როგორ ემზადება FedNow კრიპტოსა და CBDC-თან კონკურენციისთვის
2023 წლის მარტის შუა რიცხვებში აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა გადახდების საკუთარი სისტემის ამოქმედება დააანონსა. FedNow რეალური დროის რეჟიმში ივლისიდან ამუშავდება.
რა არის FedNow: ფედერალური სარეზერვო სისტემის განმარტება
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეიმუშავა გადახდის საკუთარი სისტემა, რომელსაც FedNow უწოდა. FedNow-ს ძირითადი მიზანია, აშშ-ის საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებს მყისიერი გადახდების განხორციელების საშუალება მისცეს.
საკითხის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს ფედერალური სარეზერვო სისტემის ელექტრონული ქსელი FedLine ბანკებს შორის სახსრების პირდაპირი გადარიცხვისთვის. ის 10 000-ზე მეტ ფინანსურ დაწესებულებას უკვე ემსახურება.
ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში FedNow-თან დაკავშირებას აშშ-ის ყველა ბანკი შეძლებს, მათ ზომასა და მდებარეობასთან დაკავშირებული რაიმე შეზღუდვის გარეშე. გადახდის ფედერალური სისტემა მზადაა, მოემსახუროს მომხმარებლებს სადღეღამისო რეჟიმში, უქმე დღეების გარეშე: ფულადი გზავნილები 24/7 რეჟიმში გარანტირებულია როგორც კორპორაციული სექტორისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვისაც. საუბარია ნებისმიერი ზომის გადახდების გაგზავნასა და მიღებაზეც.
რა შუაშია აქ კრიპტოსექტორი?
2022 წლის სექტემბერში გადახდის ახალ სისტემას FedNow კრიპტოვალუტის შესაძლო მკვლელი უწოდეს, როდესაც ცნობილი გახდა შესაბამისი საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ. მასში მონაწილეობა 100-ზე მეტმა ამერიკულმა ბანკმა და ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამერიკელებს უყვართ ტრადიციული საბანკო ინსტიტუტების კრიტიკა იმის გამო, რომ სახსრების გადატანას დიდ დრო სჭირდება (ზოგჯერ რამდენიმე დღემდე) და დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე თანხების გადარიცხვა შეუძლებელია. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა კლიენტების კრიტიკას საკუთარი ბლოკჩეინის დანერგვით უპასუხებს.
მაგრამ ყველაფერი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. ფედერალებმა გადაწყვიტეს, კრიპტოსთვის ეჯობნათ და მომენტალური ტრანზაქციების სისტემაზე წვდომა ყველა მსურველისთვის გახსნეს. მანამდე მისი გამოყენება შეეძლოთ მხოლოდ ფედერალური სარეზერვო სისტემის კორპორაციულ კლიენტებს (საბანკო ინსტიტუტებს, გადახდის სისტემებს, როგორიცაა Western Union).
რაც შეეხება კრიპტოტრანზაქციების სიჩქარისა და ახალი FedNow-ის შესაბამისი შესაძლებლობების შედარებას, ამ უკანასკნელის მხარდამჭერებს შემდეგი მაგალითი მოჰყავთ. მარტის ბოლოს ბიტკოინის ტრანზაქციების დღიური რაოდენობა დაახლოებით 300 ათასს შეადგენდა. იმავე პერიოდში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ მეტი იყო. ამიტომ, ფედერალები დარწმუნებულნი არიან, რომ აჯობებენ კრიპტოვალუტას და არა მხოლოდ მას.
FedNow – CBDC-ის კონკურენტია?
უკვე დადის ხმები, რომ FedNow არ იქნება უბრალოდ პირველი ნაბიჯი CBDC-ის დანერგვის გზაზე. მყისიერი ფედერალური გადახდების ახალმა სისტემამ, შესაძლოა, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა უსარგებლო გახადოს.
უპირველეს ყოვლისა, ფედერალურ სარეზერვო სისტემაში გამოთვალეს, რომ კონგრესის მიერ დამტკიცების მომენტიდან ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ამოქმედებამდე მინიმუმ ხუთი წელი გავიდოდა. მეორეც, იგულისხმებოდა, რომ CBDC არის ინსტრუმენტი საბანკო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის, რაც გადახდებს უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის. მაგრამ, ახლა ფედერალური სარეზერვო სისტემა გვპირდება, რომ FedNow ამ პრობლემებს ადვილად გადაჭრის და 5 წელიწადში კი არა, არამედ ამ ზაფხულს.
იმოქმედებს თუ არა FedNow-ის დანერგვა CBDC-ის შემოღებაზე, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ, უკვე ნათელია, რომ კრიპტოკომპანიებს ფედერაციის ინოვაციების დიდად არ ეშინიათ. მაგალითად, ნიუ-იორკულმა ბლოკჩეინ ოპერატორმა Tassat დაუყოვნებლივ გამოაცხადა მზადყოფნა, მიაწოდოს თავის B2B კლიენტებს FedNow-ზე წვდომის სერვისი. ფედერალურ გადახდის ახალ სისტემაში ჯერ არ არის რეალიზებული ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ FedNow კრიპტოსგან ერთ ნაბიჯშია.