თურქეთის არჩევნებმა, შესაძლოა, კრიტოინდუსტრიის მომავალი შეცვალოს

ფოტო - თურქეთის არჩევნებმა, შესაძლოა, კრიტოინდუსტრიის მომავალი შეცვალოს
თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდება. ძირითადი ბრძოლა მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის ოპოზიციის ლიდერს, ქემალ კილიჩდაროღლუს შორის გაიმართება. საპრეზიდენტო რბოლის შედეგებმა, შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკურ ლანდშაფტსა და, მთლიანად, კრიპტოინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
კილიჩდაროღლუს პოლიტიკური შეხედულებები ერდოღანის პოზიციისგან სერიოზულად განსხვავდება. ოპოზიციის ლიდერი თურქეთში თავისუფლებისა და დემოკრატიის მოტანის პირობას დებს, რაც ახალგაზრდა თაობის მისწრაფებებთან სრულ თანხვედრაშია.  ერდოღანმა კი ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტებთან ომს აწარმოებს და მათ მხარდაჭერას არ გეგმავს.
  უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი იმ მცირეოდენ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ციფრული აქტივების სექტორის კომპლექსური რეგულირება დღემდე არ დანერგეს.

კილიჩდაროღლუს გამარჯვებამ შეიძლება ქვეყანაში კრიპტოინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი, ვინაიდან ის  Web3- ტექნოლოგიების აქტიური მხარდამჭერიც არის
„როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, მოვხსნით PayPal-ზე აკრძალვას და Web3-სივრცეს გავაფართოვებთ. სამეწარმეო ეკოსისტემები ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცევა. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ  თურქეთის ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ უძრაობას“ - პირობას დებს პრეზიდენტობის კანდიდატი.

კილიჩდაროღლუს თქმით, მისი ძირითადი მიზანია ისეთი ქვეყნის შექმნა, სადაც მეწარმეებს და ახალგაზრდობას თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ და ამ მიზნის მისაღწევად მსოფლიოს ნათელ გონებებთან ითანამშრომლებენ.

შეგახსენებთ, რომ ადრე ქემალმა ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც კრიპტოვალუტები, როგორც  საგადამხდელო საშუალება, თურქეთის ტერიტორიაზე აკრძალა.

GC
GN Crypto
ავტორი