ვიტალიკ ბუტერინი: იდეალური ნერდი
ვიტალიკ ბუტერინმა დიდი ხანია კრიპტოლეგენდის სტატუსი მოიხვეჭა. ეს უნიკუმია, რომელიც უარყოფს პოსტულატს იმის შესახებ, რომ კრიპტობაზარზე მილიარდერი შეიძლება, სამ შემთხვევაში გახდე: თუ მილიონერი ხარ, თუ მილიონერების ოჯახში დაიბადე, ან თუ Alibaba-ს დამფუძნებელთან მეგობრობ.
ბუტერინზე ლაპარაკი უმადური საქმეა. არ არსებობს საინფორმაციო ვებგვერდი, რომელიც მის სახელს 2-3 დღეში ერთხელ მაინც არ ახსენებს. ერთი შეხედვით, ჩვენ ბლოკჩეინ Ethereum-ის პოპულარიზაციის გზაზე მისი ყოველი ნაბიჯი ვიცით. მედია მუდმივად იტყობინება, რა თქვა მან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რის თქმას აპირებს და კიდევ რაზე დუმს. ვიტალიკი ხშირად და სიამოვნებით გამოდის კრიპტოკონფერენციებზე და ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევს. ის თავის სოციალურ ქსელებს თავად მართავს და გამომწერებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. მაგრამ ამავე დროს, პირადულზე თითქმის არასოდეს საუბრობს.
ამიტომ, გადავწყვიტეთ, ვიტალიკ ბუტერინის შესახებ ისეთი ინფორმაცია გვეპოვა, რომელიც ახალ ამბებში არ ფიგურირებს: როგორია მისი გემოვნება და სისუსტეები, ბავშვობა და ოჯახი. ამისათვის მისი რამდენიმე ათეული ინტერვიუ მოვისმინეთ და ნამცეც-ნამცეც შევაგროვეთ ინფორმაცია, რომელიც Ethereum-ს არ ეხება.
ვიტალიკი 1994 წელს რუსეთში, ქალაქ კოლომნაში, პროგრამისტისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა. 6 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ.
საყვარელი საგანო სკოლაში: მათემატიკა. მაგრამ ვერც ერთი კანადელი მასწავლებელი ბუტერინის აზროვნების თავისებურებებს ვერ ჩაწვდა. ერთადერთი, ვისაც ვიტალიკი სიამოვნებით უსმენდა, მათემატიკის კერძო რეპეტიტორი, ოდესელი ემიგრანტი იყო, რომელიც მასთან კვირაში ერთხელ 6 წლის განმავლობაში მეცადინეობდა.
საყვარელი კომპიუტერული თამაში ბავშვობაში: Excel, რადგან მისთვის ახალი ფორმულების შექმნა სახალისო იყო. პირველად კომპიუტერს ის 4 წლის ასაკში მიუჯდა.
საყვარელი კომპიუტერული თამაში მოზარდობაში: World of Warcraft. მას დღემდე თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ WoW-ში მიიღო ცენტრალიზაციის საწინააღმდეგო პირველი აცრა: 2010 წელს Cataclysm-ის განახლებამ მისი პერსონაჟი ყველა მიღწევის გარეშე დატოვა, რომლებიც Wrath of the Lich King-ში მოიპოვა. ეს სერიოზული შოკი იყო, რომლიდანაც ვიტალიკი დიდხანს ვერ გამოდიოდა. მაშინ გადაწყდა, რომ თუ ის კომპიუტერულ თამაშების შექმნას დაიწყებს, ისინი დეცენტრალიზებული იქნება.
ვიტალიკ ბუტერინი ბავშვობაში. წყარო: beincrypto
ყველაზე საძულველი საქმიანობა ბავშვობაში: ფორტეპიანოს გაკვეთილები. ვიტალიკისთვის მუსიკისადმი სიყვარულის ჩანერგვას 3 წლის მანძილზე ცდილობდნენ, ის კი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ამას ეწინააღმდეგებოდა და ბოლოს და ბოლოს, დაამარცხა მშობლების ოცნება, რომლებსაც მისი ნახვა სცენაზე, ფრაკით სურდათ.
სპორტისადმი დამოკიდებულება: დადებითი. ვიტალიკი თავს ენერგიულ ადამიანად თვლის, რადგან ფეხით დადის და ზოგჯერ ცურავს. ბავშვობაში რამდენჯერმე თხილამურებზე იდგა. თვლის, რომ ეს სავსებით საკმარისია.
პირველი გამომუშავებული ფული: ანაზღაურება კოპირაიტინგისთვის. 2011 წელს ვიტალიკი დეველოპერის ვებგვერდებისთვის სტატიებს წერდა. თითოში მას უხდიდნენ 5 BTC-ს (მაშინ კურსი $9-13 შორის მერყეობდა). პირველი ჰონორარი მომავალმა მილიარდერმა პოკემონიანი მაისურის შესაძენად დახარჯა.
უახლოესი მეგობარი: დედა. ნატალია ამელინი (ასე ჰქვია) ვიტალიკის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ ბიზნესპარტნიორიცაა. ის ცდილობს, მას მოგზაურობებში თან ახლდეს და "მისის ბლოკჩეინის" ტიტულსაც ატარებს, რომლითაც ის Ethereum Foundation-ის თანამშრომლებმა შეამკეს. ნატალია მესამე სამყაროს ქვეყნების სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის კრიპტოსაგანმანათლებლო პროგრამებითაა დაკავებული. პერსპექტიული ციფრული პროექტების დასახმარებლად, მან ასევე ბლოკჩიენ ინკუბატორი CryptoChicks შექმნა. ამ ინიციატივებისთვის ფული Ethereum-ის საქველმოქმედო ფონდიდან შემოდის.
ვიტალიკ ბუტერინის დედა, ნატალია ამელინი. წყარო: coindesk
ძირითადი საცხოვრებელი ადგილი: სინგაპური. ვიტალიკმა ერთ-ერთ კუნძულზე პატარა იზოლირებული სახლი იყიდა და მშვიდი და ეფექტური კოდირებისთვის ის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვა. მასთან კუნძულზე მხოლოდ მშობლები ჩამოდიან. თუ საჭიროა პროექტის გუნდთან ერთად მუშაობა, მაშინ ბუტერინი სან-ფრანცისკოში მიფრინავს, სადაც ასევე პატარა სახლი აქვს, რომელსაც დისტანციურ ოფისად, ან Ethereum-ის თანამშრომლებისთვის საერთო საცხოვრებლად იყენებს.
ვინ უამბო კრიპტოვალუტების შესახებ: მამამ, დიმიტრი ბუტერინმა. მან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სფეროში წარმატებული კარიერა ააწყო, მაგრამ ახლა ფოტოგრაფიითა და პლატფორმების Gate.org და UkraineDAO მეშვეობით უკრაინისადმი საქველმოქმედო დახმარების კოორდინაციითაა დაკავებულია. ნებისმიერ საჯაროობას ერიდება. საკუთარ თავს "ნახევრად პენსიონერს" უწოდებს.
დიმიტრი და ვიტალი ბუტერინები. წყარო: vimbuzz
პირადი ცხოვრება: არ აქვს. ვიტალიკს მიაწერდნენ რომანს Bloomberg-ის ჟურნალისტ კამილა რუსოსთან, რომელიც მის შესახებ წერდა წიგნს, სახელწოდებით "უსასრულო მანქანა". მაგრამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. სავარაუდოდ, მათი შეხვედრები მხოლოდ მომავალი წიგნის დეტალების განხილვას ეძღვნებოდა. ვიტალიკი აღიარებს, რომ ახალგაზრდა ქალებისგან უამრავ წერილს იღებს, მაგრამ მას, ჯერჯერობით, უფრო Ethereum-ის მასშტაბირების პრობლემები და საქველმოქმედო საკითხები აინტერესებს.
კამილა რუსო. წყარო: YouTube
საყვარელი კერძები: ბოსტნეული და ხილი. ვიტალიკ ბუტერინი ვეგეტარიანულ საკვებს ირჩევს, მაგრამ ხისტი საზღვრებით არ შემოიფარგლება. მას შეუძლია, მშვიდად მიირთვას ფასტფუდი, თუ ხელთ სხვა არაფერი აქვს.
საყვარელი ავტომობილი: არ აქვს. ბუტერინს მართვის მოწმობა არ აქვს და საკუთარი მანქანა არ ჰყავს. ქალაქში ტაქსით, ან მეტროთი მგზავრობა ურჩევნია. ზოგჯერ მას მეგობრები და თანამშრომლები ატარებენ.
რა ენაზე ურჩევნია საუბარი: ინგლისური და ჩინური. იცის რუსული. ასევე, შეიძლება, გინახავთ ცნობილი ჩანაწერი, სადაც ვიტალიკმა წლის ყველა თვე უკრაინულად საკმაოდ თავდაჯერებულად ჩამოთვალა. უკრაინელმა კრიპტელებმა ამისგან შექმნეს მემი, სახელწოდებით „თვეები, რომლებშიც ჩემი პორტფელი შეიკუმშა“.
უმაღლესი სასწავლებელი: პირველ კურსზე University of Waterloo (ონტარიო, კანადა) მიატოვა და უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.
ტანსაცმლის საყვარელი სტილი: Casual. ვიტალიკი პიჯაკსა და ჰალსტუხში არავის უნახავს. მისთვის მაქსიმალურად საქმიანი სტილი თეთრი პერანგი და ჯინსებია. ზოგი ბუტერინს ექსტრავაგანტად მიიჩნევს. მაგრამ ის უფრო ჰგავს ადამიანს, რომლისთვისაც სულ ერთია, აქვს რაღაც სტილი თუ არა. მთავარია, თავს კომფორტულად გრძნობდეს.
საყვარელი დროსტარება: პროგრამირება და მოგზაურობა. თანაც ამის გაკეთება ერთდროულად შეუძლია.
რატომ წარადგენს თავს ყოველთვის ვიტალიკად, მაგრამ არასდროს ვიტალად?
ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვეთ.
და, იცით, მისი ცოტა გვშურს. ალბათ იმიტომ, რომ თვითონ არავისი შურს და ცხოვრობს ისე, როგორც მისთვის კომფორტულია.