აშშ: კრიპტოქურდობით ფხენიანი სარაკეტო პროგრამას აფინანსებს

ფოტო - აშშ: კრიპტოქურდობით ფხენიანი სარაკეტო პროგრამას აფინანსებს
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის თითქმის ნახევარი კიბერშეტევებით და კრიპტოვალუტის ქურდობით ფინანსდება. კიბერუსაფრთხოების და კრიპტოვალუტის ქურდობის საკითხებში მრჩეველის მოადგილემ ენი ნოიბერგერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა გაიგოს როგორ ახერხებს ჩრდილოეთ კორეა კიბერსფეროში ასეთი მოხერხებულობის დემონსტრირებას.
ამის შესახებ ნოიბერგერმა ღონისძიების დროს განაცხადა, რომელიც არაკომერციული ორგანიაციის, Special Competitive Studies Project.-ის მიერ იყო ორგანიზებული.  მან აღნიშნა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ჩრდილოეთ კორეის ჰაკერების გამოაშკარავებაზე მუშაობენ, ხოლო ფინანსთა სამინისტრო მოპარულ კრიპტოვალუტაზე თვალთვალს ახორციელებს. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაქსიმუმს აკეთებს.

თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ სწორედ კიბერშეტევები რეჟიმის შემოსავლის ძირითადი  წყაროა.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჰაკერებმა ბანკებიდან და კრიპტოკომპანიებიდან მილიარდობით დოლარი  მოიპარეს.

გაეროსა და კერძო კომპანიების ანგარიშის მიხედვით, ამერიკელ ჩინოვნიკებს დიდი ხანია ჰქონდათ ეჭვი, რომ ფხენიანი ამ თანხებს იარაღის შესაქმნელად იყენებს, მაგრამ ამ საკითხს საჯაროდ იშვიათად განიხილავენ.

მანამდე ჩვენ ვწერდით, რომ ჩრდილოეთ კორეა კიბერშეტევებს ააქტიურებს საკუთარი ეკონომიკის გადასარჩენად, რადგანაც კიბერდანაშაული ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

GC
GN Crypto
ავტორი