Bitcoin. ყველაფერი, რაც პირველი კრიპტოვალუტის შესახებ უნდა იცოდეთ

icon BTC
ფოტო - Bitcoin. ყველაფერი, რაც პირველი კრიპტოვალუტის შესახებ უნდა იცოდეთ
ბიტკოინი პირველი და უძველესი კრიპტოვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის საკუთარ Proof-of-Work ბლოკჩეინს იყენებს. ის ყველა სხვა კრიპტოვალუტის - ალტკოინის წინაპრად ითვლება. ბაზარზე დღეს ბიტკოინი ყველაზე პოპულარული ვირტუალური აქტივია.

დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის გაჩენის წინაპირობები

ყველა დროში და სხვადასხვა ტერიტორიაზე პროგრესული კაცობრიობის წარმომადგენლები მონარქის, ან ფეოდალის მიერ ერთპიროვნული "უფლების" საფარქვეშ ხელისუფლების უზურპაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ შეუწყნარებლები იყვნენ. ეს როგორც „ძალადობაზე მონოპოლიას“, ასევე გადასახადების აკრეფასა და ფულის ემისიას ეხება. შუა საუკუნეებში მეფეები, მონარქები და სულთნები, რომლებსაც მონეტების მოჭრის ექსკლუზიური უფლება ჰქონდათ, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და მათ ემისიას უმოწყალოდ აყალბებდნენ. მონარქების ხაზინადრები, მეჭურჭლეთუხუცესები და  ზარაფხანები, მათი ბატონების ბრძანებით, ვერცხლის, ან ოქროს შემცველობას სისტემატურად ამცირებდნენ, წონას კი ინარჩუნებდნენ.

მოგვიანებით ფულის ემისია მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს გადაეცა. მე-20 საუკუნის შუა პერიოდისთვის ფიატური ვალუტების უმეტესობა ოქროსთან იყო მიბმული - ამ მიდგომას "ოქროს სტანდარტი" ეწოდა და ის ყველა მხარის ინტერესების ბალანსს ინარჩუნებდა. ბანკნოტების გადაცვლა, მათი მფლობელის მოთხოვნით, ძვირფასი ლითონის გარკვეულ ეკვივალენტში იყო შესაძლებელი, ამიტომ იმ დროს ისინი ოქროთი რეალურად უზრუნველყოფილად ითვლებოდა. მაგრამ 1957 წლის შემდეგ, ოქროს სტანდარტის მხარდაჭერაზე ყველა ქვეყანამ ერთმანეთის მიყოლებით, დე-ფაქტო, უარი განაცხადა და ფიატური ვალუტები. ფაქტობრივად, ქაღალდად იქცა, რომელსაც მთავრობები "ფულის" საფარქვეშ მონოპოლიურად ბეჭდავენ, მას კი არანაირი უზრუნველყოფა არ აქვს. ფულის მფლობელებისა და ემიტენტ-მონოპოლისტების ინტერესების მყიფე ბალანსი მთლიანად განადგურდა.

ასეთი ვითარება პლანეტაზე ბევრ ადამიანს არ აწყობდა. მათ გარკვეულ კლუბებში, მოძრაობებში, თემებსა და პარტიებშიც კი დაიწყეს გაერთიანება, რათა "სამართლიანი ფულის" ახალი ფორმატები მოეძებნათ, რომლებიც მხოლოდ მთავრობებსა და საბანკნოტე ზარაფხანებს არ ეკუთვნის, სადაც ყველა დროში კორუფცია ყვაოდა. ასეთმა მოძრაობამ უდიდეს პოპულარობას XX საუკუნის 80-90-იან წლებში მიაღწია, როდესაც პერსონალური კომპიუტერები და ინტერნეტი გაჩნდა. პროგრამირების ენითა და კრიპტოგრაფიული ალგორითმებით შეიარაღებულმა, თანამოაზრე ადამიანების საზოგადოებებმა, რომლებიც საკუთარ თავს შიფროპანკებს, კრიპტოანარქისტებს, ლიბერტარიანელებს და ანარქოკაპიტალისტებს უწოდებდნენ, დაპროგრამებული ფულის ახალი ვერსიებით ექსპერიმენტები დაიწყეს.

ბიტკოინის გაჩენა

სამწუხაროდ, პირველი ექსპერიმენტები წარუმატებელი აღმოჩნდა. 80-იან წლებში შექმნილი ციფრული ვალუტა DigiCash და XX საუკუნის 90-იან წლებში შექმნილი E-gold და Bit Gold, ისევე როგორც ამ საუკუნის 00-იან წლებში შექმნილი Liberty Reserve და იმდროინდელი სხვა პროექტები სრული მასშტაბით ვერ ამოქმედდა, პოპულარული ვერ გახდა და გამოგონილი მიზეზებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძულებით დაიხურა.  

გარღვევა 2008 წლის ბოლოს მოხდა, როდესაც ანონიმურმა დეველოპერმა, ფსევდონიმით Satoshi Nakamoto, საზოგადოებას ახალი ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ აცნობა, რომელიც მთავრობებისა და საბანკნოტე ზარაფხანების საკუთრება არასოდეს იქნებოდა. მან აღნიშნა, რომ ამ „კრიპტოვალუტას“ შეზღუდული ემისია აქვს, მაგრამ მის განვითარებაში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია. დიახ, ახალი დეცენტრალიზებული ფულის, "ბიტკოინის" ემიტირება ნებისმიერს შეეძლო და ეს გარღვევა იყო! ბიტკოინი სწორედ ის გადაწყვეტილება იყო, რასაც მილიონობით ადამიანი ელოდა, რომლებსაც არ სურდათ, სახელმწიფო მონოპოლიებისა და არაფრით უზრუნველყოფილი ქაღალდის ფულის მძევლები ყოფილიყვნენ.

ბიტკოინის შემქმნელი

ვინ იმალებოდა მეტსახელ სატოში ნაკამოტოს უკან, ზუსტად უცნობია. ჩვენ ყველაზე სავარაუდო კანდიდატის გამოვლენა ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა დასაბუთებული საფუძველი, რომ ბიტკოინის შემქმნელად ჩაითვალოს. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ეს ერთი ადამიანი კი არა, არამედ თანამოაზრეების - შიფროპანკების ჯგუფია. 2008 წლის 31 ოქტომბერს სატოში ნაკამოტომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სახელწოდებით „Bitcoin: a peer-to-peer electronic cash system“, რომელიც, ფაქტობრივად, კრიპტოვალუტის „თეთრი წიგნია“ (whitepaper). 2009 წლის იანვრის დასაწყისში მან GitHub-ზე საჯარო წვდომა საფულის პროგრამულ უზრუნველყოფასა და ნოდებზე გახსნა და ბიტკოინის ქსელი აამოქმედა.

პროექტის განყოფილება "Bitcoin" GitHub-ზე, სადაც კრიპტოვალუტის ყველა open-source პროგრამული უზრუნველყოფა მდებარეობს

ქსელში პირველი ბლოკი 2009 წლის 3 იანვარს ჩამოყალიბდა, ხოლო ბიტკოინი ციფრულ ფულად იმავე წლის 12 იანვარს იქცა, როდესაც საფულეებს შორის 50 BTC ოდენობის პირველი გადარიცხვა განხორციელდა. შემდგომში, სატოში ნაკამოტო სულ უფრო ნაკლებად აქტიურობდა, შემდეგ კი, 2010 წლის შუა რიცხვებში, საინფორმაციო სივრციდან საბოლოოდ გაქრა, რითაც დღემდე პასუხგაუცემლად ტოვებს კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ არის ბიტკოინის რეალური შემქმნელი (ან ადამიანების ჯგუფი).

ბლოკჩეინი

ბიტკოინის ქსელში ყველა ტრანზაქცია  იწერება მონაცემთა განაწილებულ რეესტრში - ბლოკჩეინში, რომლის სრული ვერსია ყველა სრული ნოდით ინახება, რომლებიც მათი მფლობელების მიერ ბიტკოინის გლობალური ქსელის მუშაობის უზრუნველსაყოფადაა გაშლილი. ბლოკჩეინი ბლოკების უწყვეტი ჯაჭვისაგან შედგება. ემისიების სამართლიანობა, მაინერებზე ჯილდოების განაწილება და ქსელი  კონსენსუსის ალგორითმით Proof-of-Work (PoW) არის უზრუნველყოფილი.

ბლოკი

ბიტკოინის ქსელში თითოეული ბლოკი 10 წუთში ერთხელ იქმნება. ახალი ბლოკი წინას შესახებ მთელ ინფორმაციას ინახავს, რათა ბლოკებში მონაცემთა სინქრონიზაცია შენარჩუნდეს. თითოეული ბლოკის ზომა შეზღუდულია და 1 მბ-ს შეადგენს. ასეთ პირობებში ბიტკოინის ქსელის გამტარუნარიანობა წამში 7-10 ტრანზაქციას შორის მერყეობს.

ნოდები

ნოდები ტრანზაქციის ვალიდაციისა და ბლოკების შემოწმების ფუნქციას ასრულებს, ასევე 24/7/367 რეჟიმში ფუნქციონირებს, რითაც მთელი ქსელის სტაბილურობას უზრუნველყოფს. რაიმე ხარვეზის, ან მონაცემთა არასანქციონირებული შეცვლის  მცდელობის აღმოჩენისას, ისინი საეჭვო ოპერაციებს იწუნებს, მათ ბლოკში არ უშვებს, რითაც ქსელის უსაფრთხოებასა და მთლიანობაზე ზრუნავს. 

მაინინგი

მონეტების მოჭრა (ფაქტობრივად, ემისია) მაინინგის წყალობით ხდება. ამისთვის ნოდთან დაკავშირებული სპეციალიზებული აღჭურვილობა გამოიყენება, რომელიც, ბლოკის შექმნის მიზნით, PoW ალგორითმის მიხედვით რთული SHA-256 ჰეშ-ფუნქციების გამოთვლას ახდენს. რაც უფრო მძლავრია აღჭურვილობა, მით უფრო მეტია ბლოკის შექმნის, ეს კი ნიშნავს, რომ ჯილდოს სახით 6,25 BTC-ის (სტატიის მომზადების მომენტში), ასევე იქ მოხვედრილი ყველა ტრანზაქციის საკომისიოს მიღების შანსი. დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ, ყოველი 210 მოპოვებული ბლოკის შემდეგ ხდება ჰალვინგი - მაინერების ჯილდოს ორჯერ შემცირება. მომდევნო ჰალვინგი 2024 წელს შედგება. მაშინ მოპოვებულ ბლოკზე გაცემული ჯილდო 3,125 BTC იქნება. 

სახლის კომპიუტერებზე მაინინგის ეპოქა უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და ახლა ბიტკოინის მოსაჭრელი სპეციალიზებული აღჭურვილობა ASIC არის. ASIC მოწყობილობიდან რომელია ახლა ყველაზე პროდუქტიული, ჩვენ ცალკე მიმოხილვაში გამოვიკვლიეთ. მაინინგი როგორც სოლო რეჟიმში, ასევე მაინინგ პულშიც არის შესაძლებელი. პირველი ვარიანტი დიდი მოგების მიღების დიდხნიან ლოდინს, მეორე კი მცირე ოდენობის ჯილდოს შედარებით სტაბილურ მიღებას ნიშნავს. 

ბიტკოინის ემისია 21 მილიონი მონეტით არის შეზღუდული. ახლა უკვე ემიტირებულია 92% - 19,2+ მილიონი BTC. ჩადებული ალგორითმის მიხედვით, ბოლო ბიტკოინის მოპოვება 2040 წელს მოხდება. 

ქსელის დაბალი მასშტაბირებისა და გამტარუნარიანობის პრობლემა

ბლოკჩეინის ტრილემა, ან მასშტაბირების ტრილემა თეორემაა, რომელშიც მასშტაბირების ძირითადი პრობლემა ნებისმიერი დეცენტრალიზებულად განაწილებული ქსელის გარკვეული ფორმულის სახით არის ჩამოყალიბებული. ის ამტკიცებს, რომ სამი ძირითადი მახასიათებლიდან - დეცენტრალიზაცია, უსაფრთხოება და პროდუქტიულობა - ბლოკჩეინს შეიძლება მხოლოდ ორი  ჰქონდეს. ბიტკოინ-მაქსიმალისტები თვლიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ბლოკჩეინის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი დეცენტრალიზაციაა და ამ კონცეფციის ალტერნატივებს არ აღიარებენ.

ამიტომ, 14 წლის განმავლობაში მრავალი გადაწყვეტილება გაჩნდა, რომელსაც ბლოკჩეინის ტრილემა უნდა დაესუსტებინა, თუ მისი გადაჭრა საბოლოოდ ვერ მოხდებოდა. ასეთ გადაწყვეტილებებს შორის იყო SegWit (ბლოკების ოპტიმიზაცია), Lighting Network (მომენტალური ტრანზაქციები დაბალი საკომისიოებით) და სხვადასხვა საიდჩეინი (ცალკე, უფრო პროდუქტიული, მეორე დონის L2 ბლოკჩეინი, რომელიც მშობელ L1 ბლოკჩეინთან კოლაბორაციაში შევიდა და ახალ სერვისებს, ან გარკვეულ გაუმჯობესებას ტრანზაქციის სიჩქარისთვის, ან საკომისიოების ოდენობის შემცირებას სთავაზობს).

საფულეები, ბირჟები, გაცვლითი პუნქტები, OTC და ბიტკოინის მასშტაბური მსოფლიო მხარდაჭერა

საფულეების უმეტესობა (99.9%) ბიტკოინს მხარს უჭერს. ძნელია,  იპოვოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთი მხარდაჭერა არ ექნება, გარდა, შესაძლოა, მშობლიური საფულეებისა, რომლებიც რომელიღაცა ერთი ეკოსისტემის კრიპტოაქტივებს ემსახურება. უკლებლივ ყველა ბირჟა, როგორც ცენტრალიზებული (CEX), ასევე დეცენტრალიზებული (DEX), ბიტკოინს ყველა შესაძლო სავალუტო წყვილში უჭერს და მისი ყიდვის, ან გაყიდვის უფლებას იძლევა. ვირტუალური აქტივების გაცვლითი ყველა პუნქტი ბიტკოინს მხარს უჭერს. ეს არის ნომერ 1 კრიპტოვალუტა, თანაც მისი ყიდვა და გაყიდვა პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. ბიტკოინს OTC (არასაბირჟო) ბაზარიც უჭერს მხარს.

რა არის ბიტკოინი მარტივი სიტყვებით

კრიპტოვალუტა Bitcoin ყველა არსებულ ელექტრონულ გადახდის სისტემას შორის, ფაქტობრივად, საუკეთესო დეცენტრალიზებული გადაწყვეტილება გახდა, ვინაიდან შეძლო, საინვესტიციო ინსტრუმენტი და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სერვისი ყოველგვარი შუამავლების გარეშე შეეთავაზებინა (ხახამშრალი დატოვა გაუმაძღარი ბანკებისა და კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები), რასაც თან დაბალი საკომისიო ერთვის, განსაკუთრებით, ქსელ Lightning Network-ის გამოყენების შემთხვევაში.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი "თავისუფალი ადამიანების ფულის" რამდენიმე თაობის ევოლუციის შედეგად გაჩნდა და გაითვალისწინა წინა გადაწყვეტილებების ნაკლოვანებები, რომლებიც წარმატებული, ან მასობრივი ვერასოდეს გახდა.

ბიტკოინმა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეძლო და შესთავაზა:

  • ჯილდოს მიღებასთან ერთად, ემისიაში ყველა მსურველის მონაწილეობა;
  • ტრანზაქციების შესრულების უსაფრთხოება;
  • ფინანსური ოპერაციების პირობითად ანონიმური განხორციელება;
  • მესამე მხარეზე, ან რაიმე შუამავალზე - სახელმწიფოებზე, ბანკებზე, ან კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეებზე რაიმე დამოკიდებულების არარსებობა;
  • ერთიანი ფინანსური მსოფლიო ეკოსისტემა, რომელიც საზღვრებსა და სახელმწიფოებზე დამოკიდებული არ არის.