NEM-ის ქსელისა და კრიპტოვალუტა XEM-ის მიმოხილვა

icon XEM
icon ONE
icon FOR
ფოტო - NEM-ის ქსელისა და კრიპტოვალუტა XEM-ის მიმოხილვა
ბლოკჩეინ პლატფორმა NEM, თავისი ნატიური მონეტით XEM, იმით არის უნიკალური, რომ მას გააჩნია ორი ქსელი - ერთი საცალო ინვესტორებისთვის, მეორე კი - კორპორაციული სექტორისთვის. ძირითადი ქსელი იყენებს კონსენსუსის ეგზოტიკურ პროტოკოლს Proof-of-Importance (PoI), მონაწილეები კი სუპერნოდების განლაგებისა და ტრანზაქციების დადასტურებისთვის ჯილდოვდებიან.

NEM-ის სამშობლოდ იაპონია ითვლება, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ არიან რეალური დეველოპერები. Bitcoin-ისა და Monero-ს, შემქმნელების მსგავსად, მათაც ურჩევნიათ, Bitcointalk-ზედმეტსახელებს -  Jaguar0625-ს, BloodyRookie-სა და gimre-ს ამოეფარონ და საჯაროობას გაექცნენ. 
 
NEM დაარსდა, როგორც NXT-ის ჰარდფორკი. ამ ბლოკჩეინ პლატფორმის წინა ვერსია 2014 წლით თარიღდება, ხოლო პირველი სტაბილური ვერსია 2015 წლის მარტში გამოჩნდა. აბრევიატურა NEM ნიშნავს New Economy Movement-ს (მოძრაობა ახალი ეკონომიკისთვის). ამ პროექტში ნამდვილად ბევრი სიახლეა, რაც კონკურენტებს არ გააჩნიათ.

NEM-ის ძირითადი ქსელი

NEM-ის საკუთარი ბლოკჩეინი, რომელსაც ეწოდება NIS (ასევე  გვხვდება დასახელება NIS1), ბლოკების შემოწმების უნიკალურ მეთოდს Proof-of-Importance (PoI) იყენებს. ამ შემთხვევაში, უნიკალურობა სიტყვის მასალად არ არის ნათქვამი, რადგან კონსენსუსის ეს  ალგორითმი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ NEM-ის ქსელში და მეტი არსად. Proof-of-Work-ის შემთხვევაში დიდ ჰეშრეტს იღებს უფრო მძლავრი აღჭურვილობის მფლობელი,  Proof-of-Stake-ის შემთხვევაში კი შეძლებული ადამიანი, რომელმაც "სტეიკში" დიდი რაოდენობით მონეტები ჩადო. PoI-ში თითოეული კვანძი ერთდროულად სამ მოთხოვნასთან შესაბამისობაზე მოწმდება.
 
NEM-ის ქსელში თითოეული კვანძის ძირითადი მაჩვენებლებია:

  • მონეტების მინიმალური ბალანსი და საფულეზე მათი შენახვის დრო;
  • ტრანზაქციების რაოდენობა და სიდიდე, რომლებმაც კვანძის ვალიდაცია უკვე გაიარა;
  • პარტნიორების ხარისხი (ტრანზაქციული აქტივობა).

იგივე PoS-ისგან განსხვავებით, PoI არა უბრალოდ საფულეში მონეტების დაგროვებას, არამედ აქტიურ ტრანზაქციულ მონაწილეობას ახალისებს. ასევე, ეს მოდელი არ არის ისეთი ენერგოხარჯიანი, როგორც PoW თავისი სამრეწველო მაინინგით.
 
NEM-ში მაინინგი არ არსებობს არა მხოლოდ არჩეული კონსენსუსის ალგორითმ PoI-ის გამო, არამედ იმიტომაც, რომ 9-ვე მილიონი  მონეტა XEM დასაწყისშივე იყო ემიტირებული (დიახ, ჩვენს წინაშეა კიდევ ერთი აქტივი 100%-იანი პრემაინინგით). ქსელის წევრები ჯილდოვდებიან ტრანზაქციების ვალიდაციისთვის (ჰარვესტინგი - მოსავლის აღება), რისთვისაც სუპერნოდების განლაგებას ახდენენ.

სუპერნოდი სხვა ბლოკჩეინ ქსელებში არსებული მასტერნოდის ანალოგია (NEM-მა გადაწყვიტა აქაც ორიგინალური ყოფილიყო და უნიკალური სახელი შეექმნა), რომლის მფლობელს ჰარვესტინგისთვის ჯილდოს განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად ბალანსზე მინიმუმ 3 მილიონი XEM უნდა ჰქონოდა.
 
თუ NEM კრიპტოსაზოგადოების წევრს ამხელა თანხა არ გააჩნია, პასიური მოგების მიღების სურვილი კი არ ქრება, არსებობს ვარიანტი ჰარვესტინგის დელეგირების ფუნქციით. ამისათვის თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ნებისმიერ სუპერნოდს, რითაც მოახდენთ ჰარვესტინგის დელეგირებას და ამისთვის რეგულარულად მიიღებთ თქვენ წილ ჯილდოს. ეს ფორმატი გარკვეულწილად მოგვაგონებს მაინინგს პულებში, რომელსაც  PoW ქსელებში იყენებენ.
 
CoinMarketCap-ის მონაცემებით, მონეტა XEM, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 354 მილიონ დოლარს აღემატება, 106-ე ადგილს იკავებს.

კიდევ ერთი ბლოკჩეინი კორპორაციული სექტორისთვის

2021 წლის მარტში NEM-მა აამოქმედა თავისი მეორე ბლოკჩეინი,  სახელწოდებით Symbol, რომელმაც  მუშაობა საცალო ინვესტორებისთვის განკუთვნილი, NIS-ის ქსელის პარალელურად  დაიწყო. Symbol არის ახალი ბლოკჩეინ პლატფორმა NEM-ის  ეკოსისტემაში, რომელიც შექმნილია დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) მეშვეობით ბაზარზე კორპორაციული პროდუქტებისა და სერვისების გასატანად. კორპორაციული კლიენტებისთვის განკუთვნილი ბლოკჩეინი იყენებს საკუთარ კრიპტოვალუტას, სახელწოდებით XYM.
 
NEM-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ Symbol-ის ამოქმედება არ ნიშნავს იმას, რომ NIS-ის ეტაპობრივი ლიკვიდაცია მოხდება, ამიტომ ეს ორი L1 ბლოკჩეინი პარალელურ მუშაობას გააგრძელებს და მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტს გაუწევს მომსახურებას.
 
NEM პოზიციონირებს Symbol-ს, როგორც მომდევნო თაობის კორპორაციული დონის ბლოკჩეინსა და საუკეთესო გადაწყვეტილებას ნებისმიერი სტრუქტურის მქონე ბიზნესის, საწარმოსა და კომპანიისთვის.
Symbol — კორპორაციული ბლოკჩეინი Enterprise-ის სეგმენტისთვის

Symbol — კორპორაციული ბლოკჩეინი Enterprise-ის სეგმენტისთვის

NEM Group

2016 წელს სინგაპურში დაარსდა არაკომერციული ფონდი NEM Foundation, რომლის მიზანი პროექტ NEM-ის დაფინანსება და მხარდაჭერა იყო. ფონდის პირველი პრეზიდენტი გახდა ლონ ვონგი, სინგაპურელი მეწარმე ტექნოლოგიების სფეროში.
 
NEM-ის ეკოსისტემის განვითარების პროცესში გამოიკვეთა საქმიანობის ახალი პრიორიტეტული მიმართულებები, რისთვისაც ცალკეული ავტონომიური სტრუქტურები შეიქმნა. შემდგომში გაჩნდა კომპანიების მთელი ჯგუფი, როგორიცაა NEM Software, NEM Ventures, NEM Trading და სხვა. ყველა მათგანს NEM Group აკონტროლებს.

საფულეები და ბირჟები

აქტივი XEM ივაჭრება ბევრ მსხვილ კრიპტობირჟაზე, როგორებიცაა Binance, OKX, Huobi და ა.შ., ასევე მხარდაჭერილია უმეტესი უნივერსალური საფულით (Atomic, Guarda, Freewallet და ა.შ.). ნატიური საფულე არის XEM Nano Wallet.

დასკვნა

NEM-ს გააჩნია კერძო ინვესტიციებისა და მსხვილი ბიზნესის სამყაროდან ფულის მოზიდვის პოტენციალი და შეუძლია, დაიკვეხნოს დიდი რაოდენობის წარმატებული კოლაბორაციებით ცნობილ ბრენდებთან. ამ ბლოკჩეინ პლატფორმას აქვს უნიკალური PoI კონსენსუსის ალგორითმი, რომელიც ჰარვესტინგის მოდელის გამოყენებით, NIS-ის ბლოკჩეინს აძლევს საშუალებას სწრაფად და შეყოვნების გარეშე იმუშაოს. Symbol-ის ბლოკჩეინის დანერგვამ თანამშრომლობაში დიდი კომპანიებისა და კორპორაციული კლიენტების ჩართვას შეუწყო ხელი.
 
ბიზნესზე ორიენტირებული ეკოსისტემა და სტრუქტურა ვენჩურული ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს და კორპორაციული დონის პლატფორმის დახვეწას ცდილობს, თანაც არც საცალო ინვესტორებს ივიწყებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პროექტი NEM მომავალშიც სიცოცხლისუნარიანი და აქტუალური იქნება.