ამერიკელები არსებულ ფინანსურ სისტემას უსამართლოდ თვლიან. ისინი ცვლილებებს ითხოვენ - ამაში დახმარება კრიპტოვალუტას შეუძლია.
ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟის, Coinbase-ის ბოლო კვლევის თანახმად, ზრდასრულ ამერიკელთა დაახლოებით 20%, რაც დაახლოებით 50 მილიონია, კრიპტოვალუტას ფლობს.
თავის პრესრელიზში Coinbase იუწყება, რომ გამოკითხვაში, რომელიც Morning Consult-მა 2023 წლის თებერვალში ჩაატარა, მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. კვლევამ აჩვენა, რომ კრიპტოჰოლდერთა 76%-ს სჯერა, რომ მომავალი კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინს ეკუთვნის. ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია ფერადკანიანების ჯგუფებსა და ახალგაზრდა ამერიკელებში.
ამასთან, გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ არსებული ფინანსური სისტემა უსამართლოა, ხოლო ამერიკელების 67% დარწმუნებულია, რომ მას სრული ტრანსფორმაცია ესაჭიროება. ამერიკელები, რომლებიც მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ, ასევე ამტკიცებენ, რომ კრიპტოვალუტები ფინანსურ სექტორში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი გამოსავალი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური პრეფერენციები არანაირად არ მოქმედებს კრიპტოვალუტების ერთგულებაზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელებიც (18%), დემოკრატებიც (22%) და უპარტიოებიც (22%) კრიპტოვალუტას დაახლოებით ერთნაირი პროპორციით ფლობენ.
კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ 2022 წლის ყველა მოვლენის მიუხედავად, ამერიკელი მოსახლეობის დამოკიდებულება კრიპტოვალუტების მიმართ პრაქტიკულად არ შეცვლილა.
გარდა ამისა, Z თაობისა (54%) და მილენიალთა უმრავლესობა (55%) თანხმდება, რომ მომავალი კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, ფლობენ ისინი კრიპტოვალუტებს, თუ არა.
Coinbase იუწყება, რომ აპირებს თანამშრომლობას პოლიტიკოსებთან ტრადიციული ფინანსების სფეროდან, რათა სიტუაციის გაუმჯობესებას დაეხმაროს და სურს, წამოიწყოს კომპლექსური კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. მისი მიზანია, ისაუბროს ყოველდღიურ პრობლემებზე, რომლებსაც მომხმარებლები აწყდებიან, ასევე, იმაზე, თუ როგორ შეუძლია კრიპტოვალუტას, ამ პრობლემების გადაჭრას შეუწყოს ხელი.
„ჩვენ გვესმის, რომ ფინანსური სისტემების უმეტესობა 100 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდა, როდესაც კომპიუტერები და ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ტექნოლოგია არაეფექტურია და მთელ მსოფლიოში ხალხი ამის საფასურს თავისი დროით, ფულით და შესაძლებლობებით იხდის. ჩვენ ვიცით, რომ არსებულ ფინანსურ სისტემაში ბევრი მუშაობს მის მოდერნიზებაზე, მაგრამ ძირითადი პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება და ამ საკითხში დახმარება სწორედ კრიპტოვალუტებს შეუძლია“, - ნათქვამია პრესრელიზში.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტები უკვე უწყობს ხელს რეალური პრობლემების გადაწყვეტას და მოჰყავს წინა კვლევები, რომელთა თანახმად, მოსახლეობა, რომელიც საბანკო მომსახურებაზე წვდომას მოკლებულია, უფრო ხშირად იყენებს კრიპტოვალუტას.
„კრიპტოვალუტები უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და იაფ საერთაშორისო გადარიცხვებს, ხოლო ციფრული სტეიბლკოინები საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საბანკო ინსტიტუტებში მიმართონ, მიიღონ წვდომა აშშ დოლარსა და ფინანსურ სერვისებზე მცირე ბიზნესის დასაწყებად“, - წერს Coinbase.
მანამდე GNCrypto წერდა, რომ Arbitrum-მა Coinbase-თან ინტეგრირება დაანონსა.
უფრო ვრცლად Coinbase-ის გენერალური დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის შესახებ აქ შეიტყობთ.