Otherside: სათამაშო მეტავერსი Yuga Labs-ისგან
არამოსაწყენი, აქტიური მეტავერსია, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ, როგორ იმოქმედონ და გავლენა მოახდინონ მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
Otherside ვირტუალური სამყაროა, რომელიც აერთიანებს NFT-ებს და სხვა Web3 ელემენტებს თამაშებთან MMORPG-ის ჟანრში (მასირებული მრავალმომხმარებლიანი ონლაინ როლური თამაში).
მეტავერსს ანალოგიურ პროდუქტებთან ოპერატიული თავსებადობის განსხვავებული მახასიათებელი აქვს. ვირტუალური სამყაროს კიდევ ერთი თავისებურება არის მისი შესაძლებლობა, დაამუშაოს ნახევარი მილიარდი ოპერაცია წამში, ანუ 10000 ონლაინ მოთამაშე. შედარებისთვის, კლასიკურ ონლაინ თამაშებს წამში 10000 ოპერაციის დამუშავება შეუძლიათ.
Otherside დაფუძნებულია კომპანია Improbable Worlds Limited-ის ტექნოლოგიაზე სახელწოდებით M², ხელოვნურ ინტელექტზე, მანქანურ სწავლებაზე და გამოირჩევა რეალური სათამაშო ფიზიკით. ამ უპირატესობების წყალობით, მეტავერსი კარგად მასშტაბირდება, მაღალი გამტარუნარიანობა და ტექსტურების დახვეწა აქვს. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად ითამაშონ თამაშები, იმოგზაურონ Otherside-ის გალაქტიკურ სამყაროებში, შეაგროვონ რესურსები, ააშენონ ახალი ობიექტები და ერთმანეთს ხმოვან ჩატში დაუკავშირდნენ.
პროექტზე მუშაობს Yuga Labs, რომელმაც გამოუშვა NFT კოლექციები Bored Ape Yacht Club, Mutant Ape Yacht Club, Bored Ape Kennel Club და იყიდა უფლებები CryptoPunks-სა და MeeBits-ზე. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი არაჩანაცვლებადი ტოკენების მფლობელები, რომლებიც Otherside-ში შესვლას გადაწყვეტენ, მათი NFT-ის მოტივებზე შექმნილი პერსონაჟების 3D ობიექტებს მიიღებენ. სხვა ციფრული სერტიფიკატების მფლობელებს შეეძლებათ თავიანთი გმირები მეტავერსში გადაიტანონ ODK-ის (Otherside-ში საგნებისა და ობიექტების შექმნის ინსტრუმენტების კომპლექტი) გამოყენებით.
ერთადერთი ციფრული ვალუტა, რომელიც მეტავერსის შიგნით გადახდისა და ჯილდოს სახით გამოიყენება, არის ApeCoin (Yuga Labs-ის პროექტების მართვის ტოკენი).
Otherside-ის მთავარი გვერდი
შემუშავების რა ეტაპზეა მეტავერსი?
Otherside შემუშავების პირველ ეტაპზე და უფრო ვირტუალური სამყაროს შექმნის პლატფორმას ჰგავს. შთამბეჭდავი სათამაშო გარემო თავგადასავლებითა და კომუნიკაციით ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალური გაშვების შემდეგ იქნება (შემქმნელები ზუსტ თარიღებს არ ასახელებენ).
თამაშის საწყისი ფაზა კვლევის შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ NFT Otherdeed-ის მფლობელებსა და დეველოპერებს, რომლებსაც ასევე Voyagers-ებს, ანუ მოგზაურებს უწოდებენ. ისინი The Voyager's Journey-ის პირველადი გეიმპლეის მონაწილეები არიან.
გზის გამკვალავების გამოხმაურების გამოყენებით, დეველოპერები მეტავერსის ფუნქციონალს თავიანთი მოგზაურობების მსვლელობისას გააუმჯობესებენ. ახლა თამაშის განვითარება Voyagers-ების ხელშია, ისინი გარემოსთან ურთიერთქმედების საკუთარ ვარიანტებს პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გვთავაზობენ. Yuga Labs-ის ერთგული მხარდამჭერები და მათი დახურული კლუბის წევრები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რომელი ფუნქციები, ინსტრუმენტები და მოდერაციის ელემენტები იქნება დანერგილი და რომელი - გამორიცხული.
საერთო ჯამში, თამაშის ფაზა №1 შედგება 11 სიუჟეტისგან (First Trip, The Codex Koda Origins, The Growth, The Agora, The Dream და სხვა), რომლებიც მისტიკურ ობელისკშია გაერთიანებული.
11 სიუჟეტური ნაწილისგან შემდგარი ობელისკი. წყარო — otherside.xyz
პირველი მოგზაურობა 2022 წლის ივლისში შედგა. შერჩეული მონაწილეები Otherside-ის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ და თამაშის ზოგიერთი ელემენტი გატესტეს.
ყველა, ვინ ობელისკის 11 ნაწილს ბოლომდე გაივლის, მეტავერსის საჯარო ამოქმედების დროს დამატებით შესაძლებლობებს მიიღებს.
რა არის NFT Otherdeed?
Otherdeed არის NFT მიწა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე სხვა სამყაროში შესვლის ბილეთია. მიწის ნაკვეთებს აქვს ბუნებრივი ელემენტები, რესურსები და სხვა ატრიბუტები. Otherdeed-ის მფლობელი სრულად აკონტროლებს იმას, რაც მის ნაკვეთზე ხდება, მთავარია საზოგადოების წესები არ დაირღვეს. პერსონაჟის ქმედებები მისი მიწის მდგომარეობასა და ნაყოფიერებაზე ახდენს გავლენას.
ბევრი ცალკეული Otherdeed აყალიბებს Otherside-ის მეტავერსს, რომელიც ხუთი სამყაროს (ბიოგენური ჭაობი, ქიმიური შლამი, ცისარტყელისფერებიანი ატმოსი, კოსმოსური სიზმარი და უსასრულო სივრცე) მქონე გალაქტიკის ნაწილია. უნიკალური NFT მიწის ყველა ვარიანტი ამ ტიპის სამყაროებს შორის იყოფა.
NFT Otherdeed-ის გამოსახულებების მაგალითი. წყარო — Open Sea
ჯამში 200 000 NFT Otherdeed შეიქმნა. პირველი 100 000 გაყიდვაში 2022 წლის აპრილში გამოვიდა. დანარჩენი გადანაწილდება პირველ მკვლევარებს შორის, იმისდა მიხედვით, თუ რა წვლილი შეაქვთ მათ მეტავერსის გაუმჯობესებაში. 2023 წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, Open Sea-ს მარკეტპლეისზე ყველაზე იაფი ასეთი NFT დაახლოებით 1,3 ETH ღირდა.
ვირტუალური სამყაროს შიგთავსი
კოდები. ერთგვარი პირველყოფილი არსება, რომლებიც დიდი ხანია არსებობდნენ მეტავერსში და ადამიანებს Otherside-ის სამყაროში მოხვედრაში ეხმარებოდნენ. რისთვის გააკეთეს ეს, უცნობია. ითვლება, რომ კოდასთან შეხვედრა ბედნიერების მომასწავებელი ნიშანია, მთავარია მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ.
ასე გამოიყურება კოდები. წყარო — ვებგვერდი otherside.xyz
რესურსები. თითოეული NFT Otherdeed სავსეა სხვადასხვა იშვიათობის, განახლებადი ბუნებრივი მასალებით (ანიმა, მადანი, ნამსხვრევები და ფესვები).შესაძლებელია მათი შეგროვება და ნედლეულის სახით გამოყენება ნივთების დასამზადებლად.
რესურსების ინფოგრაფიკა ვებგვერდზე otherside.xyz
არტეფაქტები. განძია, რომლის შექმნა შეუძლებელია, შეგიძლიათ მხოლოდ მისი პოვნა. ის მეტავერსის საიდუმლო გზავნილებს შეიცავს.
მეტავერსის არტეფაქტების ნიმუშები. წყარო — otherside.xyz
ამ ყველაფრის პოვნა შესაძლებელია Otherdeed-ის მიწებზე, რომლებთაგანაც ხდება Otherside-ის ფორმირება.
რა უნდა იცოდეთ Yaga Labs-ის, Improbable-ისა და M²-ის შესახებ?
Yuga Labs არის Web3 სტუდია, რომელმაც პოპულარობა 2021 წელს NFT კოლექცია Bored Ape Yacht Club-ის მინთის შემდეგ მოიპოვა. ამის შემდეგ კომპანიამ გამოუშვა კიდევ ორი კოლექცია, საკუთარი APE ტოკენი და გამოაცხადა, რომ Otherside-ის მეტავერსზე მუშაობას იწყებს. Yuga Labs-ის პრიორიტეტი, სთორითელინგის, ურთიერთქმედებისა და საზოგადოების მეშვეობით, Web3 გამოცდილების შექმნაა.
Yuga Labs-ის მთავარი გვერდი
Improbable არის 2012 წელს დაარსებული, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონცერნი, რომლის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს ინფრასტრუქტურის და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას მეტავერსებისა და კომპიუტერული თამაშების მოდელირებისთვის.
M² (MSquared) არის ქსელი, რომელიც ინტეროპერაბელური (ერთმანეთთან თავსებადი) მეტავერსების შექმნის საშუალებას იძლევა. M² ერთ ვირტუალურ სივრცეში 10000 ონლაინ მოთამაშის უწყვეტ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. Otherside არის ერთ-ერთი პირველი მეტავერსი, რომელიც ამ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. 2022 წელს ათეულმა საინვესტიციო კომპანიამ, Andreessen Horowitz-ის ხელმძღვანელობით, MSquared $150 მილიონით დააფინანსა.