როგორ შევქმნათ საკუთარი კრიპტოვალუტა?
ბევრი კრიპტოენთუზიასტი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნაზე დაფიქრებულა. რითი სჯობს დაწყება? ტოკენების შექმნის რამდენიმე საშუალება არსებობს - ამ სტატიაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საფუძვლები, რომლებიც დაწყებაში დაგეხმარებათ.
საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ ფინანსურ ინვესტიციებსაც. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მკაფიო წარმოდგენა, თუ რისთვის არის საჭირო ახალი კრიპტოვალუტა, რა მიზნებს ემსახურება და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. გარდა ამისა, ნებისმიერი კრიპტოვალუტა უნდა იყოს გამოსადეგი და ბლოკჩეინში რაღაც პრობლემებს მაინც აგვარებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არავინ გამოიყენებს და არ ჩადებს მასში ინვესტიციებს, თავად ის კი მხოლოდ ქსელში არსებულ კოდად დარჩება.
კრიპტოვალუტის შესაქმნელად არსებობს ორი ვარიანტი: შექმენით ახალი კრიპტოვალუტა მოქმედ ბლოკჩეინზე, ან შექმენით ის საკუთარ ბლოკჩეინზე.
ვარიანტი 1: ახალი კრიპტოვალუტის შექმნა მოქმედ ბლოკჩეინზე
ახალი კრიპტოვალუტის შექმნა რაიმე ბლოკჩეინის წინასწარი შექმნის, ან მოდიფიკაციის გარეშეა შესაძლებელი. ტოკენის შესაქმნელად ახალი ქსელის განლაგება საჭირო არ არის. შეგიძლიათ შექმნათ ტოკენი უკვე მზა ბლოკჩეინზე. ამისათვის გამოგადგებათ Ethereum, Binance Smart Chain (BSC), Solana და Polygon.
ეს ქსელები საშუალებას გაძლევთ, შექმნათ და დააკონფიგურიროთ სმარტ კონტრაქტები, რომელთა მეშვეობითაც საკუთარი ტოკენების გამოშვებას შეძლებთ.
ძირითადი ნაბიჯები ბლოკჩეინ პლატფორმაზე ახალი ტოკენის შესაქმნელად:
- თქვენი პირველი ნაბიჯი არის გადაწყვეტილების მიღება, რომელ ბლოკჩეინზე უნდა განთავსდეს თქვენი ტოკენი.
- თქვენ მიერ არჩეული ბლოკჩეინის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა ჩამოტვირთოთ სტანდარტული ტოკენის საწყისი კოდი.
- შეგვაქვს ცვლილებები საწყის კოდში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი უმარტივესი სწორედ იმიტომ არის, რომ საკუთარი კრიპტოვალუტის შესაქმნელად საწყის კოდში საჭიროა მხოლოდ სამი პარამეტრის - ტოკენის სახელის, ტიკერის სახელისა და მაქსიმალური მიწოდების შეცვლა.
- როდესაც ახალი ტოკენის საწყისი კოდი მზად იქნება, რჩება მხოლოდ მისი გამოქვეყნება ბლოკჩეინზე. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ კრიპტოსაფულე, რომლის ფუნქციონალი თქვენ მიერ არჩეული ბლოკჩეინის სმარტ კონტრაქტებთან მუშაობას უჭერს მხარს.
- შეგვყავს შექმნილი ტოკენის მთელი საწყის კოდი, ასევე ვუთითებთ საფულის მისამართს, საიდანაც სმარტ კონტრაქტის ბლოკჩეინში დამატებისთვის საკომისიო ჩამოიჭრება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საფულის მისამართს, რომელიც შეტანილი იქნება გადახდისთვის, სისტემა შექმნილი ტოკენის მფლობელად ჩათვლის.
- შემდეგ, ხელახლა უნდა შევიყვანოთ ახალი ტოკენის საწყისი მონაცემები - დასახელება, ტიკერი და რაოდენობა. ასევე აუცილებელია ბლოკჩეინზე ახალი ტოკენის შესაქმნელად ქსელში არსებული სასურველი საკომისიოს მითითება.
- ვადასტურებთ ტოკენის შექმნის პროცესს და ვამატებთ მას ბლოკჩეინში.
სულ ესაა, ახალი ტოკენი მზად არის. ახლა თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ICO, ან IDO ინვესტიციების მოსაზიდად. თუ პროექტი საჭიროა მხოლოდ მომხმარებელთა ვიწრო წრისთვის, მაშინ შეგიძლიათ დაიწყოთ ტოკენების დარიგება.
სანდო პლატფორმის გამოყენება, როგორიცაა Binance Smart Chain, ან Ethereum, ნიშნავს, რომ, შესაძლოა, არ დაგჭირდეთ პროფესიონალი აუდიტორის, ან იურისტის მომსახურება ტოკენების პარტიის გაგამოშვებამდე.
ტოკენები, როგორც წესი, ნაკლებად ინდივიდუალიზირებულია, ვიდრე მონეტები, მაგრამ ტოკენის შექმნა, როგორც წესი, კრიპტოვალუტის შესაქმნელად ყველაზე სწრაფი და იაფი გზაა. თქვენს ტოკენს შეუძლია ისარგებლოს ბლოკჩეინის პლატფორმის უსაფრთხოებით, სადაც ის გამოიცა.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კრიპტოვალუტის შემუშავებისას
ტოკენომიკა. ეს არის ეკონომიკა, რომელიც მართავს თქვენს კრიპტოვალუტას და რომელზედაც დამოკიდებულია მთლიანი მიწოდება, განაწილების მეთოდი და საწყისი ფასი. თუ ტოკენომიკა არაეფექტური იქნება, მაშინ მომხმარებლები თქვენი კრიპტოვალუტის შეძენით არ დაინტერესდებიან.
კრიპტოვალუტის სარგებლიანობა. კრიპტოვალუტებს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სერვისებზე წვდომის გასაღებები, ზოგიერთი კრიპტოვალუტა წარმოადგენს აქციებსა და სხვა ფინანსურ აქტივებს. იმისათვის, რომ გაიგოთ და დაგეგმოთ თქვენი კრიპტოვალუტის შექმნის პროცესი, ჯერ მისი ფუნქციები უნდა განსაზღვროთ.
კრიპტოვალუტის შექმნის ღირებულება. ღირებულება მნიშვნელოვნად მერყეობს იმის მიხედვით, თუ რომელი ტოკენის შექმნის ვარიანტს აირჩევთ. მონეტების შექმნა საკუთარ ბლოკჩეინზე ყველაზე ძვირი დაჯდება, ხოლო Ethereum-ის პლატფორმაზე სტანდარტიზებული ტოკენის ამოქმედება შეიძლება უფასო იყოს (პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა WalletBuilders).
ნორმატიულ სტანდარტებთან შესაბამისობა. თითოეულ ქვეყანაში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით საკუთარი კანონები და რეგულაციები მოქმედებს. ზოგიერთ იურისდიქციაში კრიპტოვალუტა სრულიად აკრძალულია. გაანალიზეთ სამართლებრივი ვალდებულებები და ნორმატიული მოთხოვნების დაცვის პრობლემები, რომლებთანაც მოგიწევთ გამკლავება.
ვარიანტი 2: შექმენით ტოკენი თქვენს საკუთარ ბლოკჩეინზე
საკუთარი კრიპტოვალუტის მისაღებად სრულიად ახალი ბლოკჩეინის შექმნა რთული და ძვირი გზაა. ამ ვარიანტის განხორციელება, როგორ წესი, მოითხოვს კოდირების უნარებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ფუნდამენტურ გაგებას, მაგრამ ის ასევე იძლევა დაპროექტების მაქსიმალურ თავისუფლებას.
თუ გსურთ, შექმნათ კრიპტოვალუტა, რომელიც რაღაც გაგებით, ნამდვილად ახალი, ან ინოვაციურია, მაშინ თქვენი საკუთარი ბლოკჩეინის შექმნა ამ მონეტის მხარდასაჭერად, ალბათ, თქვენი საუკეთესო ვარიანტია.
საკუთარი ბლოკჩეინის შექმნის ძირითადი ეტაპები შემდეგნაირი იქნება:
- აირჩიეთ კონსენსუსის მექანიზმი. ყველაზე ხშირად გამოყენებული კონსენსუსის მექანიზმებია Proof-of-Work (PoW) და Proof-of-Skeke (PoS).
- შეიმუშავეთ თქვენი ბლოკჩეინ არქიტექტურა. თქვენი ბლოკჩეინი უნდა იყოს კერძო თუ საჯარო? ამ ეტაპზე გასათვალისწინებელია მომავალი ქსელის ყველა ფუნქცია, კრიპტოვალუტის მისამართის ფორმატით დაწყებული, სხვა ბლოკჩეინებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობით დამთავრებული.
- ჩაატარეთ თქვენი ახალი ბლოკჩეინისა და მისი კოდის აუდიტი. კრიპტოვალუტების ბევრი დეველოპერი კოდის შემოწმებისა და ნებისმიერი მოწყვლადობის გამოვლენისთვის სპეციალიზებული აუდიტორების დაქირავებას ამჯობინებს.
- შეამოწმეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ნებისმიერი ახალი კრიპტოვალუტის გამოშვებამდე, უნდა გადაიხადოთ კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის საფასური. იურისტებმა უნდა დაადასტურონ, რომ თქვენი კრიპტოვალუტა ყველა შესაბამის კანონსა და რეგულაციას შეესაბამება.
საკუთარი ბლოკჩეინის შესაქმნელად, ასევე არსებობს მთელი რიგი სერვისები, რომლებიც შექმნილია პროცესის დასახმარებლად და გასამარტივებლად. მაგალითად, ასეთ სერვისებს განეკუთვნება CryptoLife. სერვისის დეველოპერები, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მათთვის მიწოდებული იდეების საფუძველზე შექმნიან არა მხოლოდ ბლოკჩეინს, არამედ საფულეს ახალი კრიპტოვალუტისთვის, მაინინგ პულებსა და ა.შ.