რა არის დელისტინგი?
2021 წელს CoinGecko-ს სიაში დაახლოებით 8 ათასი კრიპტოვალუტა ირიცხებოდა. აქედან დაახლოებით 40% 2023 წლის თებერვლისთვის მკვდრად გამოცხადდა და დელისტინგს დაექვემდებარა.
რა არის დელისტინგი?
დელისტინგი არის კრიპტოვალუტური აქტივის კრიპტობირჟიდან ამოღების პროცესი.
კრიპტოაქტივის ამოღების ინიციატორი შეიძლება იყოს პროექტის გუნდი. მაგრამ, ყველაზე ხშირად მას იწყებს თავად ბირჟა - ლისტინგის მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგად.
არსებობს მრავალი ცვლადი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბირჟის გადაწყვეტილებაზე კრიპტოს დელისტინგის თაობაზე. როგორც წესი, ფაქტორების სია ასე გამოიყურება:
- დაბალი სავაჭრო აქტივობა;
- პროტოკოლის სტაგნაცია;
- ქსელის არადამაკმაყოფილებელი დონე, ან სმარტ კონტრაქტის არასაკმარისი საიმედოობა;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ძალისხმევის ნაკლებობა;
- პროექტის გუნდის არაეთიკური, ან არაკეთილსინდისიერი ქცევის მტკიცებულება;
- ბირჟის მოთხოვნებზე რეაგირების სურვილის არარსებობა;
- ბლოკჩეინის ეკოსისტემის, კრიპტოინდუსტრიის და ა.შ. მდგრად განვითარებაში კრიპტოპროექტის მიერ წვლილის არშეტანა.
კრიპტოაქტივის დელისტინგის შემდეგ, ყველა სავაჭრო ოპერაცია ბირჟაზე, რომელმაც ეს აქტივი ლისტინგიდან ამოიღო, წყდება. სხვა პლატფორმებზე, შესაძლოა, მისი გაყიდვა გრძელდებოდეს და თანაც საკმაოდ წარმატებულად.
ზოგადად, კრიპტოპროექტის ინვესტორების უფლებები, რომლის ტოკენი ბირჟაზე აღარ ივაჭრება, დაცულია. კრიპტელებს თანხების გასატანად გარკვეული ვადა ეძლევათ. ვადის ამოწურვის შემდეგ თანხის დაბრუნება შეუძლებელი ხდება. ამიტომ, კრიპტობირჟის შესაბამის განცხადებებს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოთ.
კრიპტოვალუტების დელისტინგი: მაგალითები
თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ კრიპტოაქტივის დელისტინგს ყოველთვის ვერ მოუძებნით ახსნას ან სამართლიან მიზეზს. მაგალითად, თუ ბირჟას აქვს წილი ერთ-ერთ კრიპტოვალუტაში, კონკურენტი პროექტი შეიძლება ინტერესთა კონფლიქტის მსხვერპლი გახდეს. კრიპტოაქტივის დელისტინგი შეიძლება მოხდეს უსაფუძვლო ბრალდებების, ან ჭორების საფუძველზე და არა დადასტურებული კანონდარღვევების გამო. ასევე, 2023 წელს ვალუტების დელისტინგის მიზეზი ხშირად ხდება მარეგულირებლის პოზიცია.
ასე, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბირჟამ Crypto.com-მა გამოაცხადა კანადელი მომხმარებლებისთვის USDT-ის დელისტინგის შესახებ. შეგახსენებთ, რომ კაპიტალიზაციის მოცულობის მიხედვით, სტეიბლკოინების მსოფლიო რეიტინგში Tether წამყვან პოზიციას იკავებს. Crypto.com-ს კანადური ლიცენზიის მიღება სურს და იძულებულია, შეასრულოს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ადგილობრივი კომისიის ინსტრუქციები. ბირჟაზე USDT-ში დარჩენილი სამომხმარებლო დეპოზიტები იძულებით დაკონვერტირდა USDC-ში. ამ სტეიბლკოინების მარტის დეპეგის დროს მათმა მფლობელებმა, ალბათ, ბევრი უსიამოვნო წუთი გამოიარეს (შეგახსენებთ, რომ Tether-მა დოლარზე ბმა შეინარჩუნა).
გლობალური P2P პლატფორმა Paxful-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეი იუსეფმა კი Ethereum-ის დელისტინგი იდეოლოგიური მიზეზების გამო გადაწყვიტა. მან თავის კლიენტებს განუმარტა, რომ ეკონომიკურ აპართეიდს ეწინააღმდეგებოდა. მეწარმის მიზანია, იხილოს სამყარო, სადაც ბიტკოინი გაათავისუფლებს მილიარდობით ადამიანს, რომლებიც ბოროტი სისტემის ტყვეობაში იმყოფებიან, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის მაცხოვრებლებს. რაღაც მომენტში იუსეფმა გააცნობიერა, რომ Ethereum-ი მას ხელს უშლიდა. უფრო კონკრეტულად კი, ალგორითმის შეცვლამ PoW-დან PoS-ზე ეს ვალუტა ფიატის ციფრულ ფორმას დაამსგავსა. Paxful-ის მფლობელს ასევე მიაჩნია, რომ Ethereum-ში არ არის დეცენტრალიზაცია - პროექტს ადამიანთა მცირე ჯგუფი აკონტროლებს.
ამრიგად, ამა თუ იმ ბირჟაზე ლისტინგიდან ამოღებულ კრიპტოში ინვესტირებამდე, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეისწავლოთ და გააცნობიეროთ დელისტინგის ნამდვილი მიზეზები. უსამართლო დელისტინგის რისკების შემცირება შესაძლებელია პორტფელის დივერსიფიკაციის ხარჯზე არა მხოლოდ კრიპტოვალუტების, არამედ კრიპტობირჟების კუთხითაც.