები, რომლებმაც ბიტკოინის მტვერი მასობრივად მიიღეს და ქსელი Litecoin. კრიპტოპლატფორმების ხელმძღვანელობის მხრიდან სწრაფი რეაგირების წყალობით, მომხმარებლების გაფრთხილება და სავალალო შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. 

მტვრის შეტევა უნდა განიხილებოდეს, როგორც მზადება ფიშინგის სრულფასოვანი შეტევისთვის. ტრეიდერებისა და მათი ტრანზაქციების შესახებ კონფიდენციალური მონაცემების მოპოვების შემდეგ, თავდამსხმელებს შეუძლიათ, დაზარალებულებს, მათი ვინაობის გაუთქმელობის სანაცვლოდ,  თანხები გამოსძალონ. 

როგორ ხდება მტვრის იერიში?

წინასწარ ეტაპზე თაღლითები დიდი რაოდენობით მონაცემებს აგროვებენ, რომელთა შორის განსაკუთრებულ როლს კრიპტოსაფულის გაერთიანებული ბაზები თამაშობს. ამის შემდეგ უშუალოდ მტვრის იერიში იწყება. ბოროტმოქმედები:

  • მტვრის ნაწილაკებს ასობით ან ათასობით საფულეში აგზავნიან;
  • დაზარალებულებისგან მომდევნო ტრანზაქციებს ელოდებიან, რომლებიც უკვე მტვრის მონაწილეობით განხორციელდება;
  • გზავნილებისა და ტრეიდერების აქტივობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აგროვებენ და მანამდე მიღებულ მონაცემებს ადარებენ;
  • წარმატებული დეანონიმიზაციის შემთხვევაში შანტაჟსა და გამოძალვაზე გადადიან.

როგორც წესი, მტვრის შეტევის მსხვერპლნი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მფლობელები ან ფიზიკური პირები ხდებიან, რომლებსაც საქმიანობის ტიპიდან/საცხოვრებელი ქვეყნიდან გამომდინარე, კრიპტოინდუსტრიასთან ნებისმიერი კავშირის ეკრძალებათ. თუ თქვენ რიგითი მომხმარებელი ხართ, რომლის ანგარიშზე $1000-მდეა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენით დაინტერესდნენ. თუმცა სიფრთხილე ყველა ვარიანტში გმართებთ.

მტვრის იერიში და ფიშინგის იერიში მტვრის გამოყენებით: რა განსხვავებაა?

თავდამსხმელთა ინსტრუმენტები, შესაძლოა, მიზნებისა და შესაძლებლობების მიხედვით განსხვავდებოდეს. მაგალითად, დანიშნულების ტეგში მტვრის გაგზავნისას მათ შეუძლიათ, პოტენციურად საშიში ბმულები დაამატონ და მათზე გადასვლის მოტივაცია შექმნან. თუ მომხმარებელი ამ მოქმედებას შეასრულებს, ის ფიშინგის სრულფასოვან იერიშს დაექვემდებარება.

ეს სიტუაცია კლასიკური მტვრის იერიშად არ უნდა განვიხილოთ. ამ შემთხვევაში, მტვერი მხოლოდ ტრეიდერებისთვის დიდი რაოდენობით მავნე ბმულების სწრაფად მიწოდებისთვის გამოიყენება. 

მტვრის იერიშებს მხოლოდ თაღლითები ახორციელებენ?

კრიპტოანალიტიკოსებში არსებობს მოსაზრება, რომ მტვრის იერიში არა მხოლოდ კიბერკრიმინალების, არამედ სამართალდამცავი ორგანოებისა და კრიპტობირჟების ინსტრუმენტიცაა. მტვრის დახმარებით ისინი კრიმინალების ტრანზაქციების მონიტორინგს ახორციელებენ და კრიპტოვალუტის ჰაკერული ქურდობის პრევენციას ახდენენ. 

ცნობილია მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში განხოცრიელებული მტვრის შეტევის შემთხვევებიც. მაგალითად, DeFi სოციალურმა ქსელმა Steemit მტვერი თავისი მომხმარებლებისთვის სიახლეებისა და ბონუსების გასაგზავნად გამოიყენა.

როგორ დავიცვათ თავი მტვრის შემცველი ტრანზაქციებისგან?

კიბერშეტევების პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მათ შედეგებთან გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ მტვრის იერიშები ამჟამად იშვიათად გვხვდება, პერსონალური მონაცემების დამატებითი დაცვა ზედმეტი არ იქნება. როგორ მოვიქცეთ, რომ თაღლითების მსხვერპლი არ გავხდეთ?

  1. გამოიყენეთ კრიპტოვალუტები მაღალი დონის ანონიმურობით;
  2. იმუშავეთ ანონიმური კრიპტოსაფულეებით, შექმენით ახალი საფულე ყოველი გადარიცხვისთვის;
  3. გაააქტიურეთ მტვრის მონიტორინგის ფუნქცია, თუ თქვენს საფულეს ასეთი მხარდაჭერა აქვს;
  4. არ გადახვიდეთ  დანიშნულების ტეგში არსებულ უცნობ ბმულებზე;
  5. დააკონვერტირეთ მტვერი ან გამოიყენეთ მიქსერი.

დასკვნა

მტვრის იერიში მოვლენაა, რომელსაც, შესაძლოა, ნებისმიერი ტრეიდერი წააწყდეს. კონფიდენციალური მონაცემების დაცვა გააუმჯობესეთ და  ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებისას ფრთხილად იყავით!