კრიპტოვალუტის საინდექსო ფონდები: Bitwise და Galaxy

ფოტო - კრიპტოვალუტის საინდექსო ფონდები: Bitwise და Galaxy
კრიპტოინდუსტრიის მრავალი პროდუქტი ტრადიციული სფეროებიდან არის ნასესხები და კრიპტოგრაფიისა და ბლოკჩეინის გამოყენებით რეალიზებული. კრიპტოვალუტის საინდექსო ფონდები სწორედ ასეთია.
მათ საფუძვლად აქციებისა და ბონდების საინდექსო ფონდების კონცეფცია და მექანიზმი უდევს, ოღონდ ციფრული აქტივების დამატებით. ამიტომ, იმისათვის, რომ გაიგოთ, რა არის საინდექსო ფონდები პრეფიქსით "კრიპტო", თქვენ ცნების წყაროებში უნდა გაერკვიოთ. 

საინდექსო ფონდი პასიური თანაზიარი ფონდია (აერთიანებს სხვადასხვა ინვესტორების ფულს, რომელსაც მენეჯერები მართავენ), რომელიც შეიცავს იმავე აქტივებს, როგორც გარკვეული ფინანსური ინდექსი ბაზარზე.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საფონდო ინდექსი S&P 500, რომელიც ასახავს 500 უმსხვილესი საჯარო ამერიკული კომპანიის აქციების მდგომარეობას კაპიტალიზაციის მიხედვით. მის საფუძველზე სხვადასხვა ფინანსური კომპანიისგან საინვესტიციო პროდუქტების დიდი რაოდენობა შეიქმნა.

მაშასადამე, საინდექსო ფონდი არის ერთიანი ინვესტიცია, რომელიც ერთ „კალათაში“ უამრავ ცალკეულ აქტივს შეიცავს, რომელიც ბირჟაზე ივაჭრება.

ფონდის მმართველი თანაბარი პროპორციით ყიდულობს ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ინდექსს ქმნის და კლიენტთა საერთო პორტფელის ბალანსს აკონტროლებს. არსი მდგომარეობს გამარტივებული პროდუქტის შექმნაში ორმხრივი პასიური ინვესტიციისთვის იგივე მომგებიანობით, როგორც ფინანსური ინდექსის შემთხვევაში. 

ამრიგად, კრიპტოვალუტის საინდექსო ფონდი საინვესტიციო პროდუქტია, რომელიც გულისხმობს, რომ სახსრები მართვისთვის პროფესიონალებს გადაეცემა, რათა შემდგომში მათი ინვესტიცია ბაზრის ტოპ საუკეთესო კრიპტოვალუტებში მოხდეს, რომლების მონიტორინგი გარკვეული ინდექსით ხდება. 

არსებობს კრიპტოვალუტის ისეთი ინდექსები, როგორიცაა Crypto Market Index 10 (CRYPTO10), Bloomberg Galaxy Crypto Index (BGCI), DeFi Pulse Index (DPI), Nasdaq Crypto Index (NCI), Royalton CRIX Crypto Index (CRIX). მოდით, კრიპტოვალუტის ყველაზე საიმედო საინდექსო ფონდები განვიხილოთ.

Bitwise 10 Crypto Index Fund (BITW)

ხარისხიანი ფონდი სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Bitwise-სგან, რომელიც ციფრული აქტივების ცნობილი მმართველია. საინდექსო  ფონდი 2017 წელს შეიქმნა. ის აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიაშია რეგისტრირებული.

პროდუქტი შედგება 10 საუკეთესო კრიპტოვალუტისგან მათი საბაზრო კაპიტალის მიხედვით, სტეიბლკოინების გამოკლებით. რაც უფრო დიდია ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია, მით უფრო ძლიერად ახდენს ის გავლენას საინდექსო ფონდზე. მაგალითად, ბიტკოინისა და ეთერიუმის წონა შესაბამისად 61.7% და 29.5% არის.

საინდექსო ფონდის საკომისიო, რომელიც მომხმარებელს ხარჯებისთვის ეკისრება, 2,5%-ს შეადგენს. მართვის ქვეშ მყოფი ციფრული აქტივების ოდენობა 351 მილიონ დოლარს აღწევს.

Bitwise 10 Crypto-ს მომგებიანობა ფონდის დაარსების დღიდან 66.2%-ს შეადგენს. გასული წლის შედეგებით, მან 62,4%-იანი ზარალი მოიტანა.
კრიპტო-საინდექსო ფონდის რებალანსირება (პორტფელის სტრუქტურის გადახედვა) ყოველთვიურად ხდება.

Bitwise 10 Crypto Index Fund-ის გარდა, კომპანია ასევე უზრუნველყოფს უფრო სარისკო კრიპტო-საინდექსო ფონდებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ სპეკულაციურ ალტკოინებს, NFT-ებს და ბლოკჩეინ-თამაშების ტოკენებს. თუმცა, მათში ინვესტიციის ჩადება მხოლოდ აკრედიტებულ ინვესტორებს შეუძლიათ. 
გვერდი Bitwise-ის ვებსაიტზე, რომელიც Bitwise 10 Crypto Index Fund-ის შესახებ ინფორმაციას შეიცავს

გვერდი Bitwise-ის ვებსაიტზე, რომელიც Bitwise 10 Crypto Index Fund-ის შესახებ ინფორმაციას შეიცავს

Galaxy Crypto Index Fund

კრიპტოვალუტის საინდექსო ფონდი, რომელიც 2017 წელს კრიპტოაქტივების ამერიკული მმართველი კომპანია Galaxy Fund Management-ის მიერ არის შექმნილი.

ის მოიცავს ციფრულ ვალუტებს, რომლებიც ინდექს Bloomberg Galaxy Crypto Index-ში შედის, კერძოდ, ტოპ 12 კრიპტოვალუტას საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით.

როგორც წინა მაგალითში, პორტფელს საფუძვლად BTC და ETH უდევს.

მაგრამ, Bitwise 10 Crypto Index Fund-ისგან განსხვავებით, მათზე, თითოზე, 35% მოდის.

კრიპტო-საინდექსო ფონდის დანარჩენ აქტივებში შედის: Cardano, Solana, Avalanche, Polkadot, Polygon, Cosmos, Litecoin, Chainlink, Uniswap და Algorand. 
გვერდი Galaxy Fund Management-ის ვებსაიტზე, რომელიც Bitwise Galaxy Crypto Index Fund-ის შესახებ ინფორმაციას შეიცავს

გვერდი Galaxy Fund Management-ის ვებსაიტზე, რომელიც Bitwise Galaxy Crypto Index Fund-ის შესახებ ინფორმაციას შეიცავს

კრიპტო-საინდექსო ფონდების უპირატესობები

დივერსიფიკაცია. საინდექსო ფონდები საშუალებას გაძლევთ, ინვესტიცია სხვადასხვა ტოპ კრიპტოვალუტაში ერთდროულად განახორციელოთ და ამით პორტფელის მრავალფეროვნება უზრუნველყოთ, რაც რისკების მართვისთვის მნიშვნელოვანია. 

ინვესტიციების პასიურობა. ფონდის მმართველისთვის თანხების გადაცემით თქვენ იხსნით გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. ქრება კრიპტოვალუტების შესაძენად კრიპტობირჟაზე დარეგისტრირებისა და კრიპტოსაფულეში სახსრების გადარიცხვის აუცილებლობა ქრება. ასევე აღარ მოგიწევთ ნერვიულობა პირად გასაღებზე, seed-ფრაზასა და შენახვის სხვა ნიუანსებზე.

რეგულირება. აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია აკვირდება საინდექსო ფონდებს, რომლებიც საფონდო ბირჟებზე  საჯაროდ ვაჭრობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Bitwise Foundation SEC-შია რეგისტრირებული.

კრიპტოვალუტის საინდექსო ფონდების ნაკლოვანებები

მაღალი საკომისიო. ტრადიციულ საფონდო ბაზარზე, საინდექსო ფონდები მათი დაბალი საკომისიოების გამო (1%-ზე ნაკლები) ფასობს, მაგრამ კრიპტო-საინდექსოებს ხარჯების უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვთ. ეს კრიპტობაზრის რისკსა და ვოლატილობასთანაა დაკავშირებული.

მცირე არჩევანი საცალო ინვესტორებისთვის. BITW-ისა და Galaxy-ს გარდა, კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომი და დროში გამოცდილი საინდექსო ფონდები პრაქტიკულად არ არსებობს. თუ თქვენ არ ხართ პროფესიონალი ინვესტორი, ამ საინვესტიციო პროდუქტში ინვესტიციის შესაძლებლობები შეზღუდულია.

ვოლატილობა. იმ დროს, როდესაც კლასიკური საინდექსო ფონდები შექმნილია იმისთვის, რომ ინვესტორები ფასების დიდი რყევებისგან დაიცვან, კრიპტო-საინდექსო ფონდები ამის შეთავაზებას ვერ ახერხებენ. ეს კრიპტოვალუტის ბაზრის ბუნებით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო ანაზღაურება შეიძლება, აღემატებოდეს საწყის ინვესტიციას, არსებობს არც თუ მცირე რისკი იმისა, რომ ინვესტორი მოკლევადიან პერიოდში ინვესტიციით დაზარალდეს. 

ამჟამად, კრიპტოვალუტის საინდექსო ფონდებზე დიდი მოთხოვნა არ არის და ისინი საკმაოდ ახალი და შეუსწავლელი პროდუქტია. შესაძლოა, ამ მიმართულებით კრიპტოინდუსტრიის გაფართოებასთან ერთად, უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდეს.