რა არის უვადო სვოპ კონტრაქტი?

ფოტო - რა არის უვადო სვოპ კონტრაქტი?
უვადო სვოპ კონტრაქტი არის კრიპტოვალუტის დერივატივების სახეობა, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ გრძელი ან მოკლე პოზიციები მანამ, სანამ მათ საკმარისი მარჟა აქვთ. უვადო სვოპები ასევე საშუალებას აძლევს ტრეიდერებს, გახსნან დიდი სავაჭრო პოზიციები მცირე დეპოზიტით.
სვოპები აძლევენ ტრეიდერებს დამატებით მოქნილობას - ლევერიჯის გამოყენებისა და საბაზისო აქტივის რეალურად ფლობის ან შენახვის გარეშე, კონტრაქტის მიხედვით ანგარიშსწორების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ჰგავს ფიუჩერსულ კონტრაქტებს, სვოპები ფიუჩერსებისგან ორი ძირითადი პარამეტრით განსხვავდება, რაც მათ ტრეიდინგის სფეროში უნიკალურ და პოპულარულ ინსტრუმენტებად აქცევს.
 
ფიუჩერსულ კონტრაქტსა და სვოპს შორის მთავარი განსხვავება პოზიციის მოქმედების ვადაა. ფიუჩერსული კონტრაქტების მოქმედების ვადა წინასწარ არის განსაზღვრული, ხოლო უვადო  სვოპები თეორიულად შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ტრეიდერებს ექნებათ საკმარისი მარჟა ზარალის დასაფარად და ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად.
 
მეორე განსხვავება დაფინანსების განაკვეთშია, რომელიც მნიშვნელოვანია უვადო სვოპის ფასების დაბალანსების შესანარჩუნებლად. უვადო კონტრაქტებში ვადის არარსებობის გამო, ბირჟები ნერგავენ ფასების მიბმის სისტემას, რომელსაც ეწოდება დაფინანსების განაკვეთის მექანიზმი. ეს მექანიზმი აბალანსებს უვადო სვოპების მოკლე და გრძელ პოზიციებს, გარიგებების სტიმულაციის, ან დესტიმულაციის გზით. ფიუჩერსების შემთხვევაში პოზიციის ვადის გასვლის თარიღი წინასწარ არის დადგენილი, მათი ფასები აქტივის სპოტურ ფასს ავტომატურად ემთხვევა.

როგორ გამოითვლება დაფინანსების განაკვეთი?

დაფინანსების განაკვეთის მექანიზმი მუშაობს კონტრაქტის მეშვეობით, რომელიც ადარებს ფასის განსხვავებას უვადო სვოპ კონტრაქტსა და აქტივის სპოტურ ფასს შორის. მაგალითად, თუ  უვადო სვოპ კონტრაქტი საბაზისო აქტივის სპოტურ ფასზე უფრო ძვირად ივაჭრება, დაფინანსების განაკვეთი ხდება დადებითი, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიანი პოზიციის მფლობელებმა უნდა გადაუხადონ დაფინანსების საკომისიო მოკლე პოზიციის მფლობელებს მანამ, სანამ ისინი თავიანთ პოზიციებს ღიად ინარჩუნებენ. ასევე, როდესაც სვოპის ფასი საბაზისო აქტივის სპოტურ ფასზე დაბალია, დაფინანსების განაკვეთი ხდება უარყოფითი და მოკლე პოზიციის მფლობელები უხდიან საკომისიოს გრძელი პოზიციის მფლობელებს. საკომისიოს ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია თითოეული ტრეიდერის პოზიციის სიდიდესა და ლევერიჯზე.
 
თითოეულ ბირჟას აქვს საკუთარი დაფინანსების განაკვეთი, რომლის გაცემა ხდება დროის ფიქსირებული ინტერვალებით. ზოგიერთ ბირჟაზე გადახდის პერიოდი ყოველ რვა საათში ერთხელ დგება.

დასკვნა

თავისი უპირატესობებიდან გამომდინარე, უვადო სვოპები ტრეიდერებს შორის სულ უფრო პოპულარული კრიპტოდერივატივები ხდება, მონაცემები კი აჩვენებს, რომ ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა 180 მილიარდ დოლარს აღემატება.
 
კრიპტოვალუტურ ბაზრებზე არსებული მაღალი ვოლატილობისა და რისკ-მენეჯმენტის გამო, უვადო სვოპების სწორად გამოყენებას თქვენი დეპოზიტის გაზრდა შეუძლია.