სამხრეთ კორეა კრიპტოტრანზაქციების მონიტორინგის სისტემას დანერგავს

icon FOR
ფოტო - სამხრეთ კორეა კრიპტოტრანზაქციების მონიტორინგის სისტემას დანერგავს
სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტრომ დააანონსა პროგრამა, სახელწოდებით „ვირტუალური ვალუტის მონიტორინგის სისტემა“, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. ის კრიპტოვალუტის უკვე შესრულებული და ახალი ტრანზაქციების გადამოწმებას, მათ შორის სახსრების წარმომავლობის წყაროების შესწავლას ითვალისწინებს.
ამ სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კიბერკრიმინალთა მეთოდები სულ უფრო დახვეწილი ხდება, ამიტომ გადაწყდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისხლის სამართლის თანამედროვე სისტემის აგება. აღსანიშნავია, რომ ის 2023 წლის პირველ ნახევარში დაინერგება.

ადრე სამართალდამცავი ორგანოები სხვაგვარად მუშაობდნენ. ისინი ხუთ კორეულ კრიპტობირჟასთან სისხლის სამართლის გამოძიებებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ და ეს იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება კრიპტოინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას ცდილობს.
 
გასულ თვეში, სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა Bithumb-ის მომხმარებლების უნდა აუნაზღაურდეთ ზარალი, რომელიც 1,5-საათიანი შეფერხებით 2017 წლის ბოლოს იყო მიყენებული. მოსამართლემ განაცხადა, რომ ბირჟამ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან მომხმარებლებს მომსახურებისთვის საკომისიოს გადახდას აკისრებს.

ასევე ცოტა ხნის წინ ჩვენ ვწერდით, რომ პოლიციამ Bithumb-ის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და ცდილობდა, მოეპოვებინა და ამოეღო ინფორმაცია უკანონო გარიგებების შესახებ.

როგორც ჩანს, სამხრეთ კორეა სერიოზულად მიუდგა კრიპტოვალუტას, თანაც არა მხოლოდ კრიმინალის რეგულირების, ან პრევენციის კუთხით. მაგალითად, სეულის მთავრობამ წარმოადგინა მეტავერსის პროექტი, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, საქალაქო სერვისებზე წვდომა ვირტუალურ გარემოში მიიღონ.