კირიპტობიზნესი აშშ-დან? Bienvenue en France!
აპრილის ბოლოს ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი კრიპტობაზრების შესახებ, იგივე МiСA (Markets in Crypto Assets). МіСА გახდა მსოფლიოში პირველი და ყველაზე მოწინავე ყოვლისმომცველი წესებისა და ნორმების პაკეტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების კრიპტოინდუსტრიას არეგულირებს. საინტერესოა, როგორ იგრძნობენ MiCA-ს შედეგებს ევროპის ფარგლებს გარეთ?
გაქცევის მასშტაბი
როგორც ფრანგული L'Autorité des Marchés financiers-ის (AMF საფინანსო ბაზრების სამმართველო) ოფიციალური წარმომადგენლები ვარაუდობენ, 100-ზე მეტი კრიპტოკომპანია, შესაძლოა, აშშ-დან საფრანგეთში "გაიქცეს". სენის ნაპირებზე მათ შეიძლება აშშ-ის რეგულატორების გაურკვევლობისა და იძულების პოლიტიკისგან შვება ნახონ. თავის მხრივ, ფრანგი კანონმდებლები უკვე მიესალმებიან მათ და არწმუნებენ, რომ ყველას დაეხმარებიან იურისდიქციის შეცვლაში და ევროპული წესებით ბიზნესის დარეგისტრირებაში.
სტუმართმოყვარეობის მასშტაბები
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად საფრანგეთში 75 კრიპტოკომპანიაა რეგისტრირებული და კიდევ 25 ფირმა რეგისტრაციას ელოდება. ზოგიერთ მათგანს აშშ-ის იურისდიქცია აქვს.
ეს "რიგი" ახალმა ნორმატიულ-სამართლებრივმა ბაზამ, MiCA-მ შექმნა, რომელიც კრიპტოვალუტის წინაშე ფართო შესაძლებლობებს ხსნის. ევროპული კრიპტორეგლამენტი ძალაში სრულად მხოლოდ 2025 წლიდან შევა. ასე რომ, გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ არის, ხოლო საფრანგეთში ბიზნესის გადატანის გადაუდებელი საჭიროება ჯერ არ დამდგარა. როგორც არ უნდა იყოს, ასობით კრიპტოსაწარმო ფრანგებს უკვე დაუგროვდათ.
სანებართვო სისტემა
AMF-ში ასევე ამბობენ, რომ პარიზი ქვეყანაში შემოსული კრიპტოფირმების დაჩქარებულ რეგისტრაციას განიხილავს. ჯერ კიდევ MiCA-ს მიღებამდე, საფრანგეთს უკვე ჰქონდა კრიპტორეგულირების ნაციონალური რეჟიმი: ყველა ფირმას მოეთხოვებოდა გამარტივებული რეგისტრაცია. მათ, ასევე, შეეძლოთ სურვილისამებრ ავტორიზაციის გაზრდილი დონე აერჩიათ. ის ინფორმაციის მეტ გამჟღავნებას მოითხოვს. ეს ვალდებულებები ანალოგიურია იმ მოთხოვნებისა, რომლებსაც ფირმები MiCA-ს ფარგლებში 2 წლის შემდეგ წააწყდებიან. უკვე ახლა ფრანგული მარეგულირებელი ემზადება ეროვნული წესების უმტკივნეულო ადაპტაციისთვის, რათა კრიპტოკომპანიებს MiCA-ზე გადასვლა გაუადვილონ.
ლომების აუჩქარებლობა
იმავე დროს, დიდი ბრიტანეთი იკავებს თავშეკავებულ და ხშირ შემთხვევაში მკაცრ პოზიციას კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით. სამეფო აღარ არის ევროკავშირის ნაწილი და, ზოგადად, შეუიძლია საერთოევროპული კანონმდებლობის იგნორირება მოახდინოს. კერძოდ, გაერთიანებული სამეფოს რიგი მარეგულირებლები სრული სერიოზულობით მოითხოვენ, რომ კრიპტოვალუტები, როგორც აზარტული თამაშები, ისე რეგულირდებოდეს.
მაგრამ ეს, ალბათ, ყველაზე ექსტრემისტული პოზიციაა კანონმდებლებს შორის. გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკურმა მდივანმა ენდრიუ გრიფიტმა, ცოტა ხნის წინ დადო პირობა, რომ გაერთიანებულ სამეფოს მომავალ გაზაფხულზე საკუთარი კრიპტოკანონმდებლობა ექნება. ამასთან, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ბრიტანელებმა, როგორც იქნა, დაიბრუნეს საკანონმდებლო კონტროლი, რაც მათ ევროკავშირიდან გამოსვლამდე ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინგლისში MiCA-ს არ უნდა ველოდოთ. ზოგადად, ბრიტანელი ლომი არსად ჩქარობს. მაშინ, როდესაც იგივე საფრანგეთი კრიპტოკომპანიებს თავის იურისდიქციაში იზიდავს, ბრიტანელები უფრო მეტად დაკავებულნი არიან დისკუსიებით ბაზრის მომავლის თაობაზე.
გლობალური მარეგულირებელი ლანდშაფტი
კრიპტოვალუტის რეგულირება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, ზოგიერთი მათგანი უფრო სტუმართმოყვარეა, ზოგი კი უფრო ფრთხილი ან კრიპტის მიმართ მტრულად განწყობილიც კი. ეროვნული მარეგულირებლები ხედავენ განსხვავებულ შესაძლებლობებსა და რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან.
ამ მხრივ MіCA კრიპტოსექტორის კომპანიებისთვის უფრო პროგნოზირებადია. ევროპულ კრიპტოპროექტებში ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციების მოცულობა იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ფული რეგულაციებს მოჰყვება.
ითვლება, რომ დღეს სწორედ საფრანგეთია ყველაზე კრიპტო-პოზიტიური ქვეყანა ევროკავშირში. მარეგულირებელ პროცესებში ჩართულები არიან გავლენიანი ფრანგები და მაღალი დონის ოფიციალური პირები. პარიზი მნიშვნელოვან კრიპტოღონისძიებებს მასპინძლობს. საფრანგეთის მნიშვნელობა გლობალურ კრიპტოარენაზე, ანალიტიკოსების აზრით, მკვეთრად გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.