Ripple მონტენეგროს CBDC-ის შემუშავებაში დაეხმარება

icon XRP
icon FOR
ფოტო - Ripple მონტენეგროს CBDC-ის შემუშავებაში დაეხმარება
მონტენეგროს ცენტრალურმა ბანკმა Ripple-თან პარტნიორობა გააფორმა. მისი მიზანი მონტენეგროს ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობების შესწავლაა, რომელმაც შეიძლება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის, (CBDC) ან სტეიბლკოინის სახე მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ევროზონის წევრი არ არის, 2002 წელს მან ევრო ოფიციალურ ვალუტად გამოაცხადა.
RippleX-ის ვიცე-პრეზიდენტმა ცენტრალურ ბანკებთან ურთიერთობებისა და CBDC-ის საკითხებში, ჯეიმს უოლისმა Cointelegraph-ს განუცხადა, რომ უფრო ვრცელი ინფორმაცია პროექტის შესახებ წელს, ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდება. ინიციატივა რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მათ შორის ეროვნული ციფრული ვალუტის, ან სტეიბლკოინის პრაქტიკულობის განსაზღვრას. 
 
უოლისმა ასევე ახსენა "Sandbox-ის" ფაზა, რომელშიც ციფრული ვალუტის ტესტირება კონტროლირებად პირობებში მოხდება. პროექტი, რომელიც ამ თვეში უნდა დაიწყოს, ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ ბანკთან, რათა გამოიკვეთოს გამოყენების სცენარები, წარმატების ძირითადი ფაქტორები და პროექტის ვადები. 
 
მონტენეგროს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, რადოე ჟუგიჩმა ხაზი გაუსვა ბანკის ვალდებულებას, დაიცვას თანამედროვე ეროვნული საბანკო ტენდენციები და უზრუნველყოს ჯანსაღი ფინანსური სისტემა. მან დასძინა, რომ ბანკი ითანამშრომლებს მთავრობასა და აკადემიურ ინსტიტუტებთან, რათა შეისწავლოს CBDC-ების, ან ეროვნული სტეიბლკოინების პოტენციური სარგებელი და რისკები ელექტრონული გადახდის მეთოდების, უსაფრთხოების, ეფექტურობის, ნორმატიული მოთხოვნების შესრულებისა, ასევე საბოლოო მომხმარებლის უფლებებისა და კონფიდენციალურობის დაცვის თვალსაზრისით.

GC
GN Crypto
ავტორი