ჰონგ კონგი იწყებს CBDC პროგრამას

ფოტო - ჰონგ კონგი იწყებს CBDC პროგრამას
ჰონგ კონგის ფულად-საკრედიტო სამმართველომ (HKMA) გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC) მსოფლიო დანერგვის გზაზე. ხუთშაბათს მათ წარმოადგინეს ჰონგ კონგის ელექტრონული დოლარის (e-HKD) საპილოტე პროგრამა და განმარტეს მისი გამოყენების მრავალი ვარიანტი გადახდებსა და ტოკენიზებულ დეპოზიტებში.
საპილოტე პროგრამა e-HKD მოიზიდავს, როგორც ოპერაციულ პარტნიორებს,  მნიშვნელოვან მოთამაშეებს ფინანსური, ტექნოლოგიური და გადახდების სექტორებიდან. მათ შორისაა Bank of China, China Construction Bank, Industrial and Commercial Bank of China, ასევე გლობალური ბანკები HSBC და Standard Chartered.

HKMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ედი იუემ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ და როდის შემოიღოს e-HKD, საპილოტე პროგრამის გაშვება ამ შემთხევაშიც ძალიან საინტერესოა. მას მიაჩნია, რომ ამ პროექტში ინდუსტრიის საკვანძო მოთამაშეებთან პარტნიორობამ შეიძლება გაზარდოს მათი მზაობა e-HKD-ს პოტენციური გაშვებისთვის.

Alipay, Ant Group-ის გადახდის აპლიკაცია, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ჩინეთში, ასევე დატესტავს  e-HKD გადახდების პროგრამირებად სცენარებს მისი ჰონგ კონგის ფილიალის მეშვეობით. მონაწილეებს შორის არიან Visa, Mastercard და Ripple Labs. 

e-HKD-ის საპილოტე გაშვებამ უნდა შეისწავლოს მისი გამოყენება ექვს სფეროში: კომპლექსური გადახდები, პროგრამირებადი გადახდები, ოფლაინ გადახდები, ტოკენიზებული დეპოზიტები, Web3 ტრანზაქციები და გადახდები ტოკენიზებულ აქტივებში.

ეს ინიციატივა არის ოქტომბერში გამოქვეყნებული Whitepaper-ის შედეგი, რომელშიც HKMA განიხილავს საცალო CBDC-ის მიზანშეწონილობას. იმავდროულად, People's Bank of China აქტიურად ტესტავს საკუთარ CBDC-ს, e-CNY-ს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილად ითვლება. 

გარდა ამისა, HKMA-მ განაცხადა CBDC ექსპერტთა ჯგუფის შექმნის გეგმაზე, რომელიც შედგება სამეცნიერო და დარგობრივი ექსპერტებისგან. მათ ამოცანებში შედის პოლიტიკური და ტექნიკური საკითხების მოგვარება, ისეთების როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, კონფიდენციალურობის დაცვა და ფუნქციონალური თავსებადობა.

სტენლი ჩაომ, ამერიკული სტრატეგიული ფირმის All In Consulting-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელექტრონულ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ CBDC-ის საპილოტე გაშვებას შეუძლია ჰონკონგი ბაზრის ლიდერად აქციოს და  მრავალი სარგებელი მოუტანოს. ჩაომ აღიარა CBDC-ზე გადასვლის სირთულეები მომხმარებლებისთვის, საცალო ვაჭრობისთვის და ბანკებისთვის. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხების დაუყონებლივი მოგვარება გამოიღებს მნიშვნელოვან შედეგებს, ჰონგ კონგი კი  ბევრად გაუსწრებს ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ CBDC-ებს.

GC
GN Crypto
ავტორი