NVIDIA-მ ხელოვნური ინტელექტის სახით ახალი საკბილო იპოვა

ფოტო - NVIDIA-მ ხელოვნური ინტელექტის სახით ახალი საკბილო იპოვა
ვიდეობარათების ცნობილი მწარმოებლის, NVIDIA-ს ტექნიკურმა დირექტორმა, მაიკლ კაგანმა The Guardian-თან ინტერვიუში ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კრიპტოვალუტები საზოგადოებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ინდუსტრიამ კომპანიას უზარმაზარი მოგება მოუტანა.
მაიკლ კაგანმა, ალბათ, მსგავსი საუბარი სხვა თავისი კლიენტების ყურადღების მისაქცევად  დაიწყო, რადგან მას შემდეგ, რაც Ethereum სხვა კონსენსუსის ალგორითმზე გადავიდა, მისი ქსელის მუშაობის მხარდასაჭერად ვიდეობარათები საჭირო აღარაა.

ამიტომ, მას ახლა მიაჩნია, რომ გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენება უფრო შესაფერისია ხელოვნური ინტელექტის მქონე ისეთი პროგრამებისთვის, როგორიცაა ChatGPT. როგორც ცნობილი გახდა, ამ ბოტის სწავლება ხორციელდებოდა სუპერკომპიუტერზე, რომელიც NVIDIA-ს  დაახლოებით 10000 გრაფიკულ ბარათს შეიცავდა. გამოდის, რომ ამჯერადაც, ისევე როგორც ETH-ის რენტაბელური მაინინგის ეპოქაში, ამ სასწაულ აღჭურვილობას დიდი რაოდენობით იყენებდნენ ისინი, ვინც არც  გეიმერი იყო და არც მუშაკი, რომელსაც მძლავრი კომპიუტერი ესაჭიროება.

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე 2021 წელს NVIDIA-მ მაინინგში გამოსაყენებელი ვიდეობარათების სიმძლავრის შეზღუდვა დაიწყო. თუმცა, არც ისე ნათელია, იყო თუ არა ეს მართლაც კეთილშობილური ქმედება, რომელმაც შეამცირა გაყიდვების რაოდენობა კრიპტომომპოვებელ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებზე. მაინერები ხომ მაინც აქტიურად ყიდულობდნენ მათ, სანამ ეს მომგებიანი იყო, ხოლო როდესაც შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ, მოულოდნელად, გამოჩნდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეზღუდვებს ხსნის.

ასევე გავიხსენოთ NVIDIA-ს გრაფიკული ბარათების სპეციალური ვერსიების წარმოებაც, რომლებიც მხოლოდ მაინინგისთვის იყო განკუთვნილი და ვიდეოთამაშებში არ გამოიყენებოდა. ისინი ერთ ფასად იყიდებოდა და მათ შორის, ფაქტობრივად, ერთადერთი განსხვავება მონიტორებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტების არსებობა-არარსებობაში მდგომარეობდა.

ეს არ არის ერთადერთი შეუსაბამობა მაიკლ კაგანის განცხადებებში. ცოტა ხნის წინ ვწერდით CoinWire-ის კვლევის შესახებ, რომლის თანახმად, NVIDIA არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ფსონებს Web3 ინდუსტრიაზე დებს. როგორც ვიცით, Web3 და კრიპტოვალუტები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.

როგორც ჩანს, ჩიპების მწარმოებელმა, უბრალოდ, თავისთვის უფრო საინტერესო ნიშა აღმოაჩინა. ცოტა ხნის წინ Microsoft-მა დააანონსა ათიათასობით Nvidia A100 გრაფიკული პროცესორების  შეძენა, OpenAI-ის სამუშაო დატვირთვის გასაძლიერებლად. ასევე გაიყიდა 20 000 H100 ჩიპი Amazon-ის ღრუბლოვანი გამოთვლების სამსახურისთვის და 16 000 ერთეული Oracle-სთვის.

Sidebar ad banner
Recommended