Sell: კრიპტომოძულე ბიურის საუკეთესო გამონათქვამები

icon LOOKS
ფოტო - Sell: კრიპტომოძულე ბიურის საუკეთესო გამონათქვამები
როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის მიმართ ტრადიციული სიძულვილის მიღმა ცნობილი ტრეიდერი მაიკლ ბიური short selling-ზე თავის საყვარელ თამაშს მალავს.

GNcrypto-ის დოსიე

მაიკლ ბიური
რითაა ცნობილი: კრიპტოვალუტის ბაზრის კასანდრა. ჰეჯ-ფონდის Scion Capital, LLC-ის დამფუძნებელი.
სად ცხოვრობს: სან-ხოსე, კალიფორნია, აშშ.
დაბადების თარიღი: 19 ივნისი 1971 წელი. (51 წლის).
ჰობი: პირადი ინვესტიციები.
განსაკუთრებული თვისებები: “მოკლე პოზიციის” სპეციალისტი.

ბიურიმ თავის ფონდს სახელი ტერი ბრუკსის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის, "The Scions of Shannara" ("შანარას შთამომავლების") პატივსაცემად დაარქვა. "შთამომავლების" მოქმედება ხდება დედამიწაზე, რომელსაც მართავს სასტიკი სამხედრო ორდენი, სახელწოდებით ფედერაცია. ელფები გაქრნენ, ჯუჯები ციხეში ჩააგდეს, მაგია კი აკრძალულია. როგორც ამბობენ, ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია. მაგრამ ღირსსახსოვარ 2008 წელს, ბიურიმ  მაინც აჩვენა ყველა მსურველს ფინანსური მაგიის სეანსი (შემდგომი მხილების გარეშე).

490%-იანი მოგება იპოთეკური კრიზისიდან

ჯერ კიდევ 2005 წელს მაიკლმა კლიენტების კუთვნილი $1 მილიარდი სუბსტანდარტული იპოთეკური კრედიტებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების გაუფასურებაზე დადო. სამი წლის შემდეგ, გაგანია იპოთეკური კრიზისის დროს, Scion Capital-ის ინვესტორებმა გამოიმუშავეს $700 მილიონი, ხოლო თავად ბიურიმ – $100 მილიონი. ამ ისტორიამ, ფაქტობრივად, საზოგადოების საფუძველი შეარყია. მის მოტივებზე ორი წიგნი დაიწერა. ფართო აუდიტორიისთვის ფინანსური კრიზისის მნიშვნელოვანი გაკვეთილების ჩვენების მიზნით შეიქმნა ფილმიც  - "The Big Short". მასში სიმპათიური ბოროტმოქმედის, მაიკლ ბიურის როლს კრისტიან ბეილი ასრულებდა. ფილმის ბოლოს ჩვენი გმირი უცებ ხვდება, რომ ფსონი დადო თავად ეკონომიკის, ცივილიზებული არსებობის საფუძვლებისა და, საბოლო ჯამში, საკუთარი თავის წინააღმდეგ. რას მიხვდა ნამდვილი ბიური, ზუსტად არ არის ცნობილი. მაგრამ ფაქტია: Scion Capital-ის სუფთა მოგებამ 2000 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ივნისის ჩათვლით 489,34% შეადგინა. მას შემდეგ მაიკლი პერსონალური ინვესტიციებითა და კასანდრას ანგარიშით გამოქვეყნებული იდუმალი ტვიტებითაა გატაცებული.

Game must go on

2021 წლის შემოდგომაზე, ბიური იღებს წერილს SEC-ისგან (აშშ-ის  ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი  კომისიისგან), რომელშიც სთხოვენ, მონაწილეობა მიიღოს ვიდეოთამაშების საცალო მოვაჭრე GameStop Corp-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამოძიებაში. WallStreetBets-ის საბრედიტის მონაწილეების კოორდინირებული ძალისხმევის წყალობით, GameStop-ის აქციები $10-დან რეკორდულ $400-მდე სწრაფად გაიზარდა.

თითქოს, რა შუაშია აქ ბიური? მან ფულის გამომუშავება აქაც მოახერხა, თავდაპირველად, GameStop-ის მიმართ მისი შეფასება ძალიან ოპტიმისტური იყო და საცალო ინვესტორების ნაწილის მოზიდვაში დაეხმარა. როდესაც GameStop-ის აქციებმა მაქსიმუმს მიაღწია, მაიკლმა ეს ფასიანი ქაღალდები გაყიდა და უზარმაზარი მოგება მიიღო. GameStop-ის საქმეში SEC-თან თანამშრომლობაზე ბიურიმ უარი განაცხადა.

ეს ადრე არ გამიკეთებია. როგორ შორთავთ კრიპტოს?

არ არის გამორიცხული, რომ SEC-ს მაიკლთან თანამშრომლობის იმედი სხვა მიზეზით ჰქონდა. მთელი 2021 წლის განმავლობაში ბიური კრიპტოვალუტებს თანმიმდევრულად აკრიტიკებდა.

ის მონეტა Shiba Inu-ს "უაზროს" უწოდებდა. Dogecoin-ის მზარდ ფასს დასცინოდა. კითხულობდა რჩევას, თუ როგორ მოეხდინა კრიპტოს შორთი. აფრთხილებდა, რომ ბიტკოინი "სპეკულაციური ბუშტია", რომელიც უზარმაზარი ლევერიჯით იკვებება და მარეგულირებლების წინაშე უსუსურია. 
როდესაც კრიპტოვალუტები ტრილიონებიდან ეცემა, ან მიმების აქციები ათობით მილიარდიდან ვარდება, #MainStreet-ის დანაკარგები თითქმის ქვეყნებისხელაა. ისტორია არ იცვლება
, - წინასწარმეტყველებდა ბიური.
ეგრეც არაა, რომ კატეგორიულად ცდებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიური თავისი სკეპტიციზმის მონეტიზაციას შეჩვეულია. იმ დროს, მისი საინვესტიციო პორტფელი მოიცავდა ფსონებს კეტი ვუდსის საბირჟო ფონდის ARK Invest Disruption Innovation-ის წინააღმდეგ. ARK Invest-ის აქციონერები უმსხვილესი კრიპტოინვესტორები არიან. ანუ, ბიური ისევ short selling-ზე თამაშობდა. SEC-ის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოსთვის მაიკლმა დახურა ფსონები კეტი ვუდსის ფონდის წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც Bloomberg ვარაუდობს, ბიურის მათი შენარჩუნება შეეძლო, თუ არასაბირჟო ბაზარზე put-ოფციონები იყიდა (ასეთი კონტრაქტები SEC-ის ანგარიშებში არ არის ასახული).

Sell!

2023 წლის იანვრის ბოლოს კასანდრამ ნატანჯი კრიპტოსაზოგადოება კვლავ შოკში ჩააგდო. ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბიურიმ  ტვიტერზე დაწერა: „გაყიდეთ!“ ბევრმა აღიქვა ეს ტვიტი, როგორც გაფრთხილება ბიტკოინის, კრიპტოვალუტებისა და ზოგადად ფინანსური ბაზრისთვის. მაგრამ, აი ბედნავსობა - მაიკლის დათვური ტვიტის შემდეგ, ბაზარი გაიზარდა. ბიური ანგარიშს აუქმებს, კრიპტოენთუზიასტები კი ჩერჩეტ მაიკლს დასცინიან. შესაძლოა, საბოლოოდ ისინი მართლები აღმოჩნდნენ. მაგრამ, თავისი ტვიტები და ანგარიშები ბიურის არაერთხელ წაუშლია. შემდეგ კი ახალი პროგნოზებითა და ფულის ტომრებით ბრუნდებოდა. რაღაც გვკარნახობს, რომ ლეგენდარული ინვესტორი კიდევ ერთხელ "ყველას გაგყიდით, გიყიდით და ისევ გაგყიდით, მაგრამ უკვე უფრო ძვირად“ (с).