აშშ კონგრესმენები კრიპტოს შესახებ კანონპროექტს გვთავაზობენ. ტაში!

ფოტო - აშშ კონგრესმენები კრიპტოს შესახებ კანონპროექტს გვთავაზობენ. ტაში!
კრიპტოვალუტების დარეგულირების დრო მოვიდა და როგორც იქნა, აშშ ინიციატორის როლში გამოვიდა. პროცესს ორი კონგრესმენი ხელმძღვანელობს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურებისა და  სოფლის მეურნეობის კომიტეტებმა ძირითადი დოკუმენტი შეიმუშავეს.

რესპუბლიკელების, პატრიკ მაკჰენრის და გლენ ტომპსონის მიერ წარდგენილი პროექტი ციფრული აქტივებისთვის ნორმატიული ბაზის შექმნასა და სხვა საკითხებს გვთავაზობს. მისი მიზანი  კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ მკაფიო ინსტრუქციების  უზრუნველყოფაა.

ვრცელი პროექტი რიგ წინადადებებს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, აქცენტი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) მიერ გამოყენებულ საკამათო მეთოდებზე კეთდება. კერძოდ, მის უუნარობაზე, ახსნას რა წარმოადგენს ფასიან ქაღალდს და რა არა.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ გარკვეული ციფრული აქტივები ციფრულ საქონლად განიხილება, თუ ისინი ფუნქციონალური და დეცენტრალიზებულია. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში სხვაგვარად ფიქრობენ, საჭიროა დეტალური ახსნა, თუ რატომ არის ეს ასე და რატომ არ არის კონკრეტული კომპანია დეცენტრალიზებული.

"კანონი ასევე ავალდებულებს SEC-ს, შეცვალოს თავისი წესები და მისცეს ბროკერ-დილერებს უფლება, შეინახონ ციფრული აქტივები, თუ ისინი გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ“, - ნათქვამია პროექტში. "გარდა ამისა, კანონი მოსთხოვს SEC-ს, შეიმუშაოს წესები ციფრული აქტივების რეგულირების მოდერნიზაციისთვის“.

ზოგიერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა კანონპროექტს მხარი დაუყოვნებლივ დაუჭირეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის Coinbase, რომელიც SEC-თან სასამართლო პროცესისთვის ემზადება.

კომპანიის იურიდიულმა დირექტორმა, პოლ გრევალმა დაწერა: "დღევანდელი კანონპროექტი ბაზრის რეგულირების შესახებ  @PatrickMcHenry-სა და @CongressmanGT-ისგან მყარ საფუძველს უყრის მარეგულირებელ იურისდიქციას, BD წესებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. მე ძალიან მსურს, ამაზე მეტი ვისაუბრო მომავალ სამშაბათს @houseaggop-ის წინაშე".
პოლ გრევალის ტვიტი. წყარო: Twitter

პოლ გრევალის ტვიტი. წყარო: Twitter

მან ასევე დასძინა, რომ შემდეგ საკანონმდებლო ეტაპზე გადასვლამდე, უფრო ღრმა ანალიზის ჩატარებაა საჭირო.

ადრე GNcrypto წერდა, რომ ევროკავშირი Web3 პლატფორმებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დაცვას მოსთხოვს.