Google ექიმების ხელნაწერს გაშიფრავს! Google for India 2022
ხელნაწერი სამედიცინო რეცეპტები ცალკე სამყაროა, რომლის გაგებაც ყველა ადამიანს როდი შეუძლია. მაგრამ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ბაზაზე შექმნილი გადაწყვეტილებების წყალობით, ფარმაცევტების ცხოვრება ბევრად უფრო გაიოლდება!
ინდოეთის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გრძელდება. ყოველწლიური კონფერენციის Google for India ფარგლებში კომპანიამ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ინტერნეტში ენობრივი ბარიერისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებები წარმოადგინა. რეცეპტების გაშიფვრისა და ტექსტში მედიკამენტების გამოყოფის მიზნით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მოდელი შემუშავების სტადიაშია, მაგრამ ბევრი აღფრთოვანებული გამოხმაურება უკვე მიიღო.
დიდი ხნის ნანატრ ტექნოლოგიას საფუძვლად არსებული ფუნქცია Google Lens უდევს, რომელიც ტექსტის ამოცნობის საშუალებას იძლევა. რატომ ვერ ართმევდა ის დავალებას თავს?
ბედის ირონიით, კომპიუტერს რეცეპტების გაციფრულება ისევე უჭირს, როგორც ჩვენ და თქვენ - ისინი არ არის სტრუქტურირებული, დაწერილია სტენოგრაფიით და სავსეა მინიშნებებით, რომელთა გაშიფვრაც ფარმაცევტებს შეუძლიათაღნიშნა ბლოგში კომპანიის Google Research India -ს კვლევების დირექტორმა მანიშ გუფთამ
ხელნაწერი სამედიცინო ტექსტის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილი, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მოდელი, რომელიც ღონისძიებაზე დააანონსეს, არა მხოლოდ რეცეპტის შინაარსის ამოცნობას, არამედ მითითებული მედიკამენტების გამოყოფასაც შეძლებს. Google-ში ინოვაციას ფარმაცევტთა ინსტრუმენტად წარმოაჩენენ და ხაზს უსვამენ, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ამ ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი შედეგების საფუძველზე მიღებული არ იქნება.
ეს ახალი ამბავი კომპანიამ თავის Twitter-ზეც გამოაქვეყნა:
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სამედიცინო მუშაკებისთვის გაციფრულების დამხმარე მოდელის შექმნით, ჩვენ კომპლექსურ პროცესზე დავიწყეთ მუშაობა, რათა გავარჩიოთ, რა წერია სამედიცინო რეცეპტებში
წყარო: Twitter
ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ტესტირების მიზნით, Google მრავალპროფილური ინდური კლინიკების Apollo Hospitals ქსელთან ითანამშრომლებს. განსაკუთრებული ყურადღების დათმობას პარტნიორები რადიოლოგიური კვლევებისთვის გეგმავენ. მოსალოდნელია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ტუბერკულოზის რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკისა და ბიოფსიის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული.
პროდუქტიული სოფლის მეურნეობა და ხელმისაწვდომი ინტერნეტი
ჯანდაცვა ერთადერთი დარგი არაა, სადაც Google ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დანერგვას გეგმავს. Google for India 2022-ზე კომპანიამ ციფრული სოფლის მეურნეობის კონცეფციის რეალიზაციის პროექტები წარადგინა.
ინდოეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამ სექტორშია დასაქმებული. მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ხელს არა მხოლოდ არსებული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს (კლიმატის თავისებურებები, დამუშავებული ტერიტორიების დიდი ფართობი, ფერმების მცირე ზომები, თანამედროვე სასარგებლო მონაცემების ნაკლებობა), არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესაც გააუმჯობესებს. დეველოპერები აპირებენ, ხელოვნური ინტელექტი მრავალი პროცესის ავტომატიზაციისთვის გამოიყენონ, წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის დადგენიდან დაწყებული, სათესი ფართობების ანალიზითა და სათესი კულტურების არჩევით დამთავრებული.
Google Research India-სთვის კიდევ ერთი პრიორიტეტული ამოცანა ინტერნეტში ენობრივი ბარიერის გადალახვაა. ინდური კულტურის დამახასიათებელი ნიშანი ენობრივი მრავალფეროვნებაა, რაც ონლაინ კომუნიკაციას და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას ართულებს. Google Research India გლობალურ კვლევით პროექტს 1,000 Languages Initiative უერთდება, რათა ინდოეთის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას ინტერნეტით მათთვის სასურველ ენაზე სარგებლობაში დაეხმაროს.
ინდოეთის მეცნიერების ინსტიტუტთან ერთობლივად, კომპანიის წარმომადგენლები ქვეყნის 773 რეგიონიდან მეტყველების მონაცემებს აგროვებენ და შიფრავენ. სამომავლოდ, ისინი ინდოეთის ბაზრისთვის განკუთვნილი, ენობრივი პროექტების დეველოპერისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Google Research India-ს შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ენობრივი ბარიერის აღმოფხვრაზეა მიმართული, ინდური ენების დამუშავების უნიფიცირებული მოდელი იქნება. ის ასზე მეტი დიალექტის გაანალიზებას როგორც ვერბალურ, ასევე წერილობით ფორმაში შეძლებს.