კრიპტოვალუტის სახელმწიფო რეგულირება: რა ელის უკრაინას 2023 წელს

ფოტო - კრიპტოვალუტის სახელმწიფო რეგულირება: რა ელის უკრაინას 2023 წელს
უკრაინის კანონი „ვირტუალური აქტივების შესახებ“ ძალაში ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე შევიდა, თუმცა უკრაინის კრიპტობაზრის სრულფასოვანი ამოქმედება სულ ყოვნდება. რა არის მიზეზი?

უკრაინის კანონი „ვირტუალური აქტივების შესახებ“ ჩარჩოა

ახალი კანონი არის სიგნალი იმისა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, როგორც უკრაინული კომპანიები, ასევე საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანაში კრიპტობიზნესის განვითარებას ლეგალურად შეძლებენ. კრიპტობირჟების და კრიპტოგადამცვლელების საქმიანობა მხოლოდ სამართლებრივ ველში განხორციელდება. ხელისუფლება კრიპტოაქტივების თაღლითობისა და ყველა სახის ბოროტად გამოყენებისგან მოქალაქეების დაცვას დაიწყებს. უკრაინელებს საშუალება ექნებათ, სამართლებრივი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართონ.

„ვირტუალური აქტივების შესახებ“ კანონის მნიშვნელოვან ნოვაციებს შორისაა:

  1. კონცეპტუალური აპარატის („ვირტუალური აქტივები“, „ფინანსური ვირტუალური აქტივები“ და სხვ.) დანერგვა.
  2. მოთხოვნები სერვისის პროვაიდერებისადმი, რომლებიც ვირტუალური აქტივების მიმოქცევასთან არის დაკავშირებული.
  3. ვირტუალური აქტივების საჯარო განთავსების საკითხების მოგვარება.
  4. ჯარიმები კანონის დებულებების დარღვევისთვის და ა.შ.

თუმცა, ჯამში, დოკუმენტი მხოლოდ განზრახვის დეკლარაციაა. იგი სრული ძალით მხოლოდ კანონქვემდებარე აქტების შექმნისა და დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც არსებულ კანონებში უნდა შევიდეს, ასევე  სამინისტროებისა და უწყებების ახალ ბრძანებებზე. ეკოსისტემა, რომელშიც სახელმწიფო კრიპტოვალუტის ბაზრის უკრაინელ მოთამაშეებთან და უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობას შეძლებს, ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაზეა.

კრიპტოვალუტის შესახებ რა ახალ კანონებს შემოიღებენ 2023 წელს

ნაკლული დოკუმენტების განხილვისა და განვითარების მიზნით, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკონსულტაციო საბჭო შექმნა. მასში შევიდნენ როგორც ციფრული განვითარების სამინისტროს, უკრაინის ეროვნული ბანკის, ასევე ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბაზრის ეროვნული კომისიის სპეციალისტები, ასევე ვირტუალური აქტივების ბაზრის მონაწილეები. IT სფეროს განვითარების საკითხებში ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბორნიაკოვის თქმით, პროცესში ჩართეს  უკრაინული ბლოკჩეინ-ინდუსტრიის წარმომადგენლები - KUNA, WhiteBit, Hacken, Remme, Bitfury და GeoPay.

საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს უკრაინის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის შემუშავება და დამტკიცება დაეწყოთ. ის ვირტუალური აქტივებით შესრულებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრას დაარეგულირებს. ასევე მომსახურების მიმწოდებლების ლიცენზირების საკითხები და პირობებიც განიხილება.

რიგი ცვლილებების შეტანა „ვირტუალური აქტივების შესახებ“ ახალ კანონშიც იგეგმება. საქმე ისაა, რომ კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირმა კრიპტოაქტივების ბაზრის რეგულირების რეგლამენტი (MiCA) მნიშვნელოვნად განაახლა. თავის მხრივ, გასულ ზაფხულს უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი  მიიღო. ამიტომ, საკუთარი კრიპტოკანონმდებლობა არსებულ ევროპულ მარეგულირებელ მექანიზმებს სასწრაფოდ უნდა მოერგოს.

დიდი ალბათობით, საბირჟო პლატფორმებს სავალდებული წესით მოსთხოვენ white paper-ს (დოკუმენტი, რომელიც პროდუქტის, ან პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციას შეიცავს). შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისთვის სანქციები იქნება გათვალისწინებული. გაწერილი იქნება სერვისის მიმწოდებლების პასუხისმგებლობა კრიპტოინვესტორების მიერ სახსრების დაკარგვის შემთხვევაში. 
ამ უკანასკნელისთვის გათვალისწინებული იქნება დისკლეიმერი, რომელშიც აღნიშნულია ზარალის რისკები და ა.შ. კანონპროექტის პირველი დრაფტის მომზადება, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, იანვრის ბოლოს იგეგმება.

როდის ამოქმედდება უკრაინაში კრიპტოვალუტების ლეგალური ბაზარი?

„ჩვენ გვინდა უკრაინაში კრიპტობიზნესის განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები შევქმნათ, რათა გლობალურმა კრიპტოკომპანიებმა უკრაინაში ლეგალურად შესვლა და საბანკო სისტემის გამოყენებით ბიზნესის წარმოება შეძლონ. უკრაინელებმა კი - ვირტუალურ აქტივებში თავიანთი შემოსავლის დეკლარირება და დაცვა“, - ამბობს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი.

თუმცა, გამჭვირვალე სამართლებრივი ველის არარსებობის მიუხედავად, უკრაინა კრიპტოვალუტების მოხმარების მსოფლიო ლიდერების სამეულში უკვე შევიდა. მაჩვენებლების ჯამით ქვეყანამ გაასწრო ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა აშშ (მე-5 ადგილი) და ჩინეთი (10 ადგილი).

ასევე, ლეგალური კრიპტობაზრის ამოქმედებამდე, 2023 წლის თებერვლიდან, უკრაინაში უკრაინელებისთვის უფასო საბაზისო კრიპტოწიგნიერების კურსი დაიწყება. პროექტს ახორციელებენ ციფრული განვითარების სამინისტროს სპეციალისტები უმსხვილეს ევროპულ კრიპტობირჟა Whitebit-თან, არაკომერციულ ორგანიზაცია Filecoin Foundation for the Decentralized Web-სა და პროექტ Atlantis.world-თან ერთად, რომელიც Web3 სოციალურ მეტავერსს ქმნის. 

თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინელები კრიპტობაზრის სრულფასოვან ამოქმედებას 2024 წლამდე არ უნდა ელოდონ. პირველ რიგში, ყველა საჭირო ცვლილებისა და კანონქვემდებარე აქტის მიღებას დრო დასჭირდება. მეორეც, მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტი MiCA-ს მიმდინარე წლის აპრილში უყრის კენჭს.  მაგრამ ამავე დროს, რეგლამენტის დებულებების გამოყენება დაიწყება მხოლოდ 18 თვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ, ანუ არა უადრეს 2024 წლის მე-4 კვარტლისა. დიდი ალბათობით, უკრაინა ვერ გაასწრებს გრაფიკს, რომლის მიხედვითაც ევროპელი კანონმდებლები გეგმავენ მოქმედებას.