ბრაზილია და ბიტკოინი: კრიპტორეგულირების კანონპროექტის ანალიზი

ფოტო - ბრაზილია და ბიტკოინი: კრიპტორეგულირების კანონპროექტის ანალიზი
22 დეკემბერს, დილით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას არეგულირებს.
მიღებული დოკუმენტი ბრაზილიის ფარგლებში მთავარი კრიპტოვალუტის გამოყენების ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას სრულად აყალიბებს. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერამდე კანონპროექტი კონგრესმა ტექსტში წინასწარი ცვლილებების შეტანის გარეშე მიიღო.

რამდენიმეწლიანი ისტორია

ბრაზილიაში კრიპტოვალუტის ლეგალიზებას უკვე რამდენიმე წელია ცდილობენ. ყველაზე დიდი ძვრები ამ სფეროში 2022 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც კანონპროექტების განხილვა კონგრესმა დაიწყო. დოკუმენტების უმეტესობა, როგორც სენატმა, ასევე წარმომადგენელთა პალატამ, უარყო და შენიშვნებით უკან დააბრუნა. 

სიტუაცია ბირჟა FTX-ის კრახთან დაკავშირებულმა ვითარებამ შეცვალა. კრიპტოვალუტისთვის საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ბოლო კანონპროექტში მხოლოდ რამდენიმე შესწორება შევიდა, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.

კანონის არსი

მიღებულ დოკუმენტში ბიტკოინი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვირტუალური აქტივი, „ღირებულების ციფრულ უზრუნველყოფად“ არის აღიარებული. აქტივს უფლება აქვს, გადახდის საშუალება იყოს, ასევე ინვესტიციის სახით იყოს წარმოდგენილი. პირველ შემთხვევაში რეგულაციის ფუნქციას ბრაზილიის ცენტრალური ბანკი (BCB) კისრულობს, ბიტკოინის საინვესტიციო ასპექტით კი ქვეყნის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (CVM) დაკავდება. 

ბევრი ცენტრალური ბანკისთვის უფლებამოსილების მინიჭებას აკრიტიკებს. კანონის გაუქმებას ის ვერ შეძლებს, მაგრამ ბიტკოინისთვის გადახდის საშუალების სტატუსის მინიჭებას, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის. BCB-ის პრეზიდენტი რობერტო კამპოს ნეტო, მათი ვოლატილობის გამო, კრიპტოვალუტების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვს არაერთხელ გამოთქვამდა, ამასთან პრიორიტეტს CBDC-ის ამოქმედებას ანიჭებდა, რაც 2024 წლისთვის იგეგმება.

წინაღობა კრიპტოკომპანიებისთვის

ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოვალუტის სექტორის რეგულირება ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერების (VASP) საქმიანობაში მის ჩარევასაც გამოიწვევს.  ქვეყანაში ოპერირებამდე,  კომპანიებს მარეგულირებელი ორგანოს  თანხმობის მიღება მოუწევთ.

ბიუროკრატიის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, კრიპტობირჟას, გაცვლის პუნქტს, ან სხვა სტრუქტურას ბრაზილიაში მუშაობის ლიცენზიის აღება, შესაძლოა, ძალიან გაუჭირდეს.

პასუხისგებაში მიცემა

მიღებული კანონპროექტის ერთ-ერთი დადებითი მხარე კრიპტოვალუტის სფეროში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განსაზღვრაა.

კრიპტოვალუტის უკანონო გამოყენება ამიერიდან თაღლითობა და ფულის გათეთრებაა, რაც კანონით 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან დიდი ფინანსური სანქციებით ისჯება.

ლეგალიზაციამდე ჯერ კიდევ შორია

პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერა კარგი დასაწყისია, მაგრამ კრიპტოვალუტის სრულ მიღებაზე საუბარი ჯერ არ არის. ჯერ ერთი, ოფიციალურად კანონი ძალაში ხელმოწერიდან 180 დღეში შედის.

მეორეც, დოკუმენტი პრაქტიკაში გატესტილი ჯერ არ არის და ზემოთ აღწერილი გარემოებების გამო, დაჩქარებული წესითაა მიღებული. სავარაუდოდ, მას უკან გაიწვევენ და დახვეწენ, ეს კი ხშირად დროში იწელება. 

თანაც ვირტუალური აქტივების სფეროს მთელი რიგი ასპექტები საერთოდ გამოტოვეს.

● ერთ-ერთი წესი მოითხოვს, რომ VASP-ებმა მომხმარებლის სახსრები საკუთარი კაპიტალისგან ცალკე შეინახოს. ეს ნამდვილად უწყობს ხელს პრობლემის თავიდან აცილებას, რომელმაც FTX დაღუპა, მაგრამ კრიპტოკომპანიებისთვის დიდი ბარიერსა და კრიპტაში შესვლის მაღალ სასტარტო ზღვარს ქმნის.

● მაინინგ ფერმები საგადასახადო შეღავათების მიღებას მოკლებულია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელექტროენერგიას ენერგიის ალტერნატიული წყაროებიდან იღებს. 

● სახელმწიფო უწყებებს ანგარიშების გახსნისა და VASP-ში სახსრების მართვის უფლება არ აქვს.

ეს და მრავალი სხვა პრობლემა მალე ბრაზილიის კრიპტოვალუტის საზოგადოებისთვის შესამჩნევი გახდება, რომელიც მიღებულ კანონპროექტს ყურადღების გარეშე არ დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში კრიპტოვალუტა იურიდიულად კანონიერი, მაგრამ პრაქტიკულად გამოუყენებელი იქნება.