რა არის პონცის სქემა?

ფოტო - რა არის პონცის სქემა?
ახალი ამბები იმის შესახებ, რომ მორიგ კრიპტოპროექტს პონცის სქემის გამოყენებაში ადანაშაულებენ, რეგულარულად ჩნდება. რა არის ეს, როგორ გაჩნდა და რით განსხვავდება პირამიდული სქემისგან? მოდით, გავერკვიოთ.
პონცის სქემა ფინანსური პირამიდაა. საინვესტიციო სისტემა, რომელშიც ადრეული მონაწილეებისთის მოგება გაიცემა იმ სახსრების ხარჯზე, რომლებიც ახალი ინვესტორებისგანაა მიღებული. ამასთან, ფულის ნაწილი თაღლითობის ორგანიზატორის ანგარიშზე ირიცხება.

ბუნებრივია, ამის აფიშირება არ ხდება. მომხმარებლისთვის ლამაზ ისტორიას თხზავენ. მას მიაჩნია, რომ ინვესტიციას ახორციელებს კანონიერ კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას ან პროდუქტს, რისთვისაც იღებს შემოსავალს. თუმცა, რეალურად, მომხმარებლის ფულის მოზიდვის გარდა, არანაირი აქტივობა არ არსებობს. ამიტომ, ეს თაღლითობად ითვლება.
პონცის სქემის ინფოგრაფიკა. წყარო - Sperrinlaw

პონცის სქემის ინფოგრაფიკა. წყარო - Sperrinlaw

პონცის სქემის გავრცელებული ნიშნები:

  • თავდაპირველი ინვესტიციიდან მაღალი მოკლევადიანი მოგების მიღების დაპირებები;
  • განცხადებები დაბალი რისკისა და ინვესტიციის 100%-იანი ანაზღაურების შესახებ;
  • ანგარიშებზე, დოკუმენტებსა და ბიზნეს დეტალებზე წვდომის არარსებობა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფინანსური პირამიდის სქემის გამოვლენა საკმაოდ მარტივია, არის თაღლითობები, რომლებიც ლეგალურ კომპანიებად ოსტატურადაა შენიღბული.

პონცის სქემის გაჩენის ისტორია

ფინანსური პირამიდის დამაარსებლად შეიძლება ჩაითვალოს იტალიელი ჩარლზ პონცი, რომელიც 1903 წელს აშშ-ის ქალაქ ბოსტონში ემიგრაციაში წავიდა. 1919 წელს მან ნაცნობისგან ფული ისესხა და შექმნა ორგანიზაცია "The Securities and Exchange Company", რომელიც, ვითომ, საერთაშორისო საფოსტო კუპონებს საარბიტრაჟო გარიგებების მეშვეობით ყიდდა.

ბედის ირონიით, ეს კუპონები ფასიანი ქაღალდებიც კი არ იყო: მათი გაცვლა მხოლოდ საფოსტო მარკებზე იყო შესაძლებელი და ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ ადამიანები კომპანიაში ინვესტიციებს დიდი სიამოვნებით დებდნენ, რადგან პონცი გასცემდა თამასუქებს, რომლებიც იძლეოდა გარანტიას, რომ ყოველ  ინვესტირებულ $1000-ზე 3 თვეში ისინი $1 500-ს მიიღებდნენ. ასეთი ბიზნესის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, თაღლითი დღეში 200 ათას დოლარს იღებდა.
ჩარლზ პონცი. წყარო — Bettmann Archive

ჩარლზ პონცი. წყარო — Bettmann Archive

სქემა ჩამოიშალა, როდესაც გამოცემა The Post Magazine-ის ჟურნალისტებმა პონცის საქმე გამოიძიეს. მათ დაადგინეს, რომ კომპანიის ინვესტიციის დასაფარად, ბაზარზე მიმოქცევაში 100 მილიონზე მეტი კუპონი უნდა ყოფილიყო მაშინ, როდესაც ასეთი სულ დაახლოებით 27 000 იყო. როდესაც კომპანიის შესწავლას გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებიც შეუერთდნენ, საბოლოოდ დადასტურდა, რომ ორგანიზაცია კუპონების არანაირი არბიტრაჟით არც ყოფილა დაკავებული, არამედ უბრალოდ ახდენდა 
თამასუქით ნაკისრი ვალდებულებების გადახდებს ახალი ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ხარჯზე.

1920 წლის აგვისტოში პონცის დაკავებისას გაირკვა, რომ მის ანგარიშებზე 4 მილიონი დოლარი ინახებოდა, ამასთან ვალი კი 7 მილიონ დოლარს შეადგენდა. კომპანია "The Securities and Exchange Company" გაკოტრებულად გამოცხადდა, ჩარლზი კი 5 წლით ჩასვეს. პატიმრობის შემდეგ მან თაღლითობა განაგრძო.

რით განსხვავდება პონცის სქემა პირამიდული სქემისგან?

პონცის სქემა (ფინანსური პირამიდა) ხშირად ერევათ პირამიდულ სქემაში. არა მხოლოდ ფენომენების მსგავსი სახელებისა და არსის  გამო, არამედ იმიტომაც, რომ პრაქტიკაში თაღლითების მიერ მათი ერთდროული გამოყენებაც გვხვდება. თუმცა, ეს ორი განსხვავებული ტერმინია.

პირამიდული სქემა ითვალისწინებს იმას, რომ თქვენ პროექტში მონაწილეობისთვის საფასური უნდა გადაიხადოთ და დამატებითი შემოსავლის მისაღებად, ახალი მონაწილე მოიწვიოთ. რაც უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავთ თაღლითობაში გასაწევრიანებლად, მით მეტ ფულს მიიღებთ. მონაწილეთა რიცხვის ზრდასთან ერთად, სქემა უფრო მერყევი და არამდგრადი ხდება.

ეს განპირობებულია ექსპონენციური ზრდით, რაც გულისხმობს, რომ პირამიდული სქემა განუსაზღვრელი ვადით უნდა გაფართოვდეს, რათა ყველამ ფული მუდმივად მიიღოს. მაგრამ ვინაიდან ეს შეუძლებელია, რაღაც მომენტში ის იშლება და ისინი,  ვინც ბოლოს შემოემატნენ, ზარალში რჩებიან, ხოლო ისინი, ვინ ზევით იყვნენ, მდიდრდებიან.

პირამიდული სქემის ინფოგრაფიკა. წყარო - Encrypted

პონცის სქემას მოგების მიზნით ახალი ადამიანების მოზიდვის ელემენტი აკლია. მომხმარებლები ნებაყოფლობით ავრცელებენ ნაცნობებში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინვესტიციებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იპოვეს. ფინანსურ პირამიდებს, როგორც წესი, ჰყავს ერთგვარი ოფიციალური პირი, რომელიც ადამიანების ემოციებით მანიპულირებს და მათ ინვესტიციების უსაფრთხოებასა და მომგებიანობაში არწმუნებს.

ფინანსურ პირამიდებში საჭიროა მხოლოდ დეპოზიტის შევსება, რათა, ცოტა მოგვიანებით, რამდენჯერმე მეტი მიიღოთ. თუმცა, შემდეგ მომხმარებლებს ყველანაირად არწმუნებენ, რომ მათ ფული არ გაიტანონ, რისთვისაც რეინვესტირების სარგებელს საკმაოდ ხატოვნად უხსნიან.