Twitch პლატფორმის ახალი სკანდალი. ამჯერად მიზეზი BTC–სა და ETH–ზე დაფუძნებული ონლაინ კაზინოს სტრიმები გახდა, რომლებიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას იწვევს.
სტრიმინგის პლატფორმა Twitch–მა კრიპტოვალუტური აზარტული თამაშების პირდაპირი ტრანსლირების შეწყვეტა გამოაცხადა. კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ონლაინ კაზინოს, რულეტკისა და სათამაშო აპარატების ყველა ტრანსლაცია პლატფორმაზე 18 ოქტომბრიდან აიკრძალება.
ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში და Twitch პლატფორმის ტრანსლაციებში არსებული ნეგატიური რეაქციის შემდეგ იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების თამაშების წინააღმდეგ პროტესტი არაერთი თვეა გრძელდება, მთავარი როლი იმან ითამაშა, რომ მათ სულ უფრო მეტი ცნობილი ბლოგერი და მასმედიის საშუალება შეუერთდა. ზოგი მათგანი აცხადებდა, რომ შეწყვეტენ პლატფორმასთან თანამშრომლობას, თუკი ის არ მიიღებს ზომებს ისეთი კრიპტო–კაზინოების წინააღმდეგ, როგორებიცაა Stake.com, Rollbit.com, Duelbits.com და Roobet.com.
ბოლო დროს აზარტული თამაშების ტრანსლაცია BTC და ETH კრიპტოვალუტების სანაცვლოდ ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც თამაშის Fortnite სტრიმები (ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ თამაში). სტატისტიკური აპლიკაციის TwitchTracker მონაცემთა მიხედვით, მაყურებელთა რიცხვი, ვინც თვალს ადევნებს კრიპტო–კაზინოს ტრანსლირებას, შეიძლება 50 000 ადამიანს აჭარბებდეს. ამერიკული მედია საშუალებები ამტკიცებენ, რომ ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემა ხდება, რადგან მაყურებელთა უმეტესობა, რომელიც უყურებს თუ როგორ თამაშობენ მათი კერპები აზარტულ თამაშებს კრიპტოთი, მათ ბაძავს და დიდ ფულს კარგავს. საზოგადოებრივი აზრით, ასეთი სტრიმები აზარტული თამაშების ახალ სახეობაზე დამოკიდებულებას იწვევენ.
კომპანია Twitch-მა განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ცდილობს ამ საკითხის გადაჭრას. პლატფორმაზე დაწესებულია აკრძალვა ონლაინ კაზინოების რეფერალური ბმულების გავრცელებაზე. თუმცა ეს არაა საკმარისი. სტრიმერები, რომლებიც დიდ კონტრაქტებს დებენ კრიპტო–კაზინოებთან, (ზოგი $1 000 000–ს აღწევს), პოულობენ გზებს გვერდი აუარონ ამ აკრძალვებს. საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალი შეიძლება მსგავსი ტიპის ტრანსლაციების სრული აკრძალვა გახდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია Twitch არის მნიშვნელოვანი ინვესტორი SYN City –ს P2E პლატფორმის. შეწყვეტენ თუ არა ისინი თანამშრომლობას ბოლო მოვლენების შემდეგ, ჯერ უცნობია. ორივე კომპანიამ კომენტარისგან თავი შეიკავა.