ევროკავშირი კრიპტოგადასახადებისგან თავის არიდებას ბოლოს უღებს

ფოტო - ევროკავშირი კრიპტოგადასახადებისგან თავის არიდებას ბოლოს უღებს
ევროპის საბჭომ MiCA-ს რეგლამენტში ფიზიკური პირების დაბეგვრის შესახებ ბოლო ცვლილებები შეიტანა. აქტივების ნუსხას, რომლებიც ფისკალურ გამოქვითვას ექვემდებარება, კრიპტოვალუტები დაემატა.
16 მაისს ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენლებმა ფიზიკური პირების დაბეგვრის შესახებ დირექტივაში ცვლილებების შეტანაზე შეთანხმებას მიაღწიეს. საბჭოს აზრით, გამოქვეყნებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს არსებულ საკანონმდებლო ბაზას გადასახადის გადამხდელთა ვალდებულებების მოცულობის გაფართოებისა და საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ხარჯზე. ცვლილებები, ძირითადად, ეხება ორ სფეროს: ანგარიშგებასა და კრიპტოაქტივებით შესრულებული ტრანზაქციებისა და შეძლებული პირებისთვის წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას.

თუ ოფიციალურ კომუნიკეს ადამიანურ ენაზე გადავთარგმნით, ეს ასე ჟღერს: "ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაფართოოთ კონტროლი საცალო ინვესტორებზე და, რათა არავინ გაგვისხლტეს ხელიდან, შევქმნით ახალ სტრუქტურას, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს ქმედებებს იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კი, რომლის მოქალაქეც ხართ“.

ამ ცვლილებების მთავარი მიზანი კრიპტოშემოსავლების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაა. ციფრული აქტივების დეცენტრალიზებული ბუნება საგადასახადო მოხელეებს საზღვარგარეთ კანონის დაცვაში ხელს უშლის. ამ საკითხის გადასაჭრელად, საბჭომ გადაწყვიტა, დანერგოს ინფორმაციის სავალდებულო ავტომატური გაცვლა ევროკავშირის 27 ქვეყნის ფისკალურ ორგანოებს შორის. ყველა კრიპტოკომპანია, რომელიც ევროკავშირშია რეგისტრირებული, ახლა იქნება ვალდებული, ავტომატურად გაუგზავნოს მარეგულირებლებს ინფორმაცია გადახდის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით შესრულებული ყველა ტრანზაქციის შესახებ, მათ შორის არაკასტოდიალური საფულეების მეშვეობით.

ჯერჯერობით უცნობია, ტექნიკურად როგორ განხორციელდება ეს. შესაძლოა, ჩართონ კომპანიები, რომლებიც ბლოკჩეინს აანალიზებენ.

ამით იგეგმება გადასახადების აკრეფის უზრუნველყოფა იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ინახავენ (ან აინვესტირებენ) ციფრულ სახსრებს თავიანთი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, რათა მიღებული შემოსავალი დამალონ.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კრიმინალებისთვის კრიპტოვალუტების მეშვეობით ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების გვერდის ავლას ართულებს.

გაურკვეველია, რა ზღვრულ თანხებზეა საუბარი. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ანგარიშებში, ტრანზაქციის ოდენობის გარდა, მითითებული იქნება გამგზავნისა და მიმღების სრული მონაცემები.

ცალკე არის დათქმა, რომ ახალი კანონი ვრცელდება ნებისმიერ აქტივზე, რომელიც ბლოკჩეინზე გამოიყენება, მათ შორის სტეიბლკოინებსა და NFT-ებზე.

შვედეთის ფინანსთა მინისტრმა, ელიზაბეტ სვანტესონმა ბრიფინგზე განაცხადა:
დღევანდელი გადაწყვეტილება ცუდი ამბავია მათთვის, ვინც ბოროტად იყენებდა კრიპტოაქტივებს თავისი უკანონო საქმიანობისთვის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ან ტერორიზმისა და ომის დასაფინანსებლად. ამის გაკეთება ევროპაში მხილების გარეშე შეუძლებელი იქნება – ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში
სიახლე ნამდვილად არ არის ძალიან სასიხარულო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ევროპული ბიუროკრატიის თავისებურებებსა და მსგავსი დირექტივების შემსრულებლების ტრადიციულად გადაჭარბებულ ინიციატივობას. უნდა ველოდოთ უარყოფით რეაქციას კრიპტოპლატფორმებისგან და, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის მიგრაციას უფრო ლოიალური კანონმდებლობის მქონე ქვეყნებში.