AI-ს რეგულირება: სამთავრობო პოზიციების მრავალფეროვნება

ფოტო - AI-ს რეგულირება: სამთავრობო პოზიციების მრავალფეროვნება
ხელოვნური ინტელექტი (AI) მუდმივად იხვეწება და მთელ მსოფლიოში მაღალჩინოსნები ახალი დარგის რეგულირების უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგანან. თითოეული სახელმწიფოს მიდგომა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართ განსხვავებულია.
მაგალითად, ჩინეთში, მთავრობის წარმომადგენლებს მკაცრი პოლიტიკა აქვთ. საჯარო ექსპლუატაციაში შესვლამდე, ისინი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სერვისების სავალდებულო შემოწმებას უჭერენ მხარს. სახელმწიფოს ინტერნეტის მარეგულირებელი - ჩინეთის კიბერსივრცის სამმართველო ხელოვნური ინტელექტის პროვაიდერებს მოუწოდებს, თვალყური ადევნონ კონტენტის უტყუარობას, პატივი სცენ ინტელექტუალურ საკუთრებას და დაიცვან უსაფრთხოების მკაცრი ზომები, რათა მომხმარებლებს საფრთხე არ შეექმნას, ან არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია. უფრო მეტიც, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი სათანადოდ უნდა იყოს მონიშნული. 
 
გადაწყვეტილება ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Baidu Inc.-ის პრეზენტაციას მოჰყვა. მარტის ბოლოს, Baidu-მ წარადგინა AI-ზე მომუშავე ჩატბოტი ERNIE. ERNIE კონკურენციას უწევს OpenAI-ს ChatGPT-ს და ეფუძნება AI-ს ღრმა სწავლების მოდელს, რომელიც გულისხმობს "გადმოცემის გაუმჯობესებას ცოდნის ინტეგრაციის გზით“. Baidu-ს ჩატბოტის გარდა, ჩინური ტექნიკური გიგანტები Alibaba Group Holding Ltd. და SenseTime Group Inc. ასევე აქტიურად ავითარებენ AI პლატფორმებს, რომლებიც Google-ისა და Microsoft-ის პროდუქტებთან კონკურენციის მიზნითაა შექმნილი. 
 
ამავდროულად, OpenAI-ის ChatGPT-ის მიმართ ღია მხარდაჭერა იაპონიამ დააფიქსირა. იაპონიის მთავრობა სამთავრობო უწყებების მუშაობაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვითაა დაინტერესებული. რა თქმა უნდა, თუ ამავდროულად იქნება მიღებული ზომები კონფიდენციალურობისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, იაპონიის ენთუზიაზმს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ყველა სახელმწიფო როდი იზიარებს. 
 
მოგეხსენებათ, იტალია კონსერვატიულ მიდგომას ამჯობინებს. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გაჟონვის შემდეგ, ქვეყანაში ChatGPT დროებით აკრძალულია. პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების შესახებ ბრალდებების შემდეგ კი, კანადაში ამოწმებენ, რამდენად იცავს OpenAI კონფიდენციალურობას. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, ებრძოლონ ხელოვნური ინტელექტის რისკებს, თუ ისინი საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკას. 
 
ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სტრატეგიების ზემოხსენებული მაგალითები ამ ტექნოლოგიის უკიდურეს კომპლექსურობასა და სიახლეზე მეტყველებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარება გაგრძელდება, სახელმწიფოებმა კი უნდა უზრუნველყონ ბალანსი მისი პოტენციალის გამოყენებასა და ხელოვნური ინტელექტის ფართოდ დანერგვასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შემცირებას შორის. გლობალურ ეკონომიკაზე ხელოვნური ინტელექტის მზარდ გავლენასთან ერთად, ეფექტური რეგულაციების შემუშავება და დანერგვა სულ უფრო აქტუალური გახდება. ეს დაეხმარება ხელოვნური ინტელექტის შეგნებულად გამოყენებას და ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას საზოგადოებაში.

GC
GN Crypto
ავტორი