კრიპტოაქტივების პორტფელის რებალანსირება

ფოტო - კრიპტოაქტივების პორტფელის რებალანსირება
საინვესტიციო პორტფელის რებალანსირება ციფრულ ან სხვა აქტივებში არის ოპერაცია, რომელიც ყველა ინვესტორმა ან ტრეიდერმა პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს. ხანდახან მასზე შეიძლება იყოს დამოკიდებული მთელი პორტფელის ბედი, თუ რებალანსირებისთვის ბაზარზე სწორი დრო და მომენტია შერჩეული.
წარმოვიდგინოთ, რომ კრიპტო-ინვესტორი გადაწყვეტს თავისი სახსრების ინვესტირება (სტეიბლკოინები ან ფიატი) ოთხ სხვადასხვა აქტივში განახორციელოს, თანაბარი პროპორციის დაცვით - თითოეულში 25%. გარკვეული პერიოდის შემდეგ, აქტივები იაფდება ან მათი ფასი იზრდება და გარკვეული პერიოდის დასრულებისას მათ მომგებიანობის (ან წამგებიანობის) განსხვავებული მაჩვენებლები  ექნებათ. ეს ბალანსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს ამა თუ იმ მიმართულებით, ამა თუ იმ აქტივის სასარგებლოდ. გარკვეული საანგარიშო პერიოდის საფუძველზე (თითოეული ინვესტორი მას დამოუკიდებლად განსაზღვრავს, ყველაზე ხშირად ეს არის კვარტალი), თითოეული აქტივის წილი საინვესტიციო პორტფელში შეიძლება იყოს, პირობითად, 30%, 20%, 10%, 40%. ანუ, ამ შემთხვევაში ორმა აქტივმა აჩვენა მომგებიანობა, ხოლო დანარჩენი ორი წამგებიანი აღმოჩნდა.

ახლა კრიპტოინვესტორს ორი ვარიანტი აქვს:

• დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც არის, გარკვეული პერიოდის დასრულებამდე (შემდეგ კვარტლამდე, 6 თვის გასვლამდე, მომდევნო წლამდე);

•  საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურას და შემადგენლობას (ბალანსს) გადახედოს.

პირველი ვარიანტი არც ისე ლოგიკურია, ის კონსერვატიულია და აჩვენებს რაიმეს შეცვლის სურვილის არარსებობას, რადგანაც ეს მოითხოვს თითოეული აქტივის საფუძვლიან ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებას შემდგომი ინვესტიციების შესახებ. აი მეორე ვარიანტი კი სწორედაც არის საინვესტიციო პორტფელის რებალანსირება.

რა არის ციფრული აქტივების საინვესტიციო პორტფელის რებალანსირება მარტივი სიტყვებით

რებალანსირება არის საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურის რეგულარული ან სიტუაციური გადახედვა. კრიპტოვალუტის ბაზარი ძალიან დინამიური, ვოლატილური და ძალზე ცვალებადია. ყოველდღიურად ხდება მაკროეკონომიკური და კორპორატიული მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს საინვესტიციო აქტივების მახასიათებლებზე: ღირებულებაზე, მომგებიანობაზე, რისკებზე, ლიკვიდურობაზე, მიმზიდველობაზე ინვესტორებისთვის, მარეგულირებლების გავლენაზე და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ცალკე აღებული საინვესტიციო პორტფელის პარამეტრები ასევე არ არის მუდმივი.

კრიპტოპორტფელის ფორმირებისას ინვესტორი ავსებს მას ისე, რომ ის შეესაბამებოდეს მის მიზნებს, გარკვეულ კრიტერიუმებს და მახასიათებლებს. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზოგიერთი აქტივის პერსპექტივები გაუმჯობესდება, სხვების გაუარესდება, ხოლო მესამე შემთხვევაში შეიძლება  ძალიან სარისკო აღმოჩნდეს. ამიტომ, ინვესტორმა პერიოდულად უნდა გადახედოს თავისი პორტფელის შიგთავსს და მიიყვანოს ის საჭირო ბალანსამდე – ანუ რებალანსირება მოახდინოს.

პორტფელის რებალანსირება შემდეგნაირად ხორციელდება:

• ძვირადღირებული აქტივების გაყიდვა, რომლებმაც მოგება მოიტანეს და ისეთი აქტივების შეძენა, რომლებიც გაიაფდა, მაგრამ ზრდის პოტენციალი გააჩნიათ, მათ შორის წამგებიანი მონეტების გაყიდვის ხარჯზე;

• აქტივების სტრუქტურის რეფორმატირება - საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება ბალანსი დაბალი და მაღალი რისკის ინდიკატორების მქონე კრიპტოვალუტებს შორის, სხვა სტეიბლკოინებზე გადასვლა და ა.შ.

რამდენად ხშირად უნდა ხორციელდებოდეს რებალანსირება?

პორტფელის გადაუდებელი რებალანსირება ხორციელდება  გარკვეული საბაზრო ციკლის დასრულებისას, ტრენდის ცვლილებისას, მაგრამ მხოლოდ გრაფიკების ტექნიკური ანალიზის შემდეგ, ასევე ფუნდამენტური ანალიზის გათვალისწინებით.

ეს მეთოდი შესაფერისია პორტფელის აქტიური მართვისას და შეუძლია უზრუნველყოს უფრო მაღალი მომგებიანობა. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მზად არის რეგულარულად აკონტროლოს ბაზრის სიახლეები და ტრენდები, ასევე სწრაფად შეიტანოს ცვლილებები.

საშტატო (გეგმიური) რებალანსირება შეიძლება განხორციელდეს რეგულარულად, დროის გარკვეული ფიქსირებული მონაკვეთის შემდეგ. მაგალითად, თვეში ერთხელ, კვარტალში, ნახევარ წელიწადში ან წელიწადში ერთხელ. პერიოდი დამოკიდებულია არჩეულ სავაჭრო სტილზე ან საინვესტიციო სტრატეგიაზე. დროის ინტერვალის არჩევა ახალბედებისთვის ყოველთვის ადვილი არ არის, ამიტომ დაწყება ღირს მცირე სიხშირით, შემდეგ კი საჭიროებისამებრ დროის დიაპაზონი თანდათანობით გაზარდოთ.  

ნებისმიერ შემთხვევაში, რებალანსირების ჩატარება მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ მაინც, პორტფელის სტრუქტურის გადახედვისა და აქტივების ძირითადი პარამეტრებისა და ინდიკატორების განახლების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება გამოგრჩეთ  მნიშვნელოვანი ცვლილებები ბაზარზე, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენი საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობაზე.

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბევრი მოვლენა ბაზარზე არაერთმნიშვნელოვანია  და ყოველთვის არ არის შესაძლებელი კონკრეტული ამბის ან  FUD ან FOMO-თი გამოწვეული მასობრივი  პანიკური რეაქციების შედეგების პროგნოზირება.

ასევე შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომელსაც აქტიური ტრეიდერები უწოდებენ „ვაჭრობის გადაჭარბებას“, როდესაც ძალიან ხშირი რებალანსირება მხოლოდ ზარალს იწვევს სტრატეგიული შეცდომებისა  და კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ზედმეტად მაღალი საკომისიოს გამო.

ოპტიმალური  იქნება კომბინირებული ვარიანტი, როდესაც ინვესტორი იცავს  გარკვეულ გრაფიკს და რეგულარულად ახორციელებს დაგეგმილ რებალანსირებას, მაგრამ ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში პორტფელის სტრუქტურის რიგგარეშე გადახედვას მიმართავს.

დასკვნები

დაუბალანსებელი პორტფელი მოგებას მხოლოდ აღმავალი ტრენდის დროს მოიტანს, ხოლო მისი რებალანსირება უფრო ეფექტიანი იქნება ფლეტის ან დათვური ციკლის დროს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საინვესტიციო პორტფელის რებალანსირება, პირველ რიგში, ამცირებს რისკს, და არ ზრდის მოგებას, თუმცა ზოგჯერ მას მნიშვნელოვანი დივიდენდები მოაქვს, თუ თქვენ შეძლებთ შეცვალოთ სუსტი აქტივი ისეთით, რომელიც მოიტანს 10X მოგებას.

უნდა გვახსოვდეს: რაც უფრო მაღალია ბაზრის ვოლატილობა (და ეს ეხება კრიპტობაზარს), მით უფრო დიდი იქნება რებალანსირების პრაქტიკის ეფექტი. მიზანშეწონილია ამ ოპერაციის ჩატარება წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო რა მომენტში - თქვენი გადასაწყვეტია.