ევროკავშირმა MiCA-ს დებულებები მიიღო. რას ნიშნავს ეს კრიპტოსთვის?

ფოტო - ევროკავშირმა MiCA-ს დებულებები მიიღო. რას ნიშნავს ეს კრიპტოსთვის?
ევროკავშირმა დაამტკიცა ახალი საკანონმდებლო ბაზა კრიპტოაქტივების ბაზრისთვის (MiCA). მიუხედავად იმისა, რომ მისი შემუშავება ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, ახლა რეგულირების საკითხი უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით 2022 წლის პრობლემების შემდეგ.

MiCA-ს დებულებების არსი

ეს არის ევროკავშირის ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებული პაკეტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს თაღლითური საინვესტიციო სქემებისა და კიბერდანაშაულის, მათ შორის კრიპტოვალუტების მეშვეობით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას. ის ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

რა წესები იქნება ახლა?

მოქმედი კრიპტოკომპანიები ახლა ვალდებულნი არიან, დარეგისტრირდნენ ფინანსურ მარეგულირებელ ორგანოში ევროკავშირის სულ მცირე ერთ წევრ ქვეყანაში და იძლევიან გარანტიას, რომ მათ რისკების მართვის ჯანსაღ სისტემა გააჩნიათ.

სტეიბლკოინების ემიტენტენს საკმარისი რეზერვების უზრუნველყოფა მოეთხოვებათ. თუ ტოკენები მიბმული იქნება არა ევროზე, არამედ სხვა ვალუტაზე, მაშინ გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს. ასეთი ტოკენების ვაჭრობის მოცულობა დღეში 200 მილიონი ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

შემაშფოთებელია კრიპტოკომპანიების ვალდებულება კრიპტოვალუტურ გადარიცხვებთან დაკავშირებით. გამგზავნისა და მიმღების შესახებ მთელი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივ ორგანოს.

ყველა სეგმენტი არ არის მოცული

ევროკავშირის ეკონომიკურმა გავლენამ პოტენციურად შეიძლება აქციოს MiCA-ს დებულებები გლობალურად აღიარებულ სტანდარტად, როგორც ეს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის შემთხვევაშია. თუმცა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს საკანონმდებლო ბაზა იდეალურისგან შორს არის, რადგან ის კრიპტოინდუსტრიის ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს არ მოიცავს. რეგულაცია არ ეხება NFT-ს, დეცენტრალიზებულ ფინანსებსა და კრიპტოვალუტის სტეიკინგს.

სულ არაფერს სჯობს

არსებული კრიტიკის მიუხედავად, ზოგიერთი მსხვილი მოთამაშე თვლის, რომ ევროკავშირის ეს დებულებები წესების არარსებობას მაინც სჯობს. შეერთებული შტატების ორაზროვანი ნორმატიული ლანდშაფტისგან განსხვავებით, MiCA რეგისტრაციის გზას უზრუნველყოფს და საქმიანობის საზღვრებს განსაზღვრავს. მარეგულირებლების რეპრესიული ზომების გამო, რომლებმაც ახალი ინდუსტრიისთვის მკაფიო კანონმდებლობა არ შეიმუშავეს, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ თავშესაფრის ძებნა სხვა ქვეყნებში დაიწყო. 

წესები უკვე მოქმედებს?

მოსალოდნელია, რომ დებულებების საბოლოო ვარიანტი ივნისის ბოლოს იქნება მზად, წესები კი მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდება. თუმცა, მათი გამოყენება ეტაპობრივად მოხდება, რათა ყველა მონაწილემ დროულად ადაპტირება შეძლოს.

სტეიბლკოინების მიმართ მოთხოვნები 2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება, მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები კი ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა.