რას ნიშნავს ხარისა და დათვის ხაფანგები?
ცრუ სიგნალები კრიპტობაზარზე იშვიათობა არაა. მათი მსხვერპლი ძირითადად ემოციური ტრეიდერები და ახალბედები ხდებიან, რომლებიც ანალიზისთვის შეზღუდული რაოდენობის ინსტრუმენტებს იყენებენ. როგორ არ აღმოჩნდეთ გავრცელებულ - ხარისა და დათვის ხაფანგებში? ჩვენს სტატიაში განვიხილოთ.
რას ნიშნავს ხარის ხაფანგი?
ხარის ხაფანგი ხანგრძლივი დაღმავალი ტრენდის ფონზე ხანმოკლე აღმავალი მოძრაობაა. ხშირად, აქტივის საბაზრო ფასი მოულოდნელ ზრდას იწყებს, რაც ტრეიდერს უბიძგებს ფსონი ბაზრის შემდგომ შემობრუნებაზე დადონ. მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპირო ხდება: ვარდნა გრძელდება და ინვესტორები იძულებულნი არიან, სერიოზული ზარალის თავიდან აცილების იმედით, ნაყიდი აქტივები სასწრაფოდ გაყიდონ.
როგორ იკეტება ხარის ხაფანგი?
ხარის ხაფანგი დათვების ბაზარზე ჩნდება, როგორც გამყიდველების მიერ ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია, ან გარკვეულ ახალ ამბავზე ტრეიდერების დადებითი რეაქცია. წარმოქმნის მიზეზის მიუხედავად, პროცესი ერთნაირად მიმდინარეობს:
• ტრეიდერები აქტივის მიმართ ინტერესს ავლენენ, მისი საბაზრო ღირებულების შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ;
• მოთხოვნის ზრდის შედეგად, აქტივის ფასი წინააღმდეგობის დონეს არღვევს;
• თუ ინვესტორებს აღმავალი ტრენდის შენარჩუნების საშუალებები არ აქვთ, ტრენდის ხაფანგი იკეტება, აქტივის საბაზრო ღირებულება კი დაღმავალ მოძრაობას განაგრძობს.
ვინ ხდება ხარის ხაფანგის მსხვერპლი?
ყველაზე ხშირად ხარის ხაფანგებში ზარალდებიან ინვესტორები, რომლებიც შემდეგ კატეგორიებს მიეკუთვნებიან:
• ზედმეტად ემოციურები. ასეთი ტრეიდერები ბაზრის ნებისმიერ რყევაზე, თუნდაც ყველაზე მინიმალურზე რეაგირებენ და მათ შემობრუნების ტრენდად ან ტოკენების ყიდვის სიგნალებად აღიქვამენ. არც თუ იშვიათად, ისინი საკუთარ თეორიებს ქმნიან, რომლებიც ბაზრის დინამიკას ხსნის და საღი აზრის უკუგდებით, ამ თეორიებით ხელმძღვანელობენ;
• არასაკმარისად გამოცდილები. საბაზისო ცოდნისა და უნარების ნაკლებობა ახალბედა ტრეიდერებს ნამდვილი საბაზრო სიტუაციის შეფასების საშუალებას არ აძლევს. ისინი ცვლილებების ინტერპრეტაციას ყოველთვის სწორად ვერ ახდენენ და პრაქტიკისა და ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების არქონის გამო ზარალდებიან.
რას ნიშნავს დათვის ხაფანგი?
დათვის ხაფანგი ხარის ხაფანგის საპირისპიროა, საბაზრო სიტუაცია, რომლის დროს აქტივის ფასი აღმავალი ტრენდიდან დაღმავლამდე ცრუ მოკლევადიან შემობრუნებას აჩვენებს. ღირებულების მკვეთრ ვარდნას ტრეიდერების ნაწილი კრიპროვალუტის სასწრაფო გაყიდვის სიგნალად აღიქვამს, რათა სახსრები არ დაკარგოს. მაგრამ მალე აქტივი ზრდას დამაჯერებლად აგრძელებს, რაც ნიშნავს, რომ დანაკარგების თავიდან აცილების სპონტანურმა სურვილმა თავად ინვესტორი დააზარალა.
რატომ ჩნდება დათვის ხაფანგი?
ხაფანგი აღმავალი ტრენდის ფონზე იქმნება და მას შემდეგი მექანიზმი აქვს:
• იწყება ტოკენის მასობრივად გაყიდვა, რაც, შესაძლოა, როგორც ახალ ამბებზე რეაქციით, ასევე უფრო მსხვილი ინვესტორების მანიპულაციებით იყოს გამოწვეული.
• ირღვევა მხარდაჭერის ხაზი და გაყიდვების მოცულობა დამატებით იზრდება;
• ხაფანგი იკეტება, აქტივის საბაზრო ფასი კი მანამდე არსებულ აღმავალ ტრენდს აგრძელებს.
ვინ აღმოჩნდება დათვის ხაფანგში?
ამ შემთხვევაში, სახსრებს იმპულსური ტრეიდერები კარგავენ, რომლებმაც აქტივების გაყიდვა მხარდაჭერის ხაზის გარღვევისთანავე გადაწყვიტეს.
ხაფანგში მოხვედრა არ მინდა! რა მოვიმოქმედო?
ხაფანგების მუშაობის პრინციპის ცოდნით, შესაძლებელია ინსტრუმენტების სიის შედგენა, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მათ არ წამოეგოთ.
1. სტოპ-ლოს ორდერების გამოყენება. ისინი არასტაბილურ პირობებში ვაჭრობისას არ დაივიწყოთ. წაგებული გარიგებების ავტომატური დახურვის წყალობით, გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში, სტოპ-ლოსი სერიოზული დანაკარგებისგან დაგიცავთ.
2. დადასტურების სიგნალების მიღება და რეტესტი. იმისათვის, რომ ბაზარმა არ მოგატყუოთ, ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები გამოიყენეთ. ინდიკატორები, მათ შორის RSI, ბოლინჯერის ველები და სხვა მაჩვენებლები დაგეხმარებათ, გაიგოთ, ნამდვილად შეიცვალა თუ არა ტრენდი, თუ შემოსული სიგნალები ცრუა.
3. ვაჭრობის მოცულობის შემოწმება. თუ მოცულობის არსებითი ცვლილება არ არის, სავარაუდოდ, ეს ხაფანგია. ნამდვილ შემობრუნებას, ტრეიდერების დიდი რაოდენობის მონაწილეობის შედეგად, ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა ახლავს თან.
დასკვნა
ხარისა და დათვის ხაფანგები კრიპტობაზრის არც თუ იშვიათი სტუმრები არიან. გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ და ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები გამოიყენეთ, რათა ცრუ სიგნალების გამო სახსრები არ დაკარგოთ.