პროექტი Etherisc და DeFi დაზღვევა
DeFi-ის აპლიკაციის გამოყენებითი შესაძლებლობები მხოლოდ ტოკენების გაცვლითა და NFT-ების ვაჭრობით არ შემოიფარგლება. ერთრანგიანი ქსელების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი დეცენტრალიზებული, მათ შორის სადაზღვევო პროექტების შესაქმნელად.
რა არის DeFi-დაზღვევა
ადამიანების სულიერი სიმშვიდის უზრუნველყოფა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ საჭიროებიდან წარმოიშვა მრავალმილიარდდოლარიანი სადაზღვევო ინდუსტრია, რომელიც ასობით წელია რისკების გაანგარიშების საფუძველზე მუშაობს.
თუ პოტენციურმა მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ზარალი, ადამიანები ყოველთვის ეძებენ მისი მინიმიზაციის გზებს, მათ შორის ფინანსური კომპენსაციის გზით. ტრადიციული სადაზღვევო კომპანიები მილიონობით მომხმარებლისგან სადაზღვევო შენატანების აკუმულირებას ახდენენ, რათა ათასობით მათგანს რაიმე სახის კატასტროფის შემთხვევაში ზარალი აუნაზღაურონ.
მზღვეველები ფსონს დებენ იმაზე, რომ მათ მიერ გადახდილი კომპენსაცია მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება იმ თანხებზე, რომლებსაც მათი კლიენტები მუდმივად იხდიან. დაზღვევის მისაღებად ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი მოთხოვნა გამართლებულია და ხანძარი, წყალდიდობა, ავადმყოფობა, ან ძვირფასი ქონების ქურდობა მათი ბრალი არ ყოფილა.
სადაზღვევო კომპანიებს იურისტების უზარმაზარი რაოდენობა ჰყავთ დაქირავებული, რომლებიც განიხილავენ პრეტენზიებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავენ კომპენსაციის ოდენობას თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის.
ასე მუშაობენ ცენტრალიზებული ორგანიზაციები.
DeFi-ის გაჩენასთან ერთად გაჩნდა კითხვა: შეიძლება თუ არა დაზღვევა იყოს დეცენტრალიზებული? ბლოკჩეინისა და სმარტ კონტრაქტის ტექნოლოგიებმა ტრადიციული საგნებზე ჩვენი შეხედულება მთლიანად შეცვალა.
DeFi დაზღვევა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ზიანის კომპენსაცია სმარტ კონტრაქტში დაფიქსირებული პარამეტრების მიხედვით ხდება.
ასეთ თვითშესრულებად პოლისში შესაძლებელია დაწესდეს ყველაზე მოულოდნელი პარამეტრები: ფერმის ნათესების დაზღვევისთვის - ნალექების რაოდენობით დაწყებული (მმ-ში), გატეხებისგან დაზღვევისთვის - კრიპტოსაფულის მოდელით დამთავრებული.
დაზღვევაში სმარტ კონტრაქტების გამოყენებით რამდენიმე პრობლემა წყდება:
1. იფილტრება ყალბი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიის მიმართ.
2. მცირდება გამომძიებლებისა და სასამართლო მკვლევარების რაოდენობა.
3. დაზღვეული მოვლენების ანაზღაურება ავტომატურად ხდება.
DeFi დაზღვევას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ კერძო პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს იყენებენ.
რისი დაზღვევაა შესაძლებელი Etherisc-ზე
Etherisc არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც სმარტ კონტრაქტების საფუძველზე სადაზღვევო მომსახურებითაა დაკავებული. შესაძლოა, ის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეკონომიური არ იყოს. მაგრამ მის მაგალითზე, ადვილია გარკვევა, თუ როგორ მუშაობს დეცენტრალიზებული დაზღვევა პრაქტიკაში.
Etherisc ბაზარზე 2017 წლის ნოემბერში გამოვიდა. მისმა შემქმნელებმა, სტეფან კარპიშჩეკმა და კრისტოფ მასენბროკმა სადაზღვევო დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის ღია საწყისი კოდის მქონე პლატფორმა შეიმუშავეს. ვინაიდან Etherisc Ethereum-ის ქსელში მუშაობს, ნებისმიერ კერძო, კომერციულ თუ არაკომერციულ ორგანიზაციას შეუძლია, მის სისტემას შეუერთდეს.
ერთრანგიანი ჯაჭვის გამოყენებით, Etherisc დაზღვევის გადახდის ავტომატიზაციას და აჩქარებას ახდენს. ასეთი დეცენტრალიზებული სერვისი იცავს სამი ძირითადი რისკისგან: ჰაკერების თავდასხმებისგან, ქურდობისა და სტიქიური უბედურებებისგან.
დაზღვევის რამდენიმე მიმართულება უკვე აქტიურად გამოიყენება, ზოგიერთი კი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.
1. გვალვისა და წყალდიდობისგან ნათესების დაზღვევა. კლიენტმა მხოლოდ უნდა მიუთითოს თავისი მინდვრის გეოლოკაცია, კულტურის დასახელება, პერიოდი, რომლისთვისაც სურს მოსავლის დაზღვევა და კომპენსაციის ოდენობა. სმარტ კონტრაქტი ავტომატურად დაუკავშირდება ამინდის სახელმწიფო სერვისებს და გამოთვლის ყოველთვიურ გადასახადს. გვალვის, ან წყალდიდობის შესახებ მონაცემების მიღებისთანავე, სმარტ პოლისი შესრულდება და კლიენტი ანაზღაურებას ავტომატურად მიიღებს.
2. ავიაგადაფრენის დაზღვევა. ეს ავიაკატასტროფებისა და ფრენების დაგვიანებისგან მოკლევადიანი დაზღვევაა. ამ შემთხვევაში, საკმარისია, მიუთითოთ ავიაკომპანია და რეისის ნომერი. მათ, ვინც ავიაკომპანიებისგან მათი შეცდომით დაგვიანებული ფრენისთვის კომპენსაციის მიღებას ცდილობდა, ესმით, რამდენად მოსახერხებელია ამ შემთხვევაში DeFi დაზღვევა. გადახდები ამ შემთხვევაში მყისიერად ხდება, როგორც კი სისტემაში გამოჩნდება ინფორმაცია ფრენის დაგვიანების, ან გაუქმების შესახებ.
3. კრიპტოვალუტით უზრუნველყოფილი სესხების გირაოს დაზღვევა. პოლისი სესხის თანხის 100%-მდე იხდის, თუ მსესხებლის მიერ მოწოდებული გირაოს ღირებულება 90%-ით, ან მეტით მცირდება. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძვირადღირებული პოლისია და კრიპტოვალუტების შეზღუდულ ჩამონათვალზე ვრცელდება. მაშინაც კი, თუ რომელიმე კომპანია გირაოს სახით რომელიმე შიტკოინი მიღებას დათანხმდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Etherisc-მა ასეთი გარიგების დაზღვევის შესაძლებლობა მისცეს.
კრიპტოსაფულის დაზღვევა და უბედური შემთხვევისგან დაზღვევა ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ამიტომ, ჩვენ ახლა ვერ ავხსნით, თუ როგორ არის შესაძლებელი ამგვარი შემთხვევების ავტომატური მონიტორინგი სმარტ პოლისის მეშვეობით. შესაძლოა, ეს განხორციელდეს მაშინ, როდესაც სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა ბლოკჩეინზე გადავა?
რა არის ტოკენი DIP
Etherisc DIP utility-ტოკენებია, რომლებიც Etherisc-ის სისტემაში გამოიყენება. აბრევიატურა "DIP" "დეცენტრალიზებული დაზღვევის პროტოკოლს" ნიშნავს. ვინაიდან პროექტი Ethereum-ის ქსელის ბაზაზე მოქმედებს, ეს ERC-20 ფორმატის ტოკენია.
DIP მომხმარებლებს DeFi სადაზღვევო პლატფორმაზე წვდომას ანიჭებს. ტოკენ DIP-ის განთავსებით, მონაწილეები რისკების გირავნობას უზრუნველყოფენ და მომსახურების მომავალ პროდუქტიულობის, ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის გარანტიას იძლევიან.
საერთო ემისია 1 მილიარდ DIP-ს შეადგენს.
სტატიის მომზადების მომენტისთვის მიმოქცევაში 239 742 108 ტოკენი იყო. მთლიანი კაპიტალიზაცია - $4 622 681.
ტოკენ DIP-ის ფასი პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იზრდება დეცენტრალიზებული დაზღვევის პოპულარობა ბლოკჩეინ გარემოში. ჩვენი აზრით, იდეის მიმზიდველობის მიუხედავად, ფართო გავრცელებისგან ის ჯერ კიდევ შორსაა.