სად ჯობია და უფრო უსაფრთხოა SEED-ფრაზის შენახვა

ფოტო - სად ჯობია და უფრო უსაფრთხოა SEED-ფრაზის შენახვა
არაკასტოდიალურ საფულესა და მასზე არსებულ აქტივებზე წვდომის აღდგენა მხოლოდ SEED-ფრაზის დახმარებით არის შესაძლებელი. მას ასევე მნემონიკურ ფრაზას უწოდებენ. ეს 12 შემთხვევითი სიტყვისგან შემდგარი ნაკრებია, რომელიც გარკვეული თანმიმდევრობით უნდა ჩაიწეროს.

რატომ არის SEED-ფრაზა ასეთი მნიშვნელოვანი?

ის, ვინც SEED-ფრაზას ფლობს, საფულეში არსებული აქტივების ნამდვილი მფლობელია. ეს ფრაზა, წვდომის აღდგენის ინსტრუმენტის (recovery tool) სახით, საფულესთან ერთდროულად იქმნება. საფულის პაროლის დაკარგვის შემდეგ, აქტივებზე წვდომის აღდგენა მხოლოდ SEED-ფრაზის დახმარებით იქნება შესაძლებელი. SEED-ფრაზის დაკარგვის, ან დავიწყების შემთხვევაში, მფლობელი აქტივებზე წვდომას ს ა მ უ დ ა მ ო დ კარგავს! ეს უნდა გვახსოვდეს.

რა ვუყოთ SEED-ფრაზას მისი შექმნის შემდეგ?

ის საიმედოდ უნდა შეინახოთ! ნუ იქნებით “ფენომენალური” მეხსიერების იმედად. გარკვეული დროის შემდეგ ნებისმიერი არააქტუალური ინფორმაცია დავიწყებას ეძლევა. ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ აქტუალური მონაცემები შეინახოს, არააქტუალური კი დაივიწყოს. SEED-ფრაზა შეიძლება რამდენიმე წელიც კი არ დაგჭირდეთ. მისი გენერაცია უსაფრთხო ადგილას უნდა მოხდეს და სასურველია, ამ დროს მარტო იყოთ (კაფე, ან საზოგადოებრივი ადგილი არ გამოგადგებათ), ისეთ ადგილას, სადაც უცხო თვალები, კამერები, ან ფანჯრები არ იქნება. 

SEED-ფრაზა, სულ მცირე, ორ ეგზემპლარად, სხვადასხვა მატარებლებსა, ან ფორმ ფაქტორებზე უნდა ინახებოდეს. სასურველია, ერთი ეგზემპლარის შენახვის შესახებ კონფიდენციალურად, სულ მცირე, ერთ ახლობელს (მეუღლეს, უფროს შვილს და ა.შ) აცნობოთ, რომელიც აქტივების  მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ მემკვიდრეობით მიიღებს.

SEED-ფრაზების შენახვის საშუალებები

მოგვიანებით ჩვენ SEED-ფრაზის შენახვის ყველაზე გავრცელებულ გზებსა და ვარიანტებს შევადარებთ, ასევე თითოეული მათგანის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს განვსაზღვრავთ.

ოჰ, როგორ იწვის ხელნაწერები!

თეორიულად, SEED-ფრაზის ჩაწერა ნებისმიერ რამეზე შეიძლება: ქაღალდზე, მუყაოზე, ტყავის, ან ქსოვილის ნაჭერზე, პლასტიკზე, მინაზე და ა.შ. ეს მეთოდი საიმედო იქნებოდა, თუ იარსებებდა გარანტია, რომ ეს ქაღალდი, ან ქსოვილის ნაჭერი, რომელზეც SEED- ფრაზა დაიწერა, სამუდამოდ შენარჩუნდებოდა. თუმცა, ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება ფორსმაჟორული სიტუაციები: ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ომები და სხვა მოვლენები.

თანაც, ეს ქაღალდი უცხო პირებისგან დაცული უნდა იყოს. ნებისმიერ „თემაში მყოფ“ ადამიანს შეუძლია, აქტივების ახალი მფლობელი გახდეს, თუ SEED-ფრაზას, თუნდაც შემთხვევით იპოვის! სეიფებს ბანკებშიც კი ტეხენ, კერძო შენობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
SEED-ფრაზის ქაღალდზე შენახვის მაგალითი

SEED-ფრაზის ქაღალდზე შენახვის მაგალითი

უპირატესობები:

  • ქაღალდი არაფერს მაინც ჯობია;
  • ჩანაწერის შენარჩუნების შემთხვევაში, მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ აქტივებზე წვდომა შესაძლებელია.

ნაკლოვანებები:

  • ხელნაწერების, ქსოვილის, ან ტყავის ცეცხლისადმი მოწყვლადობა;
  • ქურდობის, ან ძარცვის რისკი;
  • ქაღალდის, ან მელნის ცუდი ხარისხის გამო, SEED-ფრაზა შეიძლება დროთა განმავლობაში დაიკარგოს.

აპარატულ საფულეზე შენახვა

ასეთი მეთოდი ერთ-ერთი საუკეთესოა! პირადი გასაღებები და, ფაქტობრივად, თავად SEED-ფრაზა იზოლირებულ გარემოში  დაშიფრული სახით ინახება, სადაც მოხვედრა უცხო პირისთვის  უკიდურესად რთული იქნება.

თუმცა, არ იფიქროთ, რომ აპარატული საფულე ყველა უბედურების პანაცეაა. ეს ისეთივე მოწყვლადი ტექნიკური მოწყობილობაა, როგორც ლეპტოპი ან სმარტფონი.
აპარატული საფულეები

აპარატული საფულეები

უპირატესობები:

  • ციფრული უსაფრთხოების შესანიშნავი დონე ორდონიანი დაცვით;
  • მოსახერხებელი და საიმედო ფორმ ფაქტორი;
  • ცივი საფულე (დაცულია კიბერშეტევებისგან).

ნაკლოვანებები:

  • გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს;
  • ქაღალდის მსგავსად, ცეცხლისადმი, ან წყლისადმი მოწყვლადია;
  • თავად მოწყობილობასთან ან firmware-თან დაკავშირებული შესაძლო ტექნიკური პრობლემები;
  • ქურდობის, ან ძარცვის რისკი.

SEED-ფრაზის შესანახად სპეციალური მოწყობილობის გამოყენება

კრიპტოინდუსტრიის განვითარებასთან ერთად სპეციალიზირებული გადაწყვეტილებებიც ჩნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება SEED-ფრაზების უსაფრთხოდ შესანახი მოწყობილობები გახდა. ისინი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, 12, 18 და 24 სიტყვის შენახვაზეა გათვლილი, კოროზიისადმი, მარილებისა და მჟავებისადმი მდგრადია და 1398 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას უძლებს. საჭიროა მხოლოდ ყველა არსებული ასოდან SEED-ფრაზის ყველა სიტყვის თანმიმდევრობით აწყობა (ან ფირფიტაზე ამოტვიფრა), მოწყობილობაში ფრაზის განთავსება, მისი გასაღებით ჩაკეტვა და უსაფრთხო ადგილას შენახვა.
SEED-ფრაზის შესანახი სპეციალური მოწყობილობის ერთ-ერთი ვარიანტი

SEED-ფრაზის შესანახი სპეციალური მოწყობილობის ერთ-ერთი ვარიანტი

უპირატესობები:

  • ცეცხლისადმი, კოროზიისადმი, მარილებისა და მჟავებისადმი მდგრადია;
  • მფლობელის გარდაცვალების შემდეგ აქტივებზე წვდომა შესაძლებელია;
  • კომპაქტური ზომა.

ნაკლოვანებები:

  • ქურდობის, ან ძარცვის რისკი.

შენახვა დაშიფრულ USB-მოწყობილობაზე (ფლეშ დრაივზე)

ესეც საკმაოდ მუშა ვარიანტია, თუ თქვენ მინიმალური საბაზისო კომპიუტერული ცოდნა გაქვთ. ინფორმაციის USB ფლეშ დრაივზე ჩაწერა და მისი დაშიფვრა ინტერნეტიდან გათიშულ კომპიუტერზე უნდა მოხდეს (იდეალურ ვარიანტში, ეს რომელიღაცა linux დისტრიბუტივის მუშაობის live-რეჟიმია ინტერნეტზე წვდომის გარეშე). თავად მატარებელზე SEED-ფრაზა ტექსტურ დოკუმენტში იწერება (შესაძლებელია დამატებითი დაარქივება პაროლით) და იშიფრება. ამ მიდგომის შემთხვევაში თავდამსხმელებისთვის SEED-ფრაზაზე წვდომის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
SEED-ფრაზის შესანახად ფლეშ დრაივის გამოყენება

SEED-ფრაზის შესანახად ფლეშ დრაივის გამოყენება

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი;
  • შენახვის უსაფრთხოების შესანიშნავი დონე;
  • კომპაქტური ზომა.

ნაკლოვანებები:

  • გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს;
  • ცეცხლისადმი, ან წყლისადმი მოწყვლადი ვარიანტი;
  • ქურდობის, ან ძარცვის რისკი;
  • ინფორმაციის შესაძლო დაკარგვა დაზიანებული კლასტერის გამო.

SEED-ფრაზის შენახვის არასწორი ან საშიში მეთოდები

1. SEED-ფრაზის ფოტოს სახით შენახვა

თუ ეს ფოტო დაშიფრული ფლეშ დრაივის ტიპის უსაფრთხო მატარებელზეა, ეს კიდევ ასატანია. მაგრამ თუ ის დაუშიფრავად, "as is" სახით კომპიუტერზე, ან სმარტფონზე ინახება, ეს ძალიან საშიშია. ყველასთვის ცნობილია, რომ სმარტფონების ქურდობა არც ისე იშვიათი მოვლენაა, კომპიუტერში შეღწევა კი სპეციალურად შექმნილი ვირუსით არის შესაძლებელი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპარავს.

2. SEED-ფრაზის ელექტრონული ფოსტით, ან მესენჯერით გაგზავნა

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა თანხები დაკარგეს მომხმარებლებმა ელექტრონული ფოსტით ან მესენჯერით გაუფრთხილებლად გაგზავნილი SEED-ფრაზის გამო. ინსაიდერული ფროდისგან (მონაცემების მიტაცება სერვისის მიმწოდებელი ნებისმიერი პროვაიდერის თანამშრომლების მიერ) არავინაა დაზღვეული. ნუ ცდით ასე ბედს!

3. სხეულზე ტატუს გაკეთება


დიახ, ასეთი უნიკუმებიც არსებობენ. ასეთი ტატუს შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადამიანს ტანსაცმელს ხდიან, მის მოძრაობებს ძალით ბლოკავენ და SEED-ფრაზის გადაწერის შემდეგ აქტივებს სხვა საფულეზე გზავნიან.

დასკვნა

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, თქვენ ნებისმიერი ორი ვარიანტი უნდა აირჩიოთ და SEED-ფრაზა ორ ეგზემპლარად სხვადასხვა მატარებელზე შეინახოთ. იდეალური ვარიანტი, რომელიც 100% წარმატების გარანტიას იძლევა, არ არსებობს. რისკები ყოველთვის არის. მთავარი ისაა, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ყველაზე ნაკლებად სარისკო ვარიანტის  არჩევა შეგიძლიათ, რომელიც თქვენთვის უფრო მოსაწონია და SEED-ფრაზის შენახვის სახიფათო მეთოდებზე ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვათ. ინფორმირებული შეიარაღებულს ნიშნავს!