ვინ არიან კრიპტოინფლუენსერები

icon FOR
ფოტო - ვინ არიან კრიპტოინფლუენსერები
დამწყები ინვესტორები და ტრეიდერები, რომლებიც ციფრული აქტივების სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ, ეძებენ ინფორმაციას ახალი ინდუსტრიის შესახებ. ისინი სწავლობენ, წიგნებს კითხულობენ, ვიდეოებს უყურებენ და კრიპტოვალუტური ინდუსტრიის ცნობილი ექსპერტების არხებს იწერენ.
კრიპტოვალუტური დარგის ექსპერტები შეიძლება საქმიანობის სხვა სფეროებშიც იყვნენ პოპულარულები. ესენი არიან ავტორიტეტული საინვესტიციო ბანკირები, IT კომპანიების მფლობელები, ცნობილი სახეები შოუბიზნესის სამყაროდან და, რა თქმა უნდა, ტრეიდერები, რომლებსაც საფონდო ვაჭრობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
 
თუმცა, მათ არ შეიძლება ვუწოდოთ კრიპტოინფლუენსერები, რადგან ამ ცნებას ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მაშ, ვინ არიან ისინი?
 
კრიპტოინფლუენსერები ცნობილი და გავლენიანი ადამიანები არიან, რომელთა აზრს ითვალისწინებს გამომწერების, ფანებისა და მიმდევრების დიდი აუდიტორია. ეს არის მილიონობით, ან სულაც ათობით მილიონი ადამიანი! ამ ადამიანებს რამდენიმესიტყვიანი ტვიტითაც კი შეუძლიათ, ხელშესახები გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და სოციალური ქსელებისა და ვირუსული მარკეტინგის მეშვეობით, FOMO-სა, ან FUD-ის პროვოცირებისა და გავრცელების გზით კრიპტოაქტივების ღირებულების ცვლილებაც კი გამოიწვიონ. 
 
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიპტოინფლუენსერები არიან აზრის ლიდერები, რომლებიც ადამიანების დიდი რაოდენობის ყურადღებას იპყრობენ და თავიანთი თაყვანისმცემლების აზროვნებასა და ქმედებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.
 
როგორც წესი, ისინი იყენებენ სხვადასხვა სოციალური მედიის ანგარიშებს, როგორიცაა Twitter, Youtube, Facebook, Instagram და ა.შ., რათა, პერსონიფიცირებული კონტენტის გავრცელების მიზნით, თავიანთი პიროვნების გარშემო რაც შეიძლება დიდი აუდიტორია შემოიკრიბონ.

რა არის კრიპტოინფლუენსერების მიზანი?

მიზნები შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგიერთი კრიპტოინფლუენსერი crypto mass adoption-ის დაჩქარებას ცდილობს, ამ მიზნით ბლოკჩეინ ევანგელისტის  როლს ასრულებს და ციფრული აქტივების სამყაროში ახალ "მრევლს" იზიდავს.  სხვები ცდილობენ, ასწავლონ და გადასცენ ცოდნა, ასრულებენ მენტორისა და მასწავლებლის გარკვეულ სოციალურ მისიას. მესამეები კი, ტკბებიან ყურადღებითა და პოპულარობით და იყენებენ მას საკუთარი სარგებლისთვის, რისთვისაც აუდიტორიითა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ. დიახ, ცნობილი ადამიანებიც სცოდავენ და აქვთ მცირე სისუსტეები. ზოგჯერ კი, დიდიც.

ღირს თუ არა კრიპტოინფლუენსერების მოსმენა?

მოვუსმინოთ თუ არა ცნობილ ადამიანს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის კონტენტს აგენერირებს ის და რას დებს თავის გზავნილებში მკითხველებისადმი.
 
თუ ეს არის ცნობილი ანალიტიკოსი და გამოცდილი ტრეიდერი, როგორიცაა Willy Woo, რომელიც თავის საინვესტიციო იდეებსა და აქციების პროგნოზებს უფასოდ აზიარებს (რომლებიც, სხვათა შორის, რეგულარულად მართლდება), ან ბიტკოინ ევანგელისტი მაიკლ სეილორი, ასეთი კრიპტოინფლუენსერების რჩევის გათვალისწინება ნამდვილად ღირს.
 
თუმცა, თუ ისეთ ცნობილ მანიპულატორებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა ილონ მასკი, ან SEC-ის ხელმძღვანელი, გარი გენსლერი, უნდა ველოდოთ პრობლემებს. პირველი პერიოდულად აგენერირებს  FOMO-ს მის რამდენიმე საყვარელ კრიპტოვალუტასთან მიმართებაში, რომელთა შორის ფავორიტი Dogecoin-ია, რითაც რეალურად Pump & Dump სქემების პროვოცირებას ახდენს. მეორე არის მგზნებარე კრიპტოანტაგონისტი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს FUD-ს და ახალ შეტევებს კრიპტოინდუსტრიაზე. კარგია, რომ მას, სხვებთან შედარებით, ასეთი დიდი აუდიტორია არ ჰყავს, ამიტომ მისი გავლენაც მინიმალურია.

რომელ პლატფორმებს იყენებენ კრიპტოინფლუენსერები?

Facebook სტაბილურად კარგავს თავის ძალასა და გულშემატკივრებს მარკ ცუკერბერგის კუთვნილი კომპანია Meta-ს მოდერატორთა გუნდის მხრიდან ნამეტანი მკაცრი ცენზურის გამო. LinkedIn ორიენტირებულია კორპორაციულ სექტორზე და ძალიან მოსაწყენ საუბრებზე გამოგონილ "კორპორაციულ ღირებულებებსა“ და საოფისე მონობის უპირატესობებზე – იქ დიდ აუდიტორიას ვერ მოაგროვებთ. TikTok ძალიან ახალგაზრდა აუდიტორიას იზიდავს, ხოლო Instagram აქცენტს აკეთებს კონტენტის გადმოცემაზე, რომელიც ტექსტით დატვირთული არ არის. ამიტომ კრიპტოინფლუენსერები Twitter-სა და Youtube-ს ამჯობინებენ.
 
ბევრ ცნობილ ადამიანს Twitter თავისი უნივერსალურობისა და ლაკონიურობის გამო მოსწონს. გრაფიკი, ან სურათი, რომელსაც თან ახლავს შინაარსიანი (ან არცთუ) ტექსტი, სწორედ ის ფორმატია, რომელიც დიდ დროს არ მოითხოვს და აუდიტორიას მნიშვნელოვან ინფორმაციას სრულად გადასცემს.
 
ვიდეოკონტენტი ემოციურად მიმზიდველია და ფართო მასებზეა გათვლილი. რადგან Youtube ინტერნეტში ყველაზე ცნობილი ვირუსული ვიდეოჰოსტინგია, გარკვეული კრიპტოინფლუენსერები ფსონს სწორედ ამ სოციალურ ქსელზე დებენ და ქმნიან საინტერესო კონტენტს როგორც დამწყებთათვის, ასევე კრიპტოვალუტის დარგის ექსპერტებისთვისაც.
 
Reddit-სა და სპეციალიზებულ ბლოგებს, როგორიცაა BitcoinTalk, იყენებენ კრიპტოინფლუენსერები, რომელთა აუდიტორიას ტექნიკოსები და გიკები წარმოადგენენ. ისინი აქვეყნებენ მასალებს ბლოკჩეინის შესახებ ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაციით, მაგრამ ტექნიკური განხრით.

ცნობილი კრიპტოინფლუენსერები Twitter-სა და Youtube-ზე

ინფლუენსერის ანგარიშები Twitter-ზე:

Elon Mask (Founder SpaceX, CEO Tesla) — @elonmusk (თითქმის 136 მლნ გამომწერი);
CZ (CEO Binance) — @cz_binance (8,3 მლნ გამომწერი);
H.E. Justin Sun 孙宇晨 (CEO Huobi) — @justinsuntron (3,4 მლნ გამომწერი);
Michael Saylor (Co-founder MicroStrategy) — @saylor (2,9 მლნ გამომწერი);
Willy Woo (ცნობილი კრიპტოანალიტიკოსი) — @woonomic (1 მლნ გამომწერი).
 
კრიპტოინფლუენსერების ცნობილი არხები YouTube-ში:
 
Mike Jenkins (არხი Coin Bureau) — 2,24 მლნ გამომწერი;
Ben Armstrong (არხი BitBoy Crypto) — 1,46 მლნ გამომწერი;
ძმები Aaron & Austin Arnold (არხი Altcoin Daily) — 1,3 მლნ გამომწერი;
Brian Jung — 1,29 მლნ გამომწერი.