რა არის Web3 და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

icon NFT
icon DAO
ფოტო - რა არის Web3 და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
Web3 — ეს არის ინტერნეტის დეცენტრალიზებული თაობა, რომელიც ეფუძნება ბლოკჩეინსა და ხელოვნურ ინტელექტს. კონცეფცია მოიცავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა კრიპტოვალუტები, DeFi, მეტავერსი, DAO, dApp (დეცენტრალიზებული აპლიკაციები), NFT, ნივთების ინტერნეტი (IoT).
Web3 ახდენს ინტერნეტის დემოკრატიზაციას, ცდილობს გახადოს ის უფრო სამართლიანი და ღია. კონცეფცია არ არის დასრულებული, ამიტომ არ არსებობს კარგად ჩამოყალიბებული განმარტება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მკაფიოდ განისაზღვროს ინტერნეტის განვითარების მესამე ეტაპის საზღვრები.

ტერმინი Web3 იმ ფორმით, რომელიც ახლა პოპულარულია, 2014 წელს გევინ ვუდის წყალობით გაჩნდა, რომელიც Ethereum-ის თანადამფუძნებელი და Polkadot ბლოკჩეინის დამფუძნებელია. მან ასევე შექმნა ორგანიზაცია Web3 Foundation, რომელიც მუშაობს დეცენტრალიზებული ღია ქსელის განვითარებაზე, სადაც მომხმარებლები თავად აკონტროლებენ საკუთარ მონაცემებს.

კრიპტოგრაფიის გარდა, Web 3.0 იდეა მჭიდროდ არის დაკავშირებული სემანტიკური ქსელის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებასთან ინფორმაციის კლასიფიკაციისთვის, შენახვისა და მიწოდებისთვის. ეს გულისხმობს მსოფლიო ქსელის იმ დონემდე გაუმჯობესებას, როდესაც მას ესმის, თუ რას ნიშნავს კონკრეტული მონაცემები. ამგვარად, ადამიანის ინტერაქცია ინტერნეტთან უნდა გახდეს უფრო ხარისხიანი და პერსონალიზებული.

Web3-ის ვიზუალური ნიშანია ორგანზომილებიანი გრაფიკიდან გადასვლა უფრო რეალისტური 3D ანიმაციებისკენ, რომლებიც გამოიყენება ვებ-გვერდებზე, ინტერნეტ რეკლამასა და ონლაინ თამაშებში, ასევე მეტავერსების, ვირტუალური რეალობისა და თანამედროვე ხელოვნების NFT ფორმატში გამოჩენა.

Web3-ს ასევე დამახასიათებელია კრიპტოვალუტის გამოყენება ბლოკჩეინებთან ურთიერთქმედებისა და ტრანზაქციების ხელმოწერისთვის.

Web2 vs Web3

Web 2.0 - ინტერნეტ სივრცე, რომელიც   უმეტესწილად მოქმედებს დღეს. მისთვის დამახასიათებელია ინტერაქტიურობა (მომხმარებლების ურთიერთქმედება კონტენტთან), სხვადასხვა ონლაინ კონსტრუქტორების დახმარებით საიტების გამარტივებული შექმნა, გრაფიკები რედაქტორების დახმარებით. ეს ვერსია აღინიშნა სოციალური ქსელების, ჰოსტინგის სერვისების, SMM და SEO სფეროს, ინტერნეტ მარკეტინგის, გრაფიკული და ანიმაციური დიზაინის, ონლაინ თამაშების განვითარებით. ინფორმაციის რაოდენობა გაიზარდა როგორც არასდროს ყოფილა, აუცილებელი გახდა საძიებო სისტემების  ალგორითმების გაუმჯობესება  და  საიტების გაცემის წესების შემუშავება.
 
თუმცა, Web2-ს აქვს საპირისპირო მხარეც - ცენტრალიზაცია. მომხმარებელთა დიდი რაოდენობის მონაცემები ეკუთვნის ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Meta, Amazon, Google. კომპანიები მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, რათა რეკლამის გამყიდველებს მიაწოდონ. სოციალურ ქსელებს აქვთ საკუთარი პირობები და შეუძლიათ დაბლოკონ მომხმარებელი კონტენტის გამო, რომელიც არ შეესაბამება პლატფორმის წესებს. ზოგადად, ყველა მონაცემი სხვადასხვა საიტებზე არის ცენტრალიზებულ სერვერებზე, რომლებიც  ცალკე კომპანიას ეკუთვნის. Web3 ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას ინტერნეტ სივრცეში კრიპტოვალუტის, ღია კოდის ბლოკჩეინის და ამ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტების დანერგვით.
ევოლუცია: Web1-დან Web3-მდე. წყარო: INSIDER

ევოლუცია: Web1-დან Web3-მდე. წყარო: INSIDER

Web3-ის არქიტექტურა განსხვავდება Web2-ისგან, თუმცა მათ აქვთ ერთი მსგავსება. ეს ეხება პროგრამირების ენებს, რომლებიც გამოიყენება საიტებისა და აპლიკაციების გარეგნობის შესაქმნელად. HTML, CSS, JavaScript იქნება ისეთივე ფუნდამენტური Web3-ში, როგორც Web2-ში.

მესამე თაობის ინტერნეტის სერვერული მხარე (ბექენდი) განსხვავდება სმარტ- კონტრაქტების გამოყენებით, მაშინ როდესაც Web 2  ამისათვის მიმართავს პროგრამირების ენებს Python, Node.js და ა.შ.
Front-end და Back-end Web3. წყარო  Preethi Kasireddy

Front-end და Back-end Web3. წყარო Preethi Kasireddy

მსოფლიო ქსელის მეორე ვერსიისგან განსხვავებით, სადაც მონაცემთა ბაზების სისტემები მუშაობს კლიენტ-სერვერის მოდელზე და მართულია ცალკეული კომპანიების მიერ, მაგალითად Oracle, Web 3 მონაცემები იმყოფება ავტონომიურ დეცენტრალიზებულ საცავებში (IFPS, Swarm, Arweave). ამ შემთხვევაში თითოეული კვანძი არის კლიენტი და ერთდროულად ასრულებს სერვერის როლს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტის ყველაზე ადრეული ვერსია Web 1.0 იყო (1991-2004). ამ დროისთვის დამახასიათებელი იყო სტატიკური კონტენტის შეზღუდული რაოდენობა, რომელიც არ გამოირჩეოდა დიზაინითა და მომხმარებლისთვის მეგობრული ინტერფეისით. საიტები მხოლოდ დეველოპერებს შეეძლოთ შექმნათ, არ იყო კომენტარის დატოვების ან ჰიპერბმულის გამოყენების შესაძლებლობა. კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი მაშინ მხოლოდ თეორიაში არსებობდა.

მომავალი Web 3-საა?

Web 3.0 მიზნად ისახავს ინტერნეტ მომხმარებლებისთვის უფრო სასარგებლო და ტექნოლოგიური საშუალების მიწოდებას მსოფლიო ქსელთან ურთიერთქმედებისთვის, რომელიც სცილდება სოციალურ ქსელების, მონაცემთა ნაკადის და ონლაინ შესყიდვების საზღვრებს. ახალი თაობის ინტერნეტის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტები, სემანტიკური ქსელი, ხელოვნური ინტელექტი -  აუმჯობესებს და აფართოებს მომხმარებლის გამოცდილებას.

Web 3.0-ის მთავარი პრინციპია -  დეცენტრალიზაცია, რომელიც საშუალებას იძლევა გააკონტროლო  პირადი მონაცემები და დაიცვა ისინი მესამე მხარეებისგან. ეს ზღუდავს კლიენტის ინფორმაციის გამოყენებას მისი თანხმობის გარეშე.

მიუხედავად ამისა, Web 3.0-თან დაკავშირებით არის გარკვეული  იურიდიული და რეგულაციური რისკები. თაღლითობა, გატეხა, ჰაკერული თავდასხმები -  ეს ყველაფერი ახალი ინტერნეტ-სივრცის უარყოფითი მხარეებია. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს Web2-საც ახასიათებს, მაგრამ დეცენტრალიზებულ ეკოსისტემაში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა გაცილებით რთულია, ვიდრე ცენტრალიზებული კონტროლის  პირობებში.