Blockparty-ის CTO-მ კომპანიას $1 მილიონზე მეტი მოჰპარა

ფოტო - Blockparty-ის CTO-მ კომპანიას $1 მილიონზე მეტი მოჰპარა
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებისთვის ნაძვის ხის ქვეშ დასადებ საჩუქრად ახალ-ახალი კრიპტოთაღლითების მიტანას აგრძელებს. ამგვარად, 7 დეკემბერს, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ Blockparty -ის თანადამფუძნებლისა და CTO-ს, რიკეშ თაპას დაკავების შესახებ განაცხადა.
Blockparty კომპანიაა, რომელიც წვეულებებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ფანებისთვის შეიქმნა. მისმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს,  გამოეყენებინათ ბლოკჩეინი, როგორც ფასების გამჭვირვალობის გარანტია და ყალბი ბილეთების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. თუმცა, ერთი შეხედვით პერსპექტიულ სტარტაპთან დაკავშირებით რაღაც არასწორად წარიმართა და ის საკუთარი თანადამფუძნებლის მსხვერპლი გახდა.

რიკეშ თაპა არამხოლოდ Blockparty-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო, არამედ მთავარი ტექნიკური დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. 2017 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე პერიოდში 28 წლის მეწარმემ რამდენიმე თაღლითური სქემა განახორციელა, რის შედეგადაც მან $1 მილიონზე მეტი ოდენობის უკანონო მოგება მიიღო..
რიკეშ თაპამ, სავარაუდოდ, უღალატა თავისი კომპანიის ნდობას, რადგან ის მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის შენახვაზე იყო პასუხისმგებელი. თავისი მაქინაციების დასაფარად თაპამ დიდი ძალისხმევა გასწია, მაგრამ სამმართველოსა და სამართალდამცავ ორგანოებში ჩვენი პარტნიორების თავდადებული მუშაობის წყალობით, მას ახლა თავის დანაშაულებზე პასუხის გაცემა მოუწევს
, - განაცხადა პროკურორმა დამიან უილიამსმა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, რიკეშ თაპამ, კომპანიის ფიატური სახსრების, კრიპტოვალუტისა და სამსახურებრივი ტოკენების გამოყენებით, რამდენიმე თაღლითური სქემა განახორციელა. როგორ გამოიყურებოდა ისინი და როგორც ახერხებდა გამჭრიახი CTO, ამდენი ხანი დაუსჯელი ყოფილიყო?

1. ეშმაკური დივერსიფიკაცია. ესმოდათ რა მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორების ნაწილის სკეპტიციზმი  ციფრული აქტივების მიმართ, 2018 წელს Blockparty-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ემუშავათ არა მხოლოდ კრიპტოვალუტებთან, არამედ ფიატთანაც. ამ გეგმის ფარგლებში, კომპანიის ბიუჯეტიდან $1 მილიონი თაპას პირად საბანკო ანგარიშზე „უსაფრთხოდ შენახვის მიზნით“ გადაირიცხა. 

2. მალევე მან ამ ფულის პირადი მიზნებისთვის ხარჯვა დაიწყო. თაპამ თავის კოლეგებს ყალბი საბანკო ამონაწერი წარუდგინა, რომელიც ადასტურებდა, რომ მას $21 მილიონი ჰქონდა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ კომპანიის სახსრებს ის ცალკე ანგარიშზე ინახავდა. როდესაც 2019 წელს კომპანიისთვის $1 მილიონის დაბრუნების დრო მოვიდა, თაღლითმა ამაზე უარი განაცხადა. 

3. Blockparty-ის ფული ტანსაცმლის, მოგზაურობისა და ღამის კლუბებში წვეულებების გადასახდელად მიმოიფანტა. გამოძიებით დადგინდა, რომ ფირმის ფულისთვის სპეციალური ანგარიში არასდროს არსებობდა და თაპას პირადი დანაზოგი $20 მილიონზე გაცილებით ნაკლები იყო. 

4. ბიტკოინების მითვისება. ამავე პერიოდში რიკეშ თაპა კომპანიის ციფრულ აქტივებს ითვისებდა, რომლებიც "ცუდად იდო". თაღლითს ამის გაკეთება მასზე დაკისრებული კრიპტოვალუტის ტრანზაქციების კონტროლის მოვალეობის წყალობით შეეძლო. იმისთვის, რომ ის ფაქტზე არ დაეჭირათ, თაპა სავაჭრო ჩანაწერებს აყალბებდა და ელექტრონულ წერილებს შლიდა. ამრიგად მან, სულ მცირე, ათეული ბიტკოინი მიიღო. თაპამ ისინი წარმატებით გაყიდა და შემოსავალი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა. 

5. “ცელქობა” utility-ტოკენებით. კიდევ ერთი (საბოლოო) თაღლითობა Blockparty-ის ტოკენების არასანქცირებული გაყიდვა იყო. 2019 წლის ზაფხულში რიკეშ თაპა იტალიაში გაემგზავრა, სადაც კომპანიის 174 000-ზე მეტი utility-ტოკენი გაყიდა. ამის შესახებ Blockparty-ის გენერალური დირექტორისთვის, რა თქმა უნდა, არ უცნობებია.
როგორც დღეს ვამტკიცებთ, მოპასუხე არაერთხელ ჰპარავდა და ატყუებდა დაზარალებულ კომპანიას, რომლის თანადამფუძნებელი იყო, რათა მდიდრული პირადი ცხოვრების წესი დაეფინანსებინა. თავისი დანაშაულების დაფარვის მცდელობისას, მან ასევე წაშალა და გააყალბა ჩანაწერები. გამოძიების ფედერალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ პირები, რომლებსაც თაღლითობა და კერძო ბიზნესისგან ქურდობა სურთ, სისხლის სამართლის სისტემაში პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი
, - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის თანაშემწემ, მაიკლ ჯ. დრისკოლმა.
თაღლითს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.