იტალიამ და ალბანეთმა €15 მილიონიანი კრიპტოთაღლითობა გამოავლინეს

ფოტო - იტალიამ და ალბანეთმა €15 მილიონიანი კრიპტოთაღლითობა გამოავლინეს
2022 წლის დეკემბერი ცხელი მხოლოდ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურისთვის არ ყოფილა, რომელიც სხვადასხვა დონის კრიპტოსკამერებს წარმატებით ებრძვის. გულხელდაკრეფილები არც ევროკავშირში ისხდნენ: ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კრიმინალები დააკავა, რომლებიც ინვესტორებს 2020 წლიდან ატყუებდნენ.
გამოძიება იტალიის ხელისუფლების ინიციატივით ევროჯასტში ორი წლის წინ დაიწყო. მასშტაბურ გამოძიებაში აქტიური მონაწილეობა პიზას პროკურატურამ და კარაბინიერებმა, ასევე სახელმწიფო და კრიმინალური პოლიციის, ალბანეთის კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სპეციალური პროკურატურის  წარმომადგენლებმა მიიღეს. სააგენტოს მხარდაჭერით იტალიამ და ალბანეთმა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნეს და კრიპტოთაღლითების კვალზე გასვლა შეძლეს. 

სქემა, რომელიც ონლაინ ინვესტიციებს ეხებოდა, ტირანაში მოქმედებდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ადგილობრივი ქოლცენტრის საფარქვეშ მოქმედებდნენ.  ანონიმურობის მიზნით  ისინი VPN-სერვისებსა და ვირტუალურ სატელეფონო ნომრებს იყენებდნენ იყენებდნენ, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.

თაღლითობა რამდენიმე თანმიმდევრული ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად, თაღლითები ონლაინ სავაჭრო პლატფორმების სახელით პოტენციურ ინვესტორებს ურეკავდნენ და მათ დარეგისტრირებაზე ითანხმებდნენ. მათ მცირე თანხების ჩადების სანაცვლოდ მომენტალურ ფინანსურ სარგებელს ჰპირდებოდნენ. ასეთი კონსულტაციის შემდეგ ასპარეზზე  "ავტორიტეტული ბროკერები" გამოდიოდნენ, რომლებიც, ვითომ, ბირჟებთან თანამშრომლობდნენ. ისინი დაზარალებულებს ნულოვანი რისკის მქონე კრიპტოვალუტაში ინვესტირებას სთავაზობდნენ.

მომდევნო ეტაპზე დამნაშავეები კომპიუტერის დისტანციური მართვისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებდნენ და უპრობლემოდ იღებდნენ ინფორმაციას ინვესტორების პირადი საბანკო გვერდების შესახებ და მათზე წვდომას. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ისინი დაზარალებულებს არწმუნებდნენ, ბალანსზე მთელი თავისი დანაზოგი გადაერიცხათ. სახსრების გადარიცხვის შემდეგ, თაღლითები სამომხმარებლო ანგარიშებს აუქმებდნენ, ფულს თავის ანგარიშზე რიცხავდნენ და ქრებოდნენ.

თუ დაზარალებულები კრიმინალებთან დაკავშირებას ახერხებდნენ, თამაშში ჯგუფის სხვა წევრები ერთვებოდნენ. მათ უნდა დაერწმუნებინათ დაზარალებულები, საკუთარი კაპიტალის დაბრუნების სანაცვლოდ თანხა გადაეხადათ. ამგვარად მოქმედებით, თაღლითებმა ხელში €15 მილიონის ჩაგდება მოახერხეს.

გამოძიება, რომელიც 2020 წლიდან მიმდინარეობდა, კომპიუტერების, სერვერების, ციფრული ვიდეომაგნიტოფონების კონფისკაციითა და ძვირადღირებული ქონების, მათ შორის უძრავი ქონების 11 ობიექტის ჩხრეკით დასრულდა. მთავარი ეჭვმიტანილები ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებიან.