ტიმ დრეიპერი გვირჩევს კაპიტალი ბიტკოინში შევინახოთ

icon BTC
ფოტო - ტიმ დრეიპერი გვირჩევს კაპიტალი ბიტკოინში შევინახოთ
ამერიკელმა ვენჩურულმა ინვესტორმა, ტიმ დრეიპერმა გამოაქვეყნა რამდენიმე რჩევა, რომელიც, მისი აზრით, დაეხმარება ფულადი სახსრების მართვაში როგორც ჩვეულებრივ კომპანიებს, ასევე კრიპტოკომპანიებს, რომლებსაც თავიანთი ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება სურთ.
ის თვლის, რომ ბანკების ჩამოშლა და გლობალური ეკონომიკური პროცესები სერიოზულად აზიანებს ბიზნესს, ხოლო აშშ-ის მთავრობის გაუგებარი პოლიტიკა (ფულის ბეჭდვა განაკვეთის ზრდასთან ერთად) მხოლოდ ამძიმებს  სიტუაციას.

ასეთია მისი შვიდი რეკომენდაცია, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში  კომპანიას კლიენტებისა და თანამშრომლების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში უნდა დაეხმაროს:

1. სწრაფვა სიმარტივისაკენ

ძალიან ხშირად, მეწარმეები ეფლობიან დეტალებში (ლამაზი ვებგვერდის შექმნა, ოფისის მოწყობა და ა.შ.) და ავიწყდებათ, რომ მათი მიზანი პროცესების ოპტიმიზაცია და მომგებიანი ბიზნესის აგებაა. ზედმეტი სირთულეების თავიდან მოშორება საშუალებას გაძლევთ გაამარტივოთ მენეჯმენტი და გამოათავისუფლოთ რესურსები მართლაც მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის.

2. აქტივების დივერსიფიკაცია

ყველა კომპანია კაპიტალზე წვდომისთვის საბანკო სისტემას იყენებს. ტიმი თვლის, რომ ყველამ ნაღდი ფულის გარკვეული რეზერვები  უნდა შეინახოს და საკუთარ ბიზნეს მოდელებში აქტიურად დანერგოს კრიპტოვალუტა, განსაკუთრებით კი ბიტკოინი. აღსანიშნავია, რომ სტეიბლკოინების რეზერვებიც ბანკებში ინახება და მათაც შეიძლება შეექმნათ განაღდებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც ეს, მაგალითად, USDC-ის შემთხვევაში იყო. ამიტომ, არ უნდა ხდებოდეს მთელი სახსრების ინვესტირება ერთ აქტივში.

3. მომგებიანობა

ადრე კომპანიებს არ უწევდათ წუხილი მომგებიანობის მაქსიმიზაციაზე, რადგან თითქმის ნულოვანი ინფლაციისა და დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, ამაზე ფიქრი ზედმეტი იყო. მაგრამ, ახლა ფულადი ნაკადები თქვენი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს. აქ საუბარია არა მხოლოდ შემოსავლის მიღებაზე, არამედ ხარჯების მართვის ეფექტურობაზეც. საწარმო უნდა ცდილობდეს, აირიდოს ვალები, რომლებიც შეიძლება ტვირთად დააწვეს და აღმოფხვრას არააუცილებელი ხარჯები.

4. განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების მიმართ

თაღლითების მზარდი აქტივობის გამო, თავდასხმების მონიტორინგს მეტი დრო უნდა დაეთმოს. ეკონომიკური პრობლემების გადაჭრამ არ უნდა შეასუსტოს დაცვა კოორდინირებული თავდასხმებისგან. ფინანსური ინსტიტუტებისა და კრიპტოკომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების აუდიტების ჩატარება, აქტივების შესანახად ცივი საფულეების გამოყენება, ხოლო კორპორაციული ურთიერთქმედებისას კი VPN-ისა და end-to-end დაშიფვრის გამოყენება.

5. მესამე მხარის პრობლემების მონიტორინგი

თუ თქვენი ბიზნესი დამოკიდებულია გარე კომპანიის მიერ შეუფერხებლად მოწოდებულ გარკვეულ მომსახურებაზე, მნიშვნელოვანია განიხილოთ ნებისმიერი პოტენციური პრობლემა მის წარმოქმნამდე და შეიმუშაოთ მისი პრევენციის გეგმა. მაგალითად, კრიპტობირჟებს უნდა ჰქონდეთ სტაბილური ღრუბლოვანი სერვისი და ჰყავდეთ პარტნიორები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ფიატთან, იმისთვის რომ ადამიანებმა მარტივად შეძლონ გადასვლა ტრადიციული ვალუტიდან კრიპტოვალუტაზე და პირიქით. 

6. მუდმივად გააანალიზეთ პროცესები

ბიზნესში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და ცვლილებების თავიდან აცილება შეუძლებელია. როდესაც დამკვიდრებულ პროცესებში ჩნდება ცვლილებები, უნდა ჩაატაროთ სრული ანალიზი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს  მნიშვნელოვან ზიანს  არ გამოიწვევს და ზეგავლენა თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე მინიმალური იქნება.

7. დეცენტრალიზებული მმართველობა

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დეცენტრალიზაცია (კრიპტოვალუტების გამოყენება) სჭირდება არა მხოლოდ ფინანსებს, არამედ კორპორაციულ მმართველობასაც. ასეთი მიდგომით, გადაწყვეტილების დროული მიღების მიზნით, უფლებამოსილების გარკვეული ნაწილი ორგანიზაციის უფრო დაბალ რგოლებზე ნაწილდება, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს იპოვონ უფრო შემოქმედებითი და უჩვეულო მიდგომები. ამან შეიძლება არა მხოლოდ გააუმჯობესოს კომპანიაში არსებული ყველა პროცესი, არამედ შეამციროს მცდარი ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების რისკი.

ღირს თუ არა ვენჩურული ინვესტორების აზრის გათვალისწინება?

მცირე ბიზნესის დაწყებისას ან მართვისას ბევრი მეწარმე "უფროს" კოლეგებს მიმართავს არა მხოლოდ ფულისთვის, არამედ რჩევისთვისაც. ვენჩურული ინვესტორები მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ცოდნას ფლობენ, რაც შეიძლება კომპანიის მომავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, ან ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის ორგანიზებაში დაგეხმაროთ, მაგრამ, უნდა გახსოვდეთ ასეთი რეკომენდაციების უარყოფითი მხარეებიც:

1. ინტერესთა კონფლიქტი მთავარი პრობლემაა. ყველა ინვესტორი ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ინვესტიციების მომგებიანობა და ეს შეიძლება არ ემთხვეოდეს სხვა მეწარმეების მიზნებს.

2. პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს შეზღუდული თვალთახედვა და უნივერსალური რჩევებიც. ინვესტორებმა დიდი ხანია შეიმუშავეს წარმატების საკუთარი ფორმულები, რომლებიც ვერ იქნება გამოყენებული ყველა ბიზნეს მოდელის მიმართ, შესაბამისი ადაპტაციის გარეშე.

ტიმ დრეიპერის უნივერსალური რჩევები, ზოგადად, მიმართულია ბიზნესის ყველა სფეროში რისკების შემცირებასა და დეცენტრალიზებული კორპორაციული მმართველობის შექმნაზე. უფრო მეტიც, მათი გათვალისწინება რიგით ადამიანსაც შეუძლია თავისი დანაზოგის შენახვის, ინვესტირების, ან მომავალი პროექტების რეალიზაციის მიზნით.